ბრძანება N 3676

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.02.2024
№ დოკუმენტი 3676
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3676

21 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------ის“ (ს/ნ ---------------)

(მის: ---------------------------------)

2024 წლის 16 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ ---------------) №6682/21-14 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №094-102 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. მიუთითებს, ყველა წარდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ საწარმო წარმოადგენს შპს „------ის“ ჩამნაცვლებელს. ითხოვს ლიზინგის ხელშეკრულებაში ჩანაცვლების გამო დისკონტირებული საპროცენტო ხარჯის და უარყოფითი საკურსო სხვაობის, ასევე დეკლარირებისას გამორჩენილი დისკონტირებული საპროცენტო ხარჯის და ლიზინგით მიღებული ქონების ცვეთის თანხის გამოქვითვებში ჩართვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 9 აგვისტოს №27801 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 23 დეკემბრის №094-625 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „--------ის“ (ს/ნ ---------------) 2016 წლის 14 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივარში დასმული სადავო საკითხები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგების მიხედვით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. ამ ბრძანების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 9 აგვისტოს №27801 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 21 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 27 დეკემბრის №094-102 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა მტკიცებულებები/არგუმენტები, რომელთა შეწავლით და ანალიზით ვერ დადგინდა საწარმო წარმოადგენს თუ არა ლიზინგის მიმღებს/ჩამნაცვლებელს შესამოწმებელ პერიოდში, ასევე ეკუთვნის თუ არა 2011-2012 წლების ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის გაზრდა დისკონტირების გზით განსაზღვრული პროცენტის თანხების, უარყოფითი საკურსო სხვაობის და ქონების ცვეთის თანხის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირება და დარჩა უცვლელი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 38-ე ნაწილის თანახმად, ლიზინგი არის, ლიზინგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თუ ლიზინგის საგანი არის ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივი.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 111-ე მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილების თანახმად:

12. ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგით გაცემული თითოეული ძირითადი საშუალება ცალკე ჯგუფად აღირიცხება. მასზე საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება სალიზინგო გადასახდელების დისკონტირებული ღირებულების ოდენობით, რომელიც განისაზღვრება ლიზინგის პირობებისა და ამ ძირითადი საშუალების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის გათვალისწინებით.

13. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების ლიზინგის გამცემისათვის დაბრუნების შემთხვევაში ეს ძირითადი საშუალება რჩება იმავე ჯგუფში და შემდგომ ლიზინგით გაცემამდე მასზე საამორტიზაციო ანარიცხების დარიცხვა ჩერდება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, სალიზინგო ხელშეკრულებაში ჩანაცვლების საფუძველზე კომპანიაზე გადმოსული ლიზინგის დისკონტირებული საპროცენტო ხარჯი უნდა აღიარდეს გამოსაქვით ხარჯად. ხარჯში ასახული უნდა იქნეს სალიზინგო ვალდებულების გადმოსვლის ანგარიშში წარმოშობილი უარყოფითი საკურსო სხვაობა. საგადასახადო ცვეთის გრაფაში გამორჩენილია ლიზინგით მიღებული ქონების საგადასახადო ცვეთა, ხოლო ამ ქონების ანგარიშში კუთვნილი ქონების გადასახადი სრულადაა გადახდილი. კომპანიის მიერ 2011 წლის გამოსაქვით ხარჯში გამორჩენილია ლიზინგის ხელშეკრულების ანგარიშში დარიცხული დისკონტირებული საპროცენტო ხარჯი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. ითხოვს ლიზინგის ხელშეკრულებაში ჩანაცვლების გამო დისკონტირებული საპროცენტო ხარჯის და უარყოფითი საკურსო სხვაობის, ასევე დეკლარირებისას გამორჩენილი დისკონტირებული საპროცენტო ხარჯის და ლიზინგით მიღებული ქონების ცვეთის თანხის გამოქვითვებში ჩართვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №27801 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის №094-625 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

შემოსავლების სამსახურის №27801 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №094-102 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება ,რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა მტკიცებულებები/არგუმენტები, რომელთა შეწავლით და ანალიზით ვერ დადგინდა საწარმო წარმოადგენს თუ არა ლიზინგის მიმღებს/ჩამნაცვლებელს შესამოწმებელ პერიოდში, ასევე ეკუთვნის თუ არა 2011-2012 წლების ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის გაზრდა დისკონტირების გზით განსაზღვრული პროცენტის თანხების, უარყოფითი საკურსო სხვაობის და ქონების ცვეთის თანხის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირება და დარჩა უცვლელი.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8 (38); 105(1.2); 111(12.13);