ბრძანება N 32656

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.12.2023
№ დოკუმენტი 32656
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 32656

25 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 9 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №129) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ --------) 2023 წლის 9 ნოემბრის №21280/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის №006-542 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ წილი --------- არავისთვის არ დაუთმია და ის არის დღესაც შპს „-----------“ 100%-იანი წილის მფლობელი. შემოსავლების სამსახური საკითხის განხილვის დროს გვერდს უვლის დავის ძირითად საკითხს. კერძოდ, დავის საკითხი იყო გადასახადების დარიცხვის მეთოდი, რის საფუძველზე შემმოწმებლები არასწორად არიცხვადნენ საშემოსავლო გადასახადს, ხოლო გადასახადის გადაანაგარიშების პროცესში მოგების და დივიდენდის გადასახადი არასწორადაა დარიცხული. ვალის მართვის დეპარტამენტს საბაზრო ფასი არასწორად აქვს განსაზღვრული და ეს ფაქტი დაადასტურა შენობის ფართის შემდგომმა გაყიდვამ. შენობის 1 მ2 გაიყიდა 357,5 აშშ დოლარად, ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტს 1 მ2 შეფასებული აქვს 420 აშშ დოლარად. მომჩივანი ასევე არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას. გარდა ამისა, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25965 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“ (ს/ნ ---------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1.შპს „---------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ფასსა და წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას (96 216,8 ლარი) შორის სხვაობა დააკვალიფიციროს დივიდენდად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25965 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 20 ოქტომბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 4 699 ლარი, მათ შორის, გადასახადი 3 132 ლარი და ჯარიმა 1 567 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 26 ოქტომბრის №006-542 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25965 ბრძანების შესაბამისად საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ფასსა და წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას (96 216.8 ლარი) შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა დივიდენდად (ნაცვლად აქტში დაბეგრილი ხელფასისა) და დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ფასსა და წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას (96 216.8 ლარი) შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა დივიდენდად (ნაცვლად აქტში დაბეგრილი ხელფასისა).

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება ქონების, მოგების და დივიდენდის გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25965 ბრძანების შესაბამისად საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ფასსა და წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა დივიდენდად (ნაცვლად აქტში დაბეგრილი ხელფასისა) და დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);304(21);