გადაწყვეტილება №26074/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 25.11.2025
№ დოკუმენტი 26074/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№26074/2/2025

25 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,14.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 24.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26074/2/2025).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი სალაროში არსებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №006-213 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.08.2025 წლის №17453 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 368 725.82 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 862 434.95

დღგ - 327 037.35

საშემოსავლო გადასახადი - 535 397.6

ჯარიმა - 428 510.4

საურავი - 77 780.47

 

პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2024 წლიდან 1.03.2025 წლამდე, ხოლო სმფ-ების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 17.03.2025 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 1.07.2025 წლის №14409 ბრძანება და №006-213 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.08.2025 წლის №17453 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 4.08.2025 წლის №17453 ბრძანება და აღნიშნული ბრძანების აღსრულების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული 23.09.2025 წლის №006-362 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს აპარატის 27.10.2025 წლის №------- წერილით, საჩივარი, 23.09.2025 წლის №006-362 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ გაეგზავნა შემოსავლების სამსახურს, რაზეც ეცნობა მომჩივანს საბჭოს აპარატის 28.10.2025 წლის №------- წერილით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 28.10.2025 წლის №------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის 4.08.2025 წლის №17453 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 4.08.2025 წელს, გასაჩივრების ბოლო ვადა (არასამუშაო დღის გათვალისწინებით) იყო 2025 წლის 25 აგვისტო. დავების განხილვის საბჭოში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2025 წლის 24 ოქტომბერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია არგუმენტები/მტკიცებულებები გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენდა კერამიკისა და მინის ჭურჭლის, ასევე წვრილი ელექტრო ტექნიკის იმპორტი და საცალო რეალიზაცია. გადამხდელი იმპორტს ახორციელებდა უცხოეთიდან,ხოლო რეალიზაციას ბაზრობის ტერიტორიაზე.სსკ-ის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2.შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დებიტორ-კრედიტორული დავალიანების, საბანკო ამონაწერების, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების და არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით, დადგინდა სალაროში ფულის ნაშთის ოდენობა, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დადასტურდა.სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ ჩათვლილ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

301(ე).