გადაწყვეტილება №26328/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26328/2/2025
03 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,29.01.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 16.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26328/2/2025).
დავის საგანი:
საურავის დაკისრება და დაკისრებული საურავისგან გათავისუფლება სსკ-ის 269-ე მუხლის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25905 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
საურავი - 240 000 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიამ 9.09.2025 წელს წარადგინა 2023 წლის დეკემბრის თვის მოგების გადასახადის დეკლარაცია, სადაც მოახდინა მოგების მარჟის შესწორება საბაზრო დიაპაზონში და გადაიხადა გადასახადი 850 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული დეკლარაციის დაზუსტებამ გამოიწვია შესაბამისი საურავის დარიცხვა.
პირადი აღრიცხვის ბარათზე საურავის დარიცხვის მართლზომიერება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.11.2025 წლის №25905 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 23.12.2025 წლის №------ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25905 ბრძანებას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 25.11.2025 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 15.12.2025 წელი, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 16.12.2025 წელს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
მომჩივანის წარმომადგენელმა, 17.12.2025 წელს, სატელეფონო საუბრისას განმარტა, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, არგუმენტს წარმოადგენს წერილობით, ხარვეზის გამოსწორებასთან ერთად. ხარვეზის გამოსწორების მიზნით 26.12.2025 წელს წარმოდგენილ საჩივარში მითითებულია, რომ კომპანიის გარკვეული შიდა პროცედურებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე წვდომა და აუცილებელი შეტყობინების გაცნობის ფუნქცია აქვს სხვადასხვა მინდობილ პირს, სადავო ბრძანების გაცნობა მოხდა 16.12.2025 წელს, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ და ბრძანების გასაჩივრებს ვადა 1 კალენდარული დღით გადასცდა ბრძანების გასაჩივრებისთვის დადგენილ ვადას. ითხოვს მოხდეს საჩივრის განხილვა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომა მხოლოდ გადასახადის გადამხდელის კანონიერ/უფლებამოსილ წარმომადგენელს აქვს, ხოლო თუ მან ეს უფლება სხვა პირებს მიანდო, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგების რისკის მატარებელი მხოლოდ გადასახადის გადამხდელია. მომჩივანი ვერ ადასტურებს, რომ საჩივრის წარდგენის ვადის განმავლობაში არსებობდა რაიმე საპატიო მიზეზი, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანი არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას, რაც დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი გახდებოდა, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საურავის დაკისრება და დაკისრებული საურავისგან გათავისუფლება სსკ-ის 269-ე მუხლის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიამ 9.09.2025 წელს წარადგინა 2023 წლის დეკემბრის თვის მოგების გადასახადის დეკლარაცია, სადაც მოახდინა მოგების მარჟის შესწორება საბაზრო დიაპაზონში და გადაიხადა გადასახადი 850 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული დეკლარაციის დაზუსტებამ გამოიწვია შესაბამისი საურავის დარიცხვა. პირადი აღრიცხვის ბარათზე საურავის დარიცხვის მართლზომიერება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლიც ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301(ე).