გადაწყვეტილება №24913/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24913/2/2025
10 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------14.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24913/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 1.08.2024 წლის №17904 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №081-255 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3341 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 449 452.03 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 242 229
დღგ - 94 874
მოგების გადასახადი - 114 293
საშემოსავლო გადასახადი - 33 062
ჯარიმა - 117 590
საურავი - 89 633.03
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს საცალო და საბითუმო ვაჭრობა ქიმიური პროდუქტებით. აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს -------, ------- მდებარე იჯარით აღებული სავაჭრო ობიექტიდან.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები ხორციელდება გაყიდვის ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით. შედეგად, საქონლის გაყიდვისა და მისი ჩამოწერის ოპერაცია ავტომატურად აისახება პროგრამა FINA-ში. ბუღალტრული აღრიცხვის საწარმოებლად გადამხდელი იყენებს პროგრამა FMG-ს. ბუღალტრული პროგრამების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ პროგრამა FINA-ში რეალიზებული საქონლის ღირებულება აღემატება პროგრამა FMG-ში ასახულსა და შესაბამისად, დეკლარირებულს. ასევე ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს დოკუმენტით (სასაქონლო ზედნადებით) შეძენილი საქონელი FINA-ში სრულად არ აქვს ასახული. შემოწმების შედეგად განხორციელდა აღნიშნული საქონლის დამატება გასაყიდ საქონელზე და რეალიზაცია საწარმოს მიერ დაფიქსირებული საშუალო შეწონილი 22% ფასნამატით, რამაც გაზარდა, როგორც დამატებული ღირებულების, ასევე საშემოსავლო და მოგების გადასახადები დასაბეგრი ბაზა. გადასახადის გადამხდელის მოითხოვა ნამეტი თანხის დივიდენდად განხილვა. ასევე მოითხოვა 2016 წელს დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადზე საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილით სარგებლობა, რის შედეგადაც შემცირდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, მოგების და საშემოსავლო გადასახადები და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის №29051 ბრძანება და №081-289 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.01.2024 წლის №1457 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს შემოწმებით დამატებით რეალიზაციაში ჩართული სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი საქონლის დღგ-ის ჩათვლით ღირებულებაზე ფასნამატის გავრცელების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.01.2024 წლის №1457 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 24.05.2024 წლის №22199/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 1.08.2024 წლის №17904 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საკუთარი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, საცალო რეალიზაციიდან გამიჯნოს დოკუმენტური რეალიზაცია, მ.შ. ბრუნვის პროპორციის მიზნებისთვის, ასევე, რეალიზაციაში დამატებით ჩართულ სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ და ბუღალტრულ პროგრამაში აუსახავ სმფ-ებზე ფასნამატი გაავრცელოს სახეობების მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 1.08.2024 წლის №17904 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2024 წლის 23 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 10 073 ლარით, მათ შორის, გადასახადი 6 591 ლარით და ჯარიმა 3 482 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 25.12.2024 წლის №27289 ბრძანება და 26.12.2024 წლის №081-255 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3341 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით, მიუთითა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე და მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომელთა თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ყველა ცხრილი, დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებული იყო გასაჩივრებულ საკითხთან (მათ შორის ცხრილები, რომლებიც ატვირთულია განსახილველი საჩივრის დანართად) და აღნიშნული მონაცემების შესწავლის შედეგად, დარიცხული თანხები საშემოსავლო, მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადების ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, წარმოდგენილი ცხრილები და ყველა საკითხი, რამაც განაპირობა აღნიშნული გადაანგარიშების შედეგების მიღება, გავლილია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებთან.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანომ საცალო რეალიზაციიდან დოკუმენტური რეალიზაციის გამიჯვნის ნაწილში სრულად არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. დანართი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 1.08.2024 წლის №17904 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საკუთარი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, საცალო რეალიზაციიდან გამიჯნოს დოკუმენტური რეალიზაცია, მ.შ. ბრუნვის პროპორციის მიზნებისთვის, ასევე, რეალიზაციაში დამატებით ჩართულ სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ და ბუღალტრულ პროგრამაში აუსახავ სმფ-ებზე ფასნამატი გაავრცელოს სახეობების მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 1.08.2024 წლის №17904 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2024 წლის 23 დეკემბერს გამოცემული დასკვნისა და წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლილ იქნა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და აღნიშნული მონაცემების შესწავლის შედეგად დარიცხული გადასახადები დაექვემდებარა შემცირებას, სულ 10 073 ლარით, მათ შორის, გადასახადი 6 591 ლარით და ჯარიმა 3 482 ლარით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე და მომჩივნის არგუმენტზე, რომ საგადასახადო ორგანომ საცალო რეალიზაციიდან დოკუმენტური რეალიზაციის გამიჯვნის ნაწილში სრულად არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა არ განმარტავს, კონკრეტულად რომელი მტკიცებულება უნდა გაეთვალისწინებინა საგადასახადო ორგანოს და რატომ. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის აღნიშნული არგუმენტი ზოგადი და დაუსაბუთებელია.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 1.08.2024 წლის №17904 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 1.08.2024 წლის №17904 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს საცალო და საბითუმო ვაჭრობა ქიმიური პროდუქტებით. შემოწმებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს დოკუმენტით (სასაქონლო ზედნადებით) შეძენილი საქონელი FINA-ში სრულად არ აქვს ასახული. შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნული საქონლის დამატება გასაყიდ საქონელზე და რეალიზაცია საწარმოს მიერ დაფიქსირებული საშუალო შეწონილი 22% ფასნამატით. ხსენებულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა გავლენა იქონია (გაიზარდა), როგორც დამატებული ღირებულების, ასევე საშემოსავლო და მოგების გადასახადებზე, ვინაიდან, გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება აღნიშნული თანხის დივიდენდად განხილვის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურის 1.08.2024 წლის №17904 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2024 წლის 23 დეკემბერს გამოცემული დასკვნისა და წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლილ იქნა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და აღნიშნული მონაცემების შესწავლის შედეგად დარიცხული გადასახადები დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 1.08.2024 წლის №17904 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 304(გ);