გადაწყვეტილება №26483/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26483/2/2026
24 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,6.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 20.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26483/2/2026).
დავის საგანი:
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.10.2025 წლის №063-31 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.12.2025 წლის №29014 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 375 983.22 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 259 023.14
დღგ - 87 970.02
საშემოსავლო გადასახადი - 171 053.12
ჯარიმა - 92 857.3
საურავი - 24 102.78
გადასახდელად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი, რომლის გადახდის ვადა მოთხოვნის
გამოცემის თარიღისათვის არ დამდგარა - 24 436.16 ლარი.
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალით და საცალო ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება, 20.11.2023 წლის №28459 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის (გამოვლენილი დანაკლისის თანხის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადისა ან/და მოგების/საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციებში ასახვა) დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.10.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებული შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება პროდუქციის დოკუმენტური შეძენა, თუმცა მათი დოკუმენტური რეალიზაცია არ დგინდება.
გადასახადის გადამხდელთან შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ნოემბრის №28459 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, 2024 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით გამოვლინდა 576 693,4 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისი, რაზეც მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 23 თებერვლის №CB1592908 სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა, დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით - 57 669.34 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის მე-100, 102-ე, 159-ე და 160- ე მუხლის მე-3 ნაწილის და 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.10.2025 წლის №23953 ბრძანება და №063-31 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.12.2025 წლის №29014 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-9 ნაწილით, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით, მე-80 მუხლის პირველი ნაწილით, მე-100 მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით, 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მიუთითა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, და აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მოითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საქმის გარემოებათა შესწავლის შემდეგ მოახდინოს გადასახადების გადაანგარიშება შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული აქტების მიღების დროს აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული გარემოება, რომ ერთმანეთისგან განსხვავდება საქონლის საბაზრო ღირებულება და მისი სარეალიზაციო ღირებულება. აღმოჩენილი დანაკლისის 576 693.4 საქონლის საბაზრო ღირებულება განსხვავდება მისი სარეალიზაციო ღირებულებისგან შემოსავლების სამსახურმა კი სარეალიზაციო ღირებულება (ფასნამატი - საიდანაც გაანგარიშდა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და შესაბამისად საურავი და ჯარიმა) განსაზღვრა არასწორად. ფასნამატი შენობის გადასახურ თუნუქზე 11.19% და სხვა საქონელზე 46.71% არის არასწორი. გადასახადის გამოანგარიშების პროცესში ფასნამატის განსაზღვრა არ შეესაბამება კონკრეტულ ტერიტორიაზე "------"-ს მუნიციპალიტეტში სოფელ "------"-ში მდებარე მსგავსი სავაჭრო ობიექტებზე მსგავსის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფასნამატს. შემოსავლების სამსახური ვალდებული იყო შემოწმების პროცესში ანალოგიებით "------"-ს მუნიციპალიტეტის სოფელი "------"-ს და მიმდებარე სოფლებში არსებული სამეწარმეო სუბიექტების მიერ წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით განსაზღვრული ფასნამატებით, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტები და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე მოახდინოს გადასახადის ხელახალი გადაანგარიშება. ამასთან, შუამდგომლობს საჩივრის ზეპირი განხილვა ჩაინიშნოს და შესაძლებლობა მიეცეს წარმოადგინოს დამატებით არგუმენტები საჩივრის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.
საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 160- ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
დადგენილია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ნოემბრის №28459 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც 2024 წლის 23 თებერვალს გამოვლინდა 576 693,4 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისი. აღნიშნულ დანაკლისზე გადასახადის გადამხდელს შეეფარდა ჯარიმა გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. ხოლო დანაკლისი, აღმოჩენის მომენტში (2024 წლის თებერვალი), ჩაითვალა მიწოდებად და ჩაირთო შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. დანაკლისის თანხით ასევე გაიზარდა მეწარმის ერთობლივი შემოსავალი.
მომჩივანს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის უნდა გაეთვალისწინებინა აღმოჩენილი დანაკლისის საბაზრო ღირებულებასა და მისი სარეალიზაციო ღირებულებას შორის განსხვავება. ფასნამატი, საიდანაც გაანგარიშდა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და შესაბამისად საურავი და ჯარიმა, განისაზღვრა არასწორად. ფასნამატი შენობის გადასახურ თუნუქზე 11.19% და სხვა საქონელზე 46.71% არის არასწორი. გადასახადის გამოანგარიშების პროცესში ფასნამატის განსაზღვრა არ შეესაბამება კონკრეტულ ტერიტორიაზე მდებარე მსგავს სავაჭრო ობიექტებზე მსგავს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფასნამატს.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმებისას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის მიწოდებად ჩათვლა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ოდენობიდან გამომდინარე და მასზე ფასნამატის გავრცელება არ მომხდარა.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტის დამადასტურებელ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც მისი არგუმენტის გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ვალდებული იყო ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი ჩაეთვალა გამოვლენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად და აესახა შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ის დეკლარაციებში, რაც მას არ მოუხდენია, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები საქონლის დანაკლისის მიწოდებად განხილვის შედეგად განსაზღვრულია მართებულად. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მიერ საჩივარში დასახელებული არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საქმის გარემოებათა შესწავლის შემდეგ მოახდინოს გადასახადების გადაანგარიშება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალით და საცალო ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით.
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება პროდუქციის დოკუმენტური შეძენა, თუმცა მათი დოკუმენტური რეალიზაცია არ დგინდება. გამოვლინდა 576 693,4 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისი, რაზეც მომჩივანს საგადასახადო შეეფარდა სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა, დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,სსკ-ის მე-100, 102-ე, 159-ე და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები საქონლის დანაკლისის მიწოდებად განხილვის შედეგად განსაზღვრულია მართებულად. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მიერ საჩივარში დასახელებული არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
159,164,286(9).