გადაწყვეტილება №17923/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17923/2/2022
15.12.2022
მომჩივანი: "--------" (პ/ნ --------- )
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება მერაბ ქათამაძის 4.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17923/2/2022).
დავის საგანი:
ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 9.08.2022 წლის №EL179013 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 25.08.2022 წლის №22231 ბრძანება.
შეფარდებული სანქცია:
ჯარიმა - 1000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა
9.08.2022 წელს ს.გ.პ „---------“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან, მგზავრებისთვის განკუთვნილ დარბაზში შემოვიდა მომჩივანი. აღნიშნულმა პირმა საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ გადააადგილებდა კვების პროდუქტებს და 200 ღერ („--------“ 180 ღერი და „---------” 20 ღერი) სიგარეტს.
მომჩივანს მიმდინარე წლის 30 ივლისს დაუფიქსირდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის ფაქტი თამბაქოს ნაწარმზე, აღნიშნული დეკლარირებული საქონელი (სიგარეტი 200 ღერი) განცხადების საფუძველზე გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში.
მომჩივნის, ასევე მისი კუთვნილი ბარგის და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, აღმოჩნდა არადეკლარირებული დამალული სიგარეტი – „--------“ 340 ღერი (17 კოლოფი), რომელიც მოთავსებული ჰქონდა კვების პროდუქტებში და ტანსაცმლის ჯიბეებში.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტზე, მომჩივანს 9.08.2022 წლის №EL179013 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა (№69601074769 საქონლის ჩამორთმევის ოქმი).
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.08.2022 წლის №22231 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმის მასალებითა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება მომჩივნის მიერ არადეკლარირებული სიგარეტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტი, რაც წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, რომლისთვისაც საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება მართლზომიერია.
საგულისხმოა ასევე, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე და ამასთან უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის ფაქტი თამბაქოს ნაწარმზე. შესაბამისად, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოქმედი საბაჟო პროცედურები.
ჟო პროცედურები. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
სამართალდარღვევა ჩადენილია პირველად, ასევე ის არის უმუშევარი და არ აქვს არანაირი დამატებითი შემოსავალი, არ გააჩნია გადახდის შესაძლებლობა. ითხოვს აღნიშნული ჯარიმის ჩამოწერას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „ საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო 3 ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
დადგენილია, რომ 9.08.2022 წელს მომჩივანი საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო ორგანოსგან მალულად გადააადგილებდა არადეკლარირებულ სიგარეტს „------“ 340 ღერი (17 კოლოფი), რომელიც მოთავსებული ჰქონდა კვების პროდუქტებში და ტანსაცმლის ჯიბეებში.
საბაჟო დეპარტამენტის 10.11.2022 წლის №--------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, მომჩივანი ხშირად (2022 წლის პირველი იანვრიდან 9 აგვისტომდე პერიოდში 140 გასვლა – შესვლა) გადაადგილდებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, ამასთან უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის ორი ფაქტი (31/03/2022; 30/07/2022) თამბაქოს ნაწარმზე.
საბჭოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს თითოეულ იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მომჩივანი აცნობიერებდა, რომ ახორციელებდა კანონით ნებადაურთველ საქმიანობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი ცდილობდა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. ასევე აღსანიშნავია, რომ მომჩივნის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ. მსგავსი სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენება მართლზომიერად და პროპორციულად უნდა იქნეს მიჩნეული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.