გადაწყვეტილება №19216/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19216/2/2023
5.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ 26.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19216/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №005-186 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 თებერვლის №3741 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 30 184 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 15 374
დღგ - 13 712
საშემოსავლო გადასახადი - 1 662
ჯარიმა - 12 914
საურავი - 1 896
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საინჟინრო მომსახურება და მასთან დაკავშირებული ტექნიკური კონსულტირება.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №41152 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 17 მაისიდან 2022 წლის 20 აპრილამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებით, გაფორმებული ხელშეკრულებებითა და სხვა დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საწარმო ახორციელებს წყლის ჭებისა და ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოებს, იჯარით აღებული ტექნიკის გაქირავებას, მასალის მიწოდებას და სხვა სახის მომსახურებებს. მომსახურებას ახორციელებს როგორც სახელმწიფო ტენდერების, ასევე კერძო დაკვეთების ფარგლებში. მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზით ირკვევა, რომ რიგ შემთხვევებში კომპანიას გაწეული მომსახურების შესაბამისად (რაც დასტურდება გამოწერილი ელ. ანგარიშ-ფაქტურებით, ასევე 2021 წლის 10 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, რომელზეც არ არის გამოწერილი ელ. ანგარიშ-ფაქტურა) არ აქვს განხორცილებული საგადასახადო დეკლარირება. გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა დღგით დასაბეგრი ბრუნვა პერიოდების შესაბამისად. მომჩივანს დამატებით დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №32028 ბრძანება და №005-186 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 30 184 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 17 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 28 თებერვლის №3741 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე და 43-ე მუხლებზე.
დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს საინჟინრო საქმიანობები და მათთან დაკავშირებული ტექნიკური კონსულტირება. გადამხდელს რიგ შემთხვევაში გაწეული აქვს მომსახურება, თუმცა მის მიერ საგადასახადო ვალდებულების სრულად შესრულება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოწმების მიერ შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებების (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და 2021 წლის 10 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი) საფუძველზე დაკორექტირდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2021 წლის 10 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტთან მიმართებით, შემოწმება დაეყრდნო და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა განხორციელდა სატენდერო დოკუმენტაციის საფუძველზე, კერძოდ, ხელშეკრულებების, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის, საბანკო გადარიცხვის შესახებ არსებული საგადასახადო დავალების შესწავლის საფუძველზე. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია თვითმმართველი ერთეულის „------“-ის მუნიციპალიტეტსა და შპს „------ - ს “ შორის სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტი ხელმოწერილია შპს „----- -ის “ დირექტორის და „------“-ის მუნიციპალიტეტის მერის მიერ. ამასთან, შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ არ მომხდარა დამატებით მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მ.შ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი არგუმენტაციის) შემოწმებისთვის წარდგენა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2021 წლის 10 დეკემბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი საწარმოს მიერ არ გაფორმებულა. შესაბამისად, მომჩივანი არ ეთანხმება აქტით დარიცხულ თანხებს. აღნიშნულ დოკუმენტში მიღება-ჩაბარების აქტის შესახებ სხვა ინფორმაცია არაა მითითებული (მათ შორის, მხარეები).
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 თებერვლის №3741 ბრძანებას და ითხოვს დღგ-ში დარიცხული თანხების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ კომპანიის საქმიანობაა საინჟინრო მომსახურება და მასთან დაკავშირებული ტექნიკური კონსულტირება. გადასახადის გადამხდელს რიგ შემთხვევაში გაწეული აქვს მომსახურება, თუმცა საგადასახადო ვალდებულების სრულად შესრულება არ მომხდარა. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და 2021 წლის 10 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო ორგანოს მიერ საწარმოს საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა განხორციელდა სატენდერო დოკუმენტაციის საფუძველზე. კერძოდ, ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტის, ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის, საბანკო გადარიცხვის შესახებ არსებული საგადასახადო დავალების შესწავლის საფუძველზე. მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია „------“- ის მუნიციპალიტეტსა და შპს „------ - ს “ შორის სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. დოკუმენტი ხელმოწერილია კომპანიის დირექტორის და „------“ - ის მუნიციპალიტეტის მერის მიერ.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით და წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ „------“- ის მუნიციპალიტეტის მიერ საწარმოსთვის გადახდილია თანხა გაწეული მომსახურებისთვის.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი,დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20
კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება აქტით დარიცხულ თანხებს.
ითხოვს დღგ-ში დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიას გაწეული მომსახურების შესაბამისად (რაც დასტურდება გამოწერილი ელ. ანგარიშ-ფაქტურებით, ასევე მიღება-ჩაბარების აქტით, რომელზეც არ არის გამოწერილი ელ. ანგარიშ-ფაქტურა) არ აქვს განხორცილებული საგადასახადო დეკლარირება.
გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა დღგით დასაბეგრი ბრუნვა.
დამატებით დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
158(1),159(1 - „ა“ და „ბ“),163(1,2),164(1)