გადაწყვეტილება №19078/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19078/2/2023
5.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ს 12.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19078/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №002-206 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.02.2023 წლის №3150 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 21 619 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 10 779
ჯარიმა - 5 390
საურავი - 5 450
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 14.08.2018 წლიდან 1.05.2020 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2019 წლის მაისის, სექტემბრის, დეკემბრის, 2020 წლის იანვრის და აპრილის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №29717 ბრძანება და №002-206 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.02.2023 წლის №3150 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 5 მაისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2014 წლის 6 მაისს. გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს წყალგაყვანილობის, გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემების მონტაჟი და აღნიშნულთან დაკავშირებული მასალის საბითუმო რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში განახორციელა ეკონომიკური საქმიანობა, თუმცა ბიუჯეტთან საგადასახადო ანგარიშსწორება სრულფასოვნად არ განუხორციელებია და არ აქვს დაბეგრილი სრულად ყველა ოპერაცია. შემოწმებით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე, განისაზღვრა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები). შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლით, 161-ე მუხლით, 171-ე მუხლის პირველი ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების შესაბამის პერიოდში მოქმედი 481 მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და მიუთითებს, რომ შემმოწმებლის დასაბეგრი ბაზის გადაანგარიშების დეტალური ანალიზის მიხედვით დგინდება, რომ გაანგარიშება ეფუძნება გამოწერილი დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურების და საავანსო ანგარიშ-ფაქტურების ჯამს. უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშ-ფაქტურების უმეტესი ნაწილი ეხება გრძელვადიან პროექტებს და მისი დეკლარირება ხდება დამკვეთის მხრიდან დადასტურების შემდეგ. დღგ-ის ბრუნვის დეკლარაციებში კონკრეტულ შემთხვევაში ასახა, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც პროექტების შესრულების მიხედვით უმეტეს შემთხვევაში ფარავს გამოწერილ საავანსო თანხებსაც.
წარმოდგენილი აქვს ცხრილი და განმარტავს, რომ ცხრილში მოცემული ყვითლად მონიშნული საავანსო ანგარიშ-ფაქტურების (შემმოწმებლის გაანგარიშებით დაუბეგრავი ოპერაცია არის ნაჩვენები) დეკლარირებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან შეწყვილებით დასტურდება, რომ კომპანიის მიერ საგადასახადო ვალდებულება გადახდილია სრულად და ჯეროვნად. აქ დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთან მინისტრის 2017 წლის 15 იანვრის №49 ბრძანებით დადგენილი წესით საავანსო თანხის მიღებისთანავე იმავე პერიოდებში დეკლარირების ვალდებულება (პერიოდის ცდომილებით გამოწვეული სამართალდარღვევა). შემმოწმებელს დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისას არ მიუქცევია ყურადღება იმ გარემოებებისთვის, რომ „ასეთი ტიპის კონტრაქტები ხასიათდება საკონტრაქტო პირობებით, ასევე არ მიუქცევია ყურადღება მის მიერ წარდგენილ განმარტებით ჩვენებებს მტკიცებულებებთან ერთად (იხ. თანდართული ფაილი), რომელიც ადასტურებს დღგ-ის სრულყოფილად ბიუჯეტში გადახდებს.
შესრულებული სამუშაოების მიხედვით დეკლარირებული იქნა ყველა ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამისად გადახდილი იქნა დღგ. შემმოწმებლის მიერ დადგენილი დღგ-ის ბრუნვის სხვაობა გამოწვეულია დაუდეკლარირებელი საავანსო ფაქტურების გამო. არ ეთანხმება ცალმხრივად გაკეთებულ გაანგარიშებებს, რომელიც პერიოდის მიხედვით დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის ზრდას იწვევს და არ ითვალისწინებს შემდეგ პერიოდებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით გამოცემული დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურებით დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვას და გადახდას, რომელიც ასევე საავანსო თანხების კომპენსაციასაც მოიცავს. მიიჩნევს, რომ შემმოწმებელმა არამართლზომიერად განსაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ობიექტი, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს ორმაგად დაბეგვრას და მოითხოვს შემმოწმებლის მიერ აღნიშნულ პერიოდზე დადგენილი დღგ-ის ბრუნვების კორექტირებას (შემცირებას) და შესაბამისად დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.
საგადასახადო ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც მან თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების შედეგების გამოყვანისას დარღვეული იქნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ამავე კოდექსის 96-ე მუხლი, რაც თავის მხრივ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად შემოწმების აქტის ბათილობის საფუძველი იქნება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 481 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
შემოწმებისას დადგენილია, რომ კომპანიამ შესამოწმებელ პერიოდში განახორციელა ეკონომიკური საქმიანობა, თუმცა ბიუჯეტთან საგადასახადო ანგარიშსწორება სრულფასოვნად არ განუხორციელებია და არ აქვს დაბეგრილი სრულად ყველა ოპერაცია. შემოწმებით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე, განისაზღვრა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განმარტა, რომ შესრულებული სამუშაოების მიხედვით, ყველა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დეკლარირებულია და შესაბამისად გადახდილია დღგ. შემმოწმებლის მიერ დადგენილი დღგ-ის ბრუნვის სხვაობა გამოწვეულია დაუდეკლარირებელი საავანსო ანგარიშ-ფაქტურების გამო. მართალია ავანსის ანგარიშფაქტურები არ ჰქონდა დაბეგრილი, თუმცა ბეგრავდა ამ ოპერაციებზე საბოლოოდ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით. მიიჩნევს, რომ შემმოწმებელმა არამართლზომიერად განსაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ობიექტი, რაც იწვევს ერთი და იგივე ოპერაციების ორმაგად დაბეგვრას და მოითხოვს შემმოწმებლის მიერ აღნიშნულ პერიოდზე დადგენილი დღგ-ის ბრუნვების კორექტირებას (შემცირებას) და შესაბამისად დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.
მხარეთა არგუმენტაციის შესწავლის, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს მის მიერ დასახელებული არგუმენტები, კერძოდ, ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ნაწილში საბოლოოდ გამოწერილი ანგარიშფაქტურების მიხედვით დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ამ ნაწილში შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების (მათ შორის სანქციების) შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №002-206 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას სანქციის სახით განესაზღვრა სულ - 10 840 ლარი, მათ შორის: ჯარიმა - 5 390 ლარი და საურავი - 5 450 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანს მიაჩნია, რომ წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს და მისი ქმედებით ბიუჯეტისთვის ზიანი არ მიუყენებია. ზემოთაღნიშნული სამართალდარღვევები გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არ ცოდნით). მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა რომ ცოდნოდა, რომ ჩადიოდა შემოწმებით დადგენილ სამართალდარღვევას. ეს დასტურდება დღგ-ის გაანგარიშების ეპიზოდში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.02.2023 წლის №3150 ბრძანება;
3. პირველ სადავო საკითხზე, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველყოს სადავო საკითხის მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1) კომპანიამ შესამოწმებელ პერიოდში განახორციელა ეკონომიკური საქმიანობა, თუმცა ბიუჯეტთან საგადასახადო ანგარიშსწორება სრულფასოვნად არ განუხორციელებია და არ აქვს დაბეგრილი სრულად ყველა ოპერაცია.მომჩივანმა განმარტა, რომ შესრულებული სამუშაოების მიხედვით, ყველა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დეკლარირებულია და შესაბამისად გადახდილია დღგ. შემმოწმებლის მიერ დადგენილი დღგ-ის ბრუნვის სხვაობა გამოწვეულია დაუდეკლარირებელი საავანსო ანგარიშ-ფაქტურების გამო. მართალია ავანსის ანგარიშფაქტურები არ ჰქონდა დაბეგრილი, თუმცა ბეგრავდა ამ ოპერაციებზე საბოლოოდ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით. მიიჩნევს, რომ შემმოწმებელმა არამართლზომიერად განსაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ობიექტი, რაც იწვევს ერთი და იგივე ოპერაციების ორმაგად დაბეგვრას და მოითხოვს შემმოწმებლის მიერ აღნიშნულ პერიოდზე დადგენილი დღგ-ის ბრუნვების კორექტირებას (შემცირებას) და შესაბამისად დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.
2) დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით 5 გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს მის მიერ დასახელებული არგუმენტები, კერძოდ, ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ნაწილში საბოლოოდ გამოწერილი ანგარიშფაქტურების მიხედვით დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ამ ნაწილში შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების (მათ შორის სანქციების) შესაბამისი კორექტირება (შემცირება). ასევე მეორე სადავო საკითხთან მიმართებით საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275.
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“); 171.