ბრძანება N 142

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.01.2025
№ დოკუმენტი 142
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№142

15 იანვარი 2025

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

(მის.: „-------“)

2024 წლის 26 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს „--------- -ს “ (ს/ნ "------") 2024 წლის 26 დეკემბრის №93493/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ნოემბრის №006-489 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ დარიცხვაში რჩება დღგ-ს ნაწილში 23 566 ლარი და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 40 043 ლარი. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტისგან ითხოვეს ამ თანხების გაშიფვრა, მაგრამ მიიღეს მხოლოდ ზეპირი განმარტება, რომ ხახვთან დაკავშირებით ყველანაირი დარიცხვა მოხსნილია, ხოლო შემოწმებით განსაზღვრული (დარჩენილი) საგადასახადო ვალდებულებები წარმოშობილია ხახვის ცარიელი ტომრების დანაკლისიდან გამომდინარე. მომჩივანი აღნიშნულს არ ეთანხმება რადგან, მიიჩნევს, რომ თუ ცარიელი ტომრების დანაკლისზე დარიცხვა ხორციელდება ჩატარებული შემოწმების ფარგლებში, მაშინ მისი რეალიზებულად აღიარება და შესაბამისი დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეზე 2022 წლის დეკემბრის თვეში. აქტში და აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების დანართში 2022 წელში დღგ-ს დარიცხვა განხორციელებულია თებერვლის და მარტის თვეებზე. შემდგომ თვეებში, დეკემბრის ჩათვლით, დღგ-ს დარიცხვა არ ხდება. მომჩივანი მიუთითებს, რომ უცნობია რა პრინციპის მიხედვით გაანაწილა შემმოწმებელმა დღგ-ს თანხები თვეების მიხედვით. გამოდის, რომ ტომრებთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-დან (23 566 ლარი) 11 700 ლარზე მეტი დარიცხულია 2021 წლის პირველი ნახევრის თვეებზე. თვლის, რომ შესაბამისი რაოდენობის ტომრების ამ პერიოდში რეალიზებულად აღიარება შეუძლებელია, ვინაიდან შემდგომ პერიოდში ბუღალტრულად აღრიცხული ფაქტობრივი მოხმარებარეალიზაციისათვის შეიქმნება დეფიციტი. გადამხდელი აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დღგ-ს ნაწილში მთლიანი დარიცხვა შეიძლება მოაზრებული იქნეს, როგორც მხოლოდ ხახვის თესვა-მოყვანის ნორმებთან დაკავშირებული დარიცხვა. მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ტომრებთან დაკავშირებით დარიცხვა იქნება მომჩივნისთვის საგადასახადო ვალდებულების დამძიმება.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23135 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------- -ს “ (ს/ნ „-------“ ) საჩივრები, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „ „-------“ -ს“ (ს/ნ „-------“ ) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სარგავი მასალის ნორმების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ახსნა-განმარტება) და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23135 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 18 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 229 256 ლარით, მათ შორის, გადასახადი 152 837 ლარით და ჯარიმა 76 419 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 26 ნოემბრის №006-489 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე სარგავი მასალის ნორმების და მოსავლიანობის განსაზღვრისას შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ახსნა-განმარტება), რომლის მიხედვით, ხახვის დარგვა/მოყვანის პროცესში საწარმო ხელმძღვანელობდა მათი ხახვის მომწოდებლის (ყაზახური კომპანია) მიერ განსაზღვრული (მოწოდებული) ნორმატიული აქტებით/ნორმებით. კერძოდ, მომჩივანი მიუთითებს, რომ 14/17– 17/21 ფრაქციის (ზომის) ხახვის თესვის ნორმაა საშუალოდ 3 700 – 4 000კგ. ხოლო მოსავალი 1 ჰექტარზე შეადგენს 8-9 ტონას, მაქსიმალური მოსავლიანობა 13-18 ტონას 1 ჰექტარზე. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით აუდიტის დეპარტამენტმა, შემოსავლების სამსახურის ბრძანების გათვალისწინებით, სარგავი მასალის ნორმების და მოსავლიანობის განსაზღვრისას იხელმძღვანელა საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით და ზემოაღნიშნულის შესაბამისად, განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.

რაც შეეხება ხახვის ცარიელი ტომრების დანაკლისს და აღნიშნულის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ -ს “ (ს/ნ „-------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი ქ. №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიუთითებს, რომ უცნობია რა პრინციპის მიხედვით გაანაწილა შემმოწმებელმა დღგ-ს თანხები თვეების მიხედვით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23135 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 18 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 229 256 ლარით, მათ შორის, გადასახადი 152 837 ლარით და ჯარიმა 76 419 ლარით. აღნიშნულზე, გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 26 ნოემბრის №006-489 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).