ბრძანება N 1003
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1003
24/01/2018
შპს -----
(მის: ქ. --------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით
საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 10 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი N1) განიხილა შპს ----- 2017 წლის 22 დეკემბრის საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება 2017 წლის 8 დეკემბრის N006-784 „საგადასახადო მოთხოვნით“ დარიცხულ თანხებს.
საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს ----- არ ეთანხმება განხორციელებულ დარიცხვებს მოგების გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადისა და ქონების გადასახადის ნაწილში და გამოყოფს შემდეგ სადავო საკითხს:
მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანიის დაფუძნებისას მისი კაპიტალი განისაზღვრა 200 ლარის ფულადი შენატანით. 2013 წლის 17 ოქტომბერს კომპანიის 100%-იანი დამფუძნებლის მიერ მოხდა საწესდებო კაპიტალის გაზრდა არაფულადი შენატანით-მიწის სახით, საბაზრო ღირებულებით 5 943 240 ლარი, რაც დადგინდა დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ. სწორედ ამ საბაზრო ფასით იქნა მიწის ღირებულება შეტანილი კომპანიის მიერ სარეალიზაციო ბინების თვითღირებულებაში, ხოლო შემმოწმებლის მიერ სსკ-ს 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ბინების თვითღირებულებაში ჩართული მიწის ღირებულება დაკორექტირდა და გამოყენებულ იქნა მიწის თვითღირებულება/მიწის შესყიდვის ფასი- 3 294 915 ლარი. სსკ- ს 151-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, აქტივების გადაცემა იურიდიული პირისთვის არ განიხილება მიწოდებად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გადაცემა ხორციელდება მასში 50% ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ. მოცემულ შემთხვევაში დამფუძნებელი ფლობდა 100% წილს და მიწის შენატანის განხორციელების შემდგომ კვლავ 100% წილის მფლობელად დარჩა, შესაბამისად, სანაცვლოდ მიღებული წილის ოდენობა ვერ იქნება 50% ან მეტი. დამფუძნებლის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი მიწა კომპანიის მიერ განხილულ იქნა როგორც აქტივის მიწოდება და დაექვემდებარა საბაზრო ფასით დაბეგვრას, რაც დასტურდება ასევე იმ ფაქტით, რომ 2013 წელს დაფუძნებულ კომპანიას აქტივის მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ჩართული აქვს აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი-სხვაობა მიწის საბაზრო ღირებულებასა და მის თვითღირებულებას შორის. შემმოწმებელთა მიერ არ იქნა შემცირებული კომპანიის ერთობლივი შემოსავალი.
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 27 აგვისტოს N22527 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა შპს ----- საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2017 წლის 6 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2017 წლის 8 დეკემბრის N33011 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა N006-784 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 328 504 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 58 257 ლარი, ჯარიმა 210 341 ლარი, ხოლო საურავი 59 906 ლარი.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლზე, რომლის თანახმად:
1. პირის (პირთა) მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემა (დავალიანებით ან მის გარეშე) არ არის აქტივების მიწოდება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმღები მხარისათვის აქტივების ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისათვის მათი ღირებულება გადაცემის მომენტისათვის.
3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გაცვლის შედეგად მიღებული პარტნიორის წილის ღირებულება ტოლია გადაცემული აქტივების ღირებულებისა, გადაცემული (შესაბამისი) დავალიანების გამოკლებით.
სსკ-ის 148-ე მუხლის თანახმად:
1. აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას, გარდა ისეთი ხარჯებისა (დანახარჯებისა), რომელთა პირდაპირ გამოქვითვის უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს, ხოლო აქტივების უსასყიდლოდ მიღებისას – ამ აქტივების საბაზრო ფასი.
2. აქტივების მხოლოდ ნაწილის მიწოდების ან გადაცემის შემთხვევაში აქტივების ღირებულება მიწოდების ან გადაცემის მომენტში ნაწილდება დარჩენილ და მიწოდებულ ან გადაცემულ ნაწილებს შორის.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო აღნიშნავს, რომ დამფუნებლის (100%-იანი წილის მფლობელი) მიერ 2013 წელს მიწა შეტანილია შპს ----- საწესდებო კაპიტალში, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ შეფასებული საბაზრო ღირებულებით 5 943 240 ლარად, ხოლო დამფუძნებელს აღნიშნული მიწა შესყიდული აქვს 3 294 915 ლარად. საბჭო აღნიშნავს, რომ შპს ----- ითხოვს სარეალიზაციო კორპუსის თვითღირებულებაში გათვალისწინებული იქნას საწესდებო კაპიტალში შეტანილი მიწის საბაზრო ღირებულება 5 943 240 ლარის ოდენობით და განხორციელდეს შესაბამისი კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 151-ე მუხლში აღნიშნულია: პირის მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემისას მიმღები მხარისათვის აქტივების ღირებულება იგივე უნდა იყოს, რაც მიმწოდებელი მხარისათვის მათი ღირებულება გადაცემის მომენტისათვის. საბჭო განმარტავს, რომ სარეალიზაციო კორპუსის თვითღირებულებაში გათვალისწინებულია მიწის ხარჯი, დამფუძნებლის მიერ აღნიშნული მიწის შესყიდვის ღირებულებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა, ხოლო საჩივარი სადავო საკთხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი, რის გამოც საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს 2017 წლის 22 დეკემბრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N6, მე-12 კილომეტრი), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.