გადაწყვეტილება №20149/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20149/2/2023
01 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 3.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20149/2/2023).
დავის საგანი:
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.04.2023 წლის №CB1463839 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.04.2023 წლის №CB1463844 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 8.06.2023 წლის №12786 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 73 419 ლარი.
ჯარიმა - 48 359 (საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწ.).
ჯარიმა - 25 060 (საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწ.).
ფაქტების აღწერა
16.01.2023 წლის №392 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შედეგად გამოვლინდა 250 600.77 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი და 96 718 ლარის აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რაზეც მომჩივანს 27.04.2023 წლის №CB1463839 და №CB1463844 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები.
აღნიშნული ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.06.2023 წლის №12786 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილებით, 72-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით და განმარტავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს და განმარტავს, რომ დანაკლისი გამოვლენილია დანართი №19-ში მითითებული ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შედარებით ფაქტობრივი აღწერის შედეგებთან. თავის მხრივ, დანართი №19 შევსებულია გარკვეული ცდომილებებით. მასში არასწორადაა მითითებული რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ღირებულება, რაც თავის მხრივ ზრდის ინვენტარიზაციის დასაწყისისათვის ნაშთის ღირებულებას და გამოვლენილი დანაკლისის ოდენობას. ინვენტარიზაციამდე პერიოდში საქონლის შეძენა და რეალიზაცია მოხდა მხოლოდ სასაქონლო ზედნადებებით. აღნიშნული პერიოდისათვის დანართი №19-ში ზედნადებით რეალიზებული საქონლის თვითღირებულება გაანგარიშებულია 74%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც ინვენტარიზაციამდე პერიოდში დაფიქსირებული დოკუმენტური საშუალო ფასნამატი შეადგენს 31%. გარდა აღნიშნული საკითხისა, გამოვლენილი დანაკლისისა და აღურიცხველი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებები განსაზღვრულია ფასებით, რომლებიც რეალურად არ გამოიყენებოდა საქონლის რეალიზაციისას.
ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული სანქციის გადაანგარიშებას (შემცირებას).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ვქეპუნქტით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 და 22-ე ნაწილების მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა, ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით, ხოლო გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.07.2023 წლის №"------" წერილი რომლის თანახმადაც, მომჩივნის კუთვნილ ობიექტში ინვენტარიზაციის დაწყების მდგომარეობით აღმოჩნდა სულ 658 297,00 ლარის ღირებულების სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით. 9.02.2023 წლის №"------" განცხადებით მის მიერ წარდგენილ იქნა ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ ოქმი რომელიც არასრულყოფილად იყო შევსებული.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული სმფ–ს პირვანდელი ღირებულება – 537 998,65 ლარი – ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, კერძოდ, აღებულ იქნა აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ მიღებული სასაქონლო ზედნადებების და დღგ-ს ანაგარიშფაქტურების თანხების ჯამი.
17.08.2022 წლიდან 2023 წლის 16 იანვარის განმავლობაში რეალიზებული სმფ–ების საბაზრო ღირებულებად აღებულ იქნა ელ/ზედნადებების მონაცემები 243 585,69 ლარი. ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით; გამოყენებული იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი 74,09 %.
ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა სულ 395 288,18 ლარი. გადამოწმების შედეგად გამოვლინდა 96 718,00 ლარის ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს 20.04.2023 წლის გადაწყვეტილებით მომჩივნის პოზიცია დაკმაყოფილებული იქნას ნაწილობრივ, კერძოდ: ინვენტარიზაციის განმახორციელებელ ოფიცრებს დაევალა გადასახადის გადამხდელთან ერთად შეესწავლა ავანსის ანგარიშ ფაქტურით განხორციელებული ოპერაცია და შედეგების გათვალისწინებით მომხდარიყო ინვენტარიზაციის დასაწყისისთვის სმფ-ების ნაშთის რაოდენობის განსაზღვრა, გადასახადის გადამხდელის მეორე პოზიცია არ დაკმაყოფილდა. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ფასი დადგენილია გადამხდელის კუთვნილი ინტერნეტ გვერდზე ("------") ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის დაფიქსირებული ფასებით, ასევე გადამხდელის მიერ 2023 წლის 26 იანვრის N"------" განცხადებით წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმი დანართი №19-ს შესაბამისად.
საბოლოოდ, ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის თანხამ პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 121 988,40 ლარი, ხოლო საშუალო ფასნამატის 74,09% -ის და დღგ-ს 18%-ის გათვალისწინებით დანაკლისის თანხამ საბაზრო ღირებულებით შეადგინა 250 600,77 ლარი. აღნიშნული ექვემდებარება სანქცირებას სსკ-ს 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად საბაზრო ღირებულების 10% ოდენობით 25 060,08 ლარით, რაზეც შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1463839.
მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმებისგან გადაანგარიშება (შემცირებას), თუმცა არ წარმოადგენს მისი არგუმენტების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას.
ზემოხსენებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანთან სმფ-ის ინვენტარიზაცია განხორციელდა საგადასახადო კოდექსით გათვალიწინებულ პროცედურათა დაცვით. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს მართლზომიერად დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს.
ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული სანქციის გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შედეგად გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი და აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანთან სმფ-ის ინვენტარიზაცია განხორციელდა საგადასახადო კოდექსით გათვალიწინებულ პროცედურათა დაცვით. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს მართლზომიერად დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
286(4,9)