ბრძანება N 15269

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.06.2023
№ დოკუმენტი 15269
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 15269

29.06.2023

შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------" )

(ფაქტ. მის.:"-------" )

2023 წლის 17 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის პირველი ივნისის სხდომაზე (ოქმი №59) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ "-------" ) 2023 წლის 17 იანვრის №18671/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №021-132 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება საწარმოს დამფუძნებლებზე კაპიტალში ფულადი შენატანის სანაცვლოდ გადაცემული კომერციული და საცხოვრებელი ფართების საბაზრო ფასსა და გარიგების ფასს შორის სხვაობის დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ კომპანია საქმიანობის განსახორციელებლად სარგებლობდა საბანკო კრედიტით. 2020 წელს პანდემიის გამო ფართების რეალიზაცია ძალიან შეფერხდა. ამის ფონზე 2020 წლის ბოლოს იწურებოდა საბანკო კრედიტზე საშეღავათო პერიოდი და ყოველთვიური სრული გადასახადის გადახდას ვერ ახერხებდა. საწარმოს პარტნიორები არიან ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეები და ყაზახურმა ბანკმა შესთავაზა კრედიტი ხელსაყრელი პირობებით (ქონების დატვირთვის პირობით). ამის გამო, მოხდა კაპიტალის გატანა კომპანიიდან ქონების სახით შემდგომში იპოთეკით დატვირთვის მიზნით. სესხის თანხა ისევ კომპანიას მოხმარდა. იმის დასადასტურებლად, რომ ეს ოპერაცია არ განხორციელებულა გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით მეტყველებს ის ფაქტიც, რომ გატანის შემდგომ ეტაპობრივად ხდება ქონების რეალიზაცია. პარტნიორები დარეგისტრირდნენ ინდივიდუალურ მეწარმეებად და იხდიან ყველა დარიცხულ გადასახადს ყოველგვარი ჩათვლის სარგებლობის გარეშე. ამდენად, საწარმოს მიერ გადასახდელ გადასახადს ახლა იხდიან პარტნიორები, როგორც ინდივიდუალური მეწარმეები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს მიეცეთ უფლება აღნიშნულ ქონებაზე ეტაპობრივად, რეალიზაციის შესაბამისად იხადონ ყველა გადასახადი როგორც ინდივიდუალურმა მეწარმეებმა, ან თუ ამ გადასახადებს გადაიხდის საწარმო, მაშინ ინდივიდუალურ მეწარმეებს მიეცეთ ჩათვლები და მოხდეს მათი გადასახადების გადაანგარიშება.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 ივლისის №17742 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 12 თებერვლიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 23 დეკემბრის №32624 ბრძანება და ამავე თარიღის №021–132 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 696 435 ლარი, მათ შორის გადასახადი 933 508 ლარი, ჯარიმა 479 699 ლარი და საურავი 283 228 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

საგადასახადო შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზების შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შპს „------ - ის “ დამფუძნებლებზე, კაპიტალში ფულადი შენატანის სანაცვლოდ გადაცემული ჰქონდა როგორც კომერციული, ასევე, საცხოვრებელი ფართები, რომელთა გარიგების ფასი განსხვავდებოდა საბაზრო ფასისგან. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის დადგენილი სხვაობა ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ამასთან, საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ უძრავი ქონების მიწოდებები გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დაბეგრილი დღგ-ით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს: ა.ა) გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის „რ.ა.“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება: გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ შპს „----- -ის “ დამფუძნებლებზე, კაპიტალში ფულადი შენატანის სანაცვლოდ გადაცემული ჰქონდა როგორც კომერციული, ასევე, საცხოვრებელი ფართები, რომელთა გარიგების ფასი განსხვავდებოდა საბაზრო ფასისგან. ამასთან, გადამხდელს აღნიშნული მიწოდებები არ ჰქონდა დაბეგრილი დღგ-ით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებულ უძრავ ქონებებთან მიმართებით საგადასახადო შემოწმების მიერ საბაზრო ფასის განსაზღვრა განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---- - ის “ (ს/ნ „-------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება საწარმოს დამფუძნებლებზე კაპიტალში ფულადი შენატანის სანაცვლოდ გადაცემული კომერციული და საცხოვრებელი ფართების საბაზრო ფასსა და გარიგების ფასს შორის სხვაობის დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

მომჩივანი ითხოვს მიეცეთ უფლება აღნიშნულ ქონებაზე ეტაპობრივად, რეალიზაციის შესაბამისად იხადონ ყველა გადასახადი როგორც ინდივიდუალურმა მეწარმეებმა, ან თუ ამ გადასახადებს გადაიხდის საწარმო, ინდივიდუალურ მეწარმეებს მიეცეთ ჩათვლები და მოხდეს მათი გადასახადების გადაანგარიშება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს-ის დამფუძნებლებზე, კაპიტალში ფულადი შენატანის სანაცვლოდ გადაცემული ჰქონდა როგორც კომერციული, ასევე, საცხოვრებელი ფართები, რომელთა გარიგების ფასი განსხვავდებოდა საბაზრო ფასისგან. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის დადგენილი სხვაობა ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ამასთან, საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ უძრავი ქონების მიწოდებები გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დაბეგრილი დღგ-ით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

18,97,981,159,163,160,164