ბრძანება N 13868
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13868
23 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ს (ს/ნ ----)
(მის:---) 2026 წლის 25 მაისის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი №48) განიხილა ი/მ --- ის (ს/ნ ---) №102569/1/2026 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 15 მაისის №CB1911911 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2026 წლის 21 აპრილს გადამოწმდა სატრანსპორტო საშუალება, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების მოტივით. შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა N--- შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადები და მცირე ბიზნესის ხარჯების აღრიცხვის ჟურნალი. მას შემდეგ, რაც ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ვერსია გამოირიცხა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შერჩევითი ინვენტარიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ 2 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინა ბუღალტრული ნაშთი, შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადები და მცირე ბიზნესის აღრიცხვის ჟურნალი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა მაინც ჩათვალა საქონელი აღურიცხავად და დააკისრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული ნორმის გამოყენება უკანონოდ მიაჩნია, ვინაიდან ჰქონდა გამოწერილი სასაქონლო ზედნადები. გადამხდელი აღნიშნავს, რომ პირველ გაჩერებამდე, ზუსტად იგივე სახის პროდუქცია, ანალოგიური ფორმითა და დოკუმენტაციით (მცირე ბიზნესის ჟურნალი და შიდა გადაზიდვის ზედნადები) ტრანსპორტირებული აქვს 3-ჯერ (18.03.2026 წლის N---, 29.03.2026 წლის N--- და 03.04.2026 წლის N--- სასაქონლო ზედნადებებით). სამივე შემთხვევაში ავტომანქანა გაჩერდა და შემოწმდა როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების, ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას და საქმის წარმოების შეწყვეტას.
ფაქტების აღწერა:
სადავო ოქმითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 6 მაისის №ბ-14996/2026 ბრძანების თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს ოფიცრებმა ჩაატარეს ი/მ ---ის (ს/ნ ---) კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ცალკეულ სახეობათა შერჩევითი ინვენტარიზაცია. ობიექტი მდებარეობს ---ში, სოფელ ---ში. ი/მ --- (ს/ნ ---) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 23 მაისიდან. მისი ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს ხე-ტყის მასალით ვაჭრობა. შერჩევითი ინვენტარიზაცია (ფაქტიური ნაშთების აღწერა) დაიწყო 2026 წლის 6 მაისს და დასრულდა იმავე დღეს. ხოლო მასალების დამუშავება და შედეგების გამოყვანა დამთავრდა 2026 წლის 15 მაისს. საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების თანდასწრებით მოხდა ბრძანებით განსაზღვრული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების ინვენტარიზაცია. აღწერის მონაცემები შეტანილ იქნა შერჩევით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის ოქმში (დანართი №221 ). 2026 წლის 4 მაისს დაინიშნა ექსპერტიზა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №38999-21-12 სამსახურებრივ ბარათში მითითებული, ი/მ ---ს (ს/ნ ---) კუთვნილი სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი, წიწვოვანი ჯიშის ხის საძირეს რაოდენობის, ზომების, სახეობისა (ფიცარი, ძელი, ძელაკი, შავად ნამზადი) და სარეალიზაციო ღირებულების შესახებ.
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2026 წლის 6 მაისის №62949/05/26 დასკვნის თანახმად, მეწარმის საკუთრებაში არსებული, წიწვოვანი ჯიშის არასტანდარტული ხის საძირე 98 ცალის საერთო საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისთვის განისაზღვრა 3980 ლარით დღგ-ის ჩათვლით. კერძოდ:
- პირველი სახის ნაკეთობა (16 ცალი ფიცრისგან შემდგარი) წიწვოვანი ჯიშის არასტანდარტული ხის საძირე არის 78 ცალი საბაზრო ღირებულებით 3120 (78X40) ლარით.
- მეორე სახის ნაკეთობა (17 ცალი ფიცრისგან შემდგარი) წიწვოვანი ჯიშის არასტანდარტული ხის საძირე არის 20 ცალი საბაზრო ღირებულებით 860 (20X43) ლარით.
გადასახადის გადამხდელმა, 2026 წლის 6 მაისის №75828/21 განცხადებით, შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე ბრძანების ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმის (დანართი №224 ) მიხედვით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ ხდება მხარეთა იდენტიფიცირება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში გადამხდელმა ვერ წამოადგინა აღნიშნული ტვირთის მიწოდების ხელშეკრულება და ასევე, მის მიერ ვერ დასაბუთდა, რისთვის გამოიყენება აღნიშნული პარამეტრებით არასტანდარტული ხის საძირე პალეტი.
ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №62949/05/26 დასკვნის თანახმად, პირველი სახის ნაკეთობა (ხის საძირე) შემდგარია/წარმოებულია დახერხილი (ხე-მასალა) ფიცრის გადამუშავებით, რისი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხე-ტყის ელ. ზედნადები) მეწარმეს არ გააჩნია.
ინვენტარიზაციის შედეგად ი/მ ---ს (ს/ნ ---) ფაქტიური აღწერით, 2026 წლის 4 მაისის მდგომარეობით დაუფიქსირდა 3980 ლარის აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები. სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დამთავრების შემდეგ, მეწარმის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებისა და აღწერით არსებული ფაქტობრივი ნაშთების შედარებით გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები. გადასახადის გადამხდელის მხრიდან, სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების შესწავლის შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე, 136-ე მუხლებით და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 311 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ეს სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები ჩაითვალა, როგორც სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო– მატერიალური ფასეულობები. შესაბამისად, 2026 წლის 15 მაისს შედგენილ იქნა №CB1911911 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს დაეკისრა ჯარიმა 1990 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად:
1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმის ირგვლივ არსებული მასალებსა და იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ ხდება მხარეთა იდენტიფიცირება. ამასთან, ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში გადამხდელმა ვერ წამოადგინა აღნიშნული ტვირთის მიწოდების ხელშეკრულება და ასევე, მის მიერ ვერ მოხდა დასაბუთება, რისთვის გამოიყენება აღნიშნული პარამეტრებით არასტანდარტული ხის საძირე პალეტი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პირველი სახის ნაკეთობა (ხის საძირე) შემდგარია/წარმოებულია დახერხილი (ხე-მასალა) ფიცრის გადამუშავებით, რისი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხე-ტყის ელ. ზედნადები) მეწარმეს არ გააჩნია. მცირე ბიზნესის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში აღნიშნული ტვირთის შეყვანით ვერ დასტურდება მისი წარმომავლობა და კანონიერება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს იმგვარ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ----- ის (ს/ნ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას და საქმის წარმოების შეწყვეტას.
ფაქტობრივი გარემოებები
ინვენტარიზაციის შედეგად ფაქტიური აღწერით, 2026 წლის 4 მაისის მდგომარეობით დაუფიქსირდა 3980 ლარის აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები. სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დამთავრების შემდეგ, მეწარმის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებისა და აღწერით არსებული ფაქტობრივი ნაშთების შედარებით გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები. გადასახადის გადამხდელის მხრიდან, სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების შესწავლის შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე, 136-ე მუხლებით და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 311 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ეს სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები ჩაითვალა, როგორც სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო– მატერიალური ფასეულობები. შესაბამისად, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს დაეკისრა ჯარიმა 1990 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (4).