გადაწყვეტილება № 78518/1/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 78518/1/2023
02.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: : აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“ 25.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №78518/1/2023).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 29.07.2022 წლის №16428/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №046-13 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 369 704 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 180 520
დღგ - 83 696
მოგების გადასახადი - 96 824
ჯარიმა - 90 260
საურავი - 98 924
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2017 წლის 25 იანვრის №1397 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით.
შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 24.06.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 25 იანვრის №1397 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია 2017 წლის 25 იანვრის მდგომარეობით არსებულ ნაშთზე. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 548 671.9 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია 2017 წლის 9 მარტის №730165 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით 2017 წლის მარტის თვეში გამოვლენილი დანაკლისი დაექვემდებარა დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრას. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 2 ივლისის №18034 ბრძანება და 2020 წლის 3 ივლისის №046-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2.03.2021 წლის №5636 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 2021 წლის 17 სექტემბრის №12952/2/2021 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2.03.2021 წლის №5636 ბრძანება და საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 22.03.2022 წლის №7261 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 29.07.2022 წლის №16428/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს მის მიერ საჩივარში დასახელებული არგუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 29.07.2022 წლის №16428/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებები არ შემცირდა. მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №046-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
2017 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციაში არასრულად იქნა დაბეგრილი დანაკლისი. კერძოდ, დეკლარაციით დაბეგრილი ბრუნვა შეადგენს 290 514 ლარს, ხოლო რეალურად რეალიზაცია შეადგენდა 1 694.91 ლარს დღგ-ის გარეშე, ანუ სხვაობა 288 819.1 ლარი (დღგ-ის გარეშე) არის დანაკლისის დაბეგვრა და არასწორად არის შეტანილი დეკლარაციის გრაფაში. ითხოვს გათვალისწინებას. აღნიშნული გარემოება იწვევს დასაბეგრი დღგ-ს შემცირებას 28 8819,1 ლარით, ასევე 2019 წლის აქტის გათვალისწინებით 60 553 ლარი, რაზეც დარიცხულია უკვე დღგ, დანაკლისიდან არ დაბეგრილი რჩება 115 604 ლარი რომლის დღგ-ს თანხა იქნება 20 809 ლარი. ასევე არ ეთანხმება მოგების გადასახადს, რადგან (მიუხედავად იმისა რომ არ ეთანხმები 52% ფასნამატს) დანაკლისი შეადგენს 54 8671,89 ლარს დღგ-ის ჩათვლით და ამ თანხით რეალიზებული 305 905,38 ლარს (დღგ-ის გარეშე) მოგება შეადგენს 159 071 ლარს და ამ თანხის მოგების გადასახადი კი არის 28 071.3 ლარი.
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საბჭოს 29.07.2022 წლის №16428/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მონაწილეობით შეესწავლა მის მიერ საჩივარში დასახელებული არგუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 29.07.2022 წლის №16428/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა 27.12.2022 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით, საბჭოს 29.07.2022 წლის №16428/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნისაგან მოთხოვნილი იქნა 2017 წლის მარტის თვეში დაბეგრილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის საფუძველი, რაც ვერ იქნა წარდგენილი, შედეგად, 24.06.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანი ვერ წარმოადგენს დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ 27.12.2022 დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 29.07.2022 წლის №16428/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.