ბრძანება N 6558

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.03.2024
№ დოკუმენტი 6558
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6558

26 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 13 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 მარტის სხდომაზე (ოქმი №32) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2024 წლის 13 მარტის №42108/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 თებერვლის №028-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რომელშიც გადამხდელთან შემოწმების მომენტში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილი საქონლის გამოცხადებული სარეალიზაციო ფასები შეპირისპირებულ იქნა აღნიშნული საქონლის შეძენის დოკუმენტებში მითითებულ ფასებთან და გამოყვანილი იყო შესაბამისი საშუალო შეწონილი ფასნამატი 48.5%-ის ოდენობით, თუმცა შემმოწმებლების მიერ აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული, ძალაში დარჩა მათ მიერ შემოწმების დროს განსაზღვრული დოკუმენტური ფასნამატით გამოყვანილი შედეგები, რომლის დროსაც საშუალო შეწონილი ფასნამატი გაანგარიშებულ იქნა 100%–ის ფარგლებში, ხოლო 82 ჯგუფის საქონელზე გამოყვანილი იყო 100%–ზე მეტი ფასნამატი. მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დოკუმენტური ფასნამატის მეთოდით ფასნამატის გაანგარიშების დროს დაშვებულია გარკვეული უზუსტობა, რამეთუ აღნიშნული რენტაბელობით საწარმო ვერ იმუშავებდა. ითხოვს დავალებულ იქნას აუდიტის დეპარტამენტისთვის ფასნამატი გაანგარიშდეს მიმდინარე კონტროლის ფასნამატის მეთოდით და განხორციელდეს დარიცხული თანხების შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33602 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შესამოწმებელ პერიოდში შემცირებული სასესხო ვალდებულების თანხის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;”

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33602 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 9 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 133 806 ლარი, მათ შორის, გადასახადი 89 204 ლარი, ჯარიმა 44 602 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 16 თებერვლის №028-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელმა წარმოადგინა მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, ამასთან, შემოწმების დროს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად განხორციელდა მხოლოდ სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის დადგენა. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშებული იქნა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებით (შემოწმების დროს გაანგარიშებულ დოკუმენტურ ფასნამატთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ) არ წარმოუდგენია. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების მიხედვით გაანგარიშებული ფასნამატი (საკითხი გავლილია გადამხდელის წარმომადგენელთან, დამატებით წარმოდგენილია მხოლოდ წერილობითი განმარტება, სადაც გადამხდელი კვლავ ითხოვს მიმდინარე კონტროლის ფასნამატის გამოყენებას). ვინაიდან, შემოწმების დროს არსებობდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების სათანადო ინფორმაცია, შემოსავალი გაანგარიშებული იქნა დოკუმენტური ფასნამატით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხა კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, დაკორექტირდა შემოწმების შედეგად შემცირებული სასესხო ვალდებულებების თანხის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილული თანხა, რის შემდგომაც შემცირდა აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე, განხორციელდა შემცირებული სასესხო ვალდებულებების თანხის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ხოლო არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ შემოწმების დროს არსებობდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების სათანადო ინფორმაცია, შემოსავალი გაანგარიშებული იქნა დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინებით, შესაბამისად არ არსებობდა მიმდინარე კონტროლის ფასნამატის გამოყენების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ შემცირდა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს დავალებულ იქნას აუდიტის დეპარტამენტისთვის ფასნამატი გაანგარიშდეს მიმდინარე კონტროლის ფასნამატის მეთოდით და განხორციელდეს დარიცხული თანხების შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშებული იქნა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებით (შემოწმების დროს გაანგარიშებულ დოკუმენტურ ფასნამატთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ) არ წარმოუდგენია. აღნიშნულ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხა კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.დაკორექტირდა შემოწმების შედეგად შემცირებული სასესხო ვალდებულებების თანხის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილული თანხა, რის შემდგომაც შემცირდა აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);304(21)