გადაწყვეტილება №24348/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.12.2024
№ დოკუმენტი 24348/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24348/2/2024

31 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 26.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 24348/2/2024).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 08.10.2024 წლის N 052-16 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 07.11.2024 წლის N 23714 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 49 459,87 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 26 603 ლარი;

მოგების გადასახადი - 1 391 ლარი;

საშემოსავლო გადასახადი - 22 660 ლარი;

ქონების გადასახადი - 2 552 ლარი;

ჯარიმა - 12 616 ლარი;

საურავი - 10 240,87 ლარი;.

 

ფაქტების აღწერა:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხორცით და ხორც - პროდუქტებით საბითუმო ვაჭრობა.

2024 წლის 18 აპრილის N 9010 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 17 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების სრული, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 27 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიის მიერ წარდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციებიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს მოგების გადასახადის ნაწილში დაბეგრილი ჰქონდა, როგორც განაწილებული მოგება ასევე დეკლარირებული ჰქონდა წარმომადგენლობითი ხარჯი, რომელიც აღემატებოდა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობებს.

საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გადასახადის გადამხდელის მიერ შემმოწმებელთათვის წარდგენილი არ ყოფილა წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული ხარჯის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. მისი სიტყვიერი განმარტებით, აღნიშნული თანხები წარმოადგენდა დივიდენდის სახით გაცემულ თანხებს და არასწორად იყო მითითებული დეკლარაციაში. შესაბამისად აღნიშნული ფულადი საშუალებები დაკვალიფიცირდა, როგორც დივიდენდის გაცემა და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად.

საზოგადოებას დეკლარირებული ჰქონდა მოგების გადასახადი და გაცემული ჰქონდა ფიზიკურ პირზე დივიდენდი, რაც არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით. გაცემული თანხა დაიბეგრა საშემოსავლო და მოგების გადასახადებით და დაკორექტირდა დეკლარირებული მონაცემები ორივე გადასახადის ნაწილში. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. მომჩივანს წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის დეკლარაციები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურებიდან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია/მოხსნის შესახებ ინფორმაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მათ შორის ლიზინგის ხელშეკრულების ანალიზის შედეგად დადგინდა დეკლარირებულისგან განსხვავებული მონაცემები. შედეგად საწარმოს დაერიცხა ქონების გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვა. წარდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები და გარკვეული საბუღალტრო რეესტრები ექსელის ფორმით - შესყიდვის აქტების რეესტრი, სალაროს ფულადი საშუალების მოძრაობის შესახებ ცხრილი და ასევე უწყისები, რომელიც სრულყოფილად არ ასახავდა გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებულ ოპერაციებს, არ იყო შესაძლებელი ცალკეული ოპერაციების გამიჯვნა ამასთან რიგი ოპერაციები/ანგარიშები იყო გამორჩენილი.

საგამოძიებო ორგანოებში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შესაბამისი უწყებების მიერ შემოწმების პროცესში მიწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით დგინდება საწარმოს მიერ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემებისგან განსხვავებული მონაცემები, კერძოდ ზოგიერთი ფიზიკური პირებისგან მიღებულ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული საქონლის მიწოდება აღნიშნული ფიზიკური პირისგან არ დადასტურდა (2022 წლის მარტისა და ივნისის შესყიდვის აქტი - 3 ცალი), ასევე ზოგთან მიმართებით ერთეული საქონლის ფასი არ შეესაბამებოდა აქტში დაფიქსირებულ ღირებულებებს (7 ცალი შესყიდვის აქტი 2021, 2022 და 2023 წლის).

აღნიშნულიდან გამომდინარე გაწეული ხარჯის ოდენობა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შესყიდვის აქტების ნაწილში დანახარჯები გაანგარიშდა 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე. სალაროს ანგარიშზე განხორციელებული ფულადი საშუალების მოძრაობის ნაწილში დადგინდა, რომ ორგანიზაციას აღნიშნულ საანგარიშო პერიოდებზე გაცემული ჰქონდა ფულადი საშუალებები, შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ღირებულებების შესაბამისად. აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ ხარჯსა და აქტებში არსებულ ღირებულებებს შორის სხვაობამ შეადგინა 58 869 ლარი, რაც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე განხორციელებულ განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 7 ოქტომბერს N 21871 ბრძანება და 2024 წლის 8 ოქტომბრის N 052-16 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 7 ნოემბრის N 23714 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. გადასახადის გადამხდელი ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია კომპანიის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით. აცხადებს, რომ კომპანიის ბრუნვები პრაქტიკულად გაჩერებულია და აღნიშნული საგადასახადო ვალდებულებები გამოიწვევს გაკოტრებას. ამდენად, გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

აუდიტის დეპარტამენტის მოთხოვნებს ნაწილობრივ არ ეთანხმება, კერძოდ მე-3 საკითხში, სადაც აღნიშნულია, რომ ზოგიერთ შესყიდვის აქტში მომწოდებელი არ ეთანხმება აქტში მოცემულ მონაცემებს. ასევე აუდიტორი აღნიშნავს, რომ საქონლის ფასები სინამდვილეს არ შეესაბამება. საინტერესოა აუდიტორმა რომელი მომწოდებელი გამოკითხა ან ვინმესთან ხომ არ დაურეკავს. ასე ზეპირად არაპირდაპირი მეთოდით დარიცხვა გაუმართლებელია, აღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივანი ითხოვს ხელახლა იქნას შესწავლილი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საკითხი და მოხდეს პირდაპირი მეთოდით დარიცხვა.

საზოგადოება ფაქტიურად 4 თვეა ვერ ფუნქციონირებს ხორცის ბაზარზე, ფასებიდან გამომდინარე კონკურენციის გამო (საზოგადოების ერთადერთი მომხმარებელია ----- ქსელები, სხვაგან ხორცის მიწოდება არ ხდება). აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს მოხდეს საწარმოს ფინანსური მდგომარეობის და გადახდისუნარიანობის გათვალისწინება და მოხდეს სანქციებისგან გათავისუფლება.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან.

დავების განხილვის საბჭოსთვის წარმოდგენილი საჩივრით გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების და ითხოვს მისი გამოყენების მართლზომიერების საკითხის შესწავლას.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში. საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის პირველ ეტაპზე, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით, მომჩივანი ითხოვდა მხოლოდ დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე და სადავოდ არ ხდიდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერებას. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 7 ნოემბრის N 23714 ბრძანებაში აღნიშნული საკითხი ასახული არ არის.

ამდენად, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს ხელახლა იქნას შესწავლილი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საკითხი და მოხდეს პირდაპირი მეთოდით დარიცხვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა. კამერალური შემოწმების შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს მოგების გადასახადის ნაწილში დაბეგრილი ჰქონდა, როგორც განაწილებული მოგება ასევე დეკლარირებული ჰქონდა წარმომადგენლობითი ხარჯი, რომელიც აღემატებოდა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობებს. საზოგადოებას დეკლარირებული ჰქონდა მოგების გადასახადი და გაცემული ჰქონდა ფიზიკურ პირზე დივიდენდი, რაც არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით. გაცემული თანხა დაიბეგრა საშემოსავლო და მოგების გადასახადებით და დაკორექტირდა დეკლარირებული მონაცემები ორივე გადასახადის ნაწილში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის პირველ ეტაპზე, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით, მომჩივანი ითხოვდა მხოლოდ დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას და სადავოდ არ ხდიდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერებას. შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში აღნიშნული საკითხი ასახული არ არის. საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას,იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას. შესაბამისად, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 272(1); 275(2); 269 (7);.