ბრძანება N 16300
📄 სრული ტექსტი
N 16300
21 ივლისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: ----- N--)
2025 წლის 25 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 ივლისის სხდომაზე (ოქმი N 55) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) N 98610/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 23 მაისის N 10573 ბრძანებას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ბრძანებას და განმარტავს, რომ საქონელი არის ნამდვილი და ადგილი არ აქვს ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევას. მიაჩნია, რომ დარღვევის შესაბამისი მტკიცებულება არ არსებობს.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 21 მაისს შპს „-----“ (ს/ნ -----) მიერ N -----/C----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებულ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ----- რესპუბლიკიდან შემოტანილი საქონელი - ჭურჭლის სარეცხი საშუალება (სეს ესნ 3402 50 900 00, 12 384 ერთეული, ნეტო წონა 22 694.4 კგ, ბრუტო წონა 23 932 კგ, საბაჟო ღირებულებით 36 024.64 ლარი). მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მეშვეობით რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის შერჩეულ იქნა „ყვითელი დერეფანი“ და დეკლარირებული საქონელი დაექვემდებარა დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, რის შედეგადაც, საქონლის იდენტიფიცირების მიზნით, საბაჟო დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“.
გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“-ის უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას წარმოიშვა ეჭვი, რომ დეკლარირებული საქონელი (960 ყუთი, 8 640 ცალი, 1.5 ლიტრიანი და 624 ყუთი, 3 744 ცალი, 2.6 ლიტრიანი ჭურჭლის სარეცხი საშუალება) სავარაუდოდ წარმოებული იყო „სსიპ – შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში“ საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 6 ნოემბრის N 23662 ბრძანებით შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში რეგისტრირებულ (რეგისტრაციის ვადა 2026 წლის 12 ოქტომბრამდე) სასაქონლო ნიშანზე „-----“ უფლების დარღვევით.
აღნიშნულის საფუძველზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“-ის უფროსის მიერ 2025 წლის 23 მაისს გამოცემულ იქნა შპს „-----“-ს (ს/ნ -----) მიერ შემოტანილი საქონლის შეჩერების შესახებ“ N 10573 ბრძანება და მიღებულ იქნა N -----/C----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებული საქონლის 10 სამუშაო დღით შეჩერების გადაწყვეტილება.
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქონლის შეჩერებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია საბაჟო ორგანოს N 21-10-22/----- (23.05.2025) წერილით ეცნობა განმცხადებელს (უფლების მფლობელის – „-----“ (მის.:-----) წარმომადგენელს – პატენტრწმუნებულს), ხოლო N 21-10-22/----- (23.05.2025) წერილით – საქონლის მფლობელს (დეკლარანტს – შპს ,,-----“).
2025 წლის 6 ივნისის N -----/21-11 განცხადებით უფლების მფლობელის – „-----“ წარმომადგენელმა საბაჟო ორგანოში წარმოადგინა „სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ“ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 3 ივნისის განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა „-----“ შუამდგომლობა და ყადაღა დაედო N -----/C----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებულ და საბაჟო ორგანოს N 10573 ბრძანებით გათვალისწინებულ საქონელს, ასევე, მოპასუხეს აეკრძალა სასაქონლო ნიშნის ----- (რეგ. ნომერი -----) აგრეთვე, მისი აღრევამდე მსგავსი ნიშნების გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის, ასეთი ნიშნებით მარკირებული საქონლის საქონლის იმპორტი და რეალიზაცია) იმ საქონლის მიმართ, რომელიც არ არის წარმოებული მოსარჩელის მიერ ან მისი ნებართვით.
საჩივარი ფოსტაში წარდგენილია 2025 წლის 23 ივნისს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების, დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების, გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლებების, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლებების, სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების ან/და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის, საწყობის, თავისუფალი ზონის, რეექსპორტისა და ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების შესაბამისად გადაადგილებისას (შემდგომ – გადაადგილება) სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენების წესს. იგი ეფუძნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში დადებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების დებულებებს სპეციალური სასაზღვრო ღონისძიებების თაობაზე.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის მიხედვით, კონტრაფაქციული პროდუქცია არის:
გ.ა) საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია/მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კონტრაფაქციული ასლები;
გ.ბ) სასაქონლო ნიშანზე, მომსახურების ნიშანზე, კოლექტიურ ნიშანზე ან/და სასერტიფიკაციო ნიშანზე (შემდგომ – სასაქონლო ნიშანი) უფლების დარღვევით წარმოებული საქონელი, მათ შორის, შესაფუთი საქონელი, რომელზედაც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც ამ საქონელთან დაკავშირებით კანონიერად არის რეგისტრირებული ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისგან და, ამდენად, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებას;
გ.გ) შეფუთვა, ეტიკეტი, სტიკერი, ბროშურა, გამოყენების ინსტრუქცია, საგარანტიო დოკუმენტი ან მსგავსი სახის საქონელი (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი საქონელი ცალკეა წარმოდგენილი), რომელიც სასაქონლო ნიშნის ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევით არის წარმოებული და მოიცავს ნიშანს, სახელს ან ტერმინს, რომელიც კანონიერად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ან დაცული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის იდენტურია, ან რომლის გარჩევა (მისი არსებითი ასპექტებიდან გამომდინარე) კანონიერად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნისაგან ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისაგან ან გეოგრაფიული აღნიშვნისაგან შეუძლებელია და რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი და იმავე ტიპის ისეთი საქონლისათვის, რომლისთვისაც განხორციელდა სასაქონლო ნიშნის ან საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია.
ამავე მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნტებით, რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება გულისხმობს სამსახურის უფლებამოსილებას, დაიცვას უფლების მფლობელის უფლება ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე, რომელიც დაცულია საქართველოში, მაგრამ შეტანილი არ არის რეესტრში, ხოლო სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური.
ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნტით, რეესტრი არის სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრი, რომელშიც, უფლების მფლობელის უფლებების დაცვის მიზნით, უფლების მფლობელის ან მისი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი რეგისტრაციის შესახებ განაცხადის საფუძველზე სამსახურს შეაქვს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, თუ შესრულებულია ამ კანონით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის პირობები.
ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი - 3 ნაწილები ადგენს:
1. სამსახური იცავს უფლების მფლობელის უფლებებს ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე, რომელიც შეტანილია რეესტრში.
2. სამსახური უფლებამოსილია დაიცვას უფლების მფლობელის უფლებები ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზედაც, რომელიც დაცულია საქართველოში, მაგრამ შეტანილი არ არის რეესტრში.
3. სამსახური ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მფლობელის უფლებებს იცავს ამ კანონით გათვალისწინებული სასაზღვრო ღონისძიებების გამოყენებით.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისას სამსახურს აქვს საფუძველი, ივარაუდოს, რომ ეს საქონელი წარმოებულია საქართველოში დაცულ ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე უფლებების დარღვევით, რომელიც შეტანილია რეესტრში, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ასეთი საქონლის გადაადგილების ან/და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 10 სამუშაო დღით (მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში - 3 სამუშაო დღით) შეჩერების (შემდგომ – საქონლის შეჩერება) შესახებ.
ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, სამსახურის გადაწყვეტილება და საქონლის იმპორტიორის, ექსპორტიორის ან/და მფლობელის სახელი (სახელწოდება) და მისამართი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. აღნიშნული გადაწყვეტილება და განმცხადებლის სახელი (სახელწოდება) და მისამართი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქონლის მფლობელს. ამასთან, საქონლის შეჩერებამდე სამსახურს უფლება აქვს, საქონლის იდენტიფიცირების მიზნით განმცხადებელს მიაწოდოს ინფორმაცია მისი კუთვნილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შემცველი საქონლის ფაქტობრივი/სავარაუდო რაოდენობის, სახეობისა და გამოსახულების (საქონლის, მათ შორის, მისი შესაფუთი მასალის, ამსახველი ფოტოსურათები) შესახებ და მოსთხოვოს მას საქონლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია.
მითითებული კანონის მე-9 მუხლით დადგენილია საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები:
ა) განმცხადებლის თხოვნის საფუძველზე, თუ იგი ადასტურებს, რომ საქონელი კონტრაფაქციული არ არის;
ბ) თუ სამსახურმა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღების შესახებ;
გ) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.
კანონის მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები მიუთითებს:
3. განმცხადებელი ან საქონლის იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და მფლობელი საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში სასამართლოსათვის სასარჩელო განცხადებით მიმართვის შემთხვევაში ვალდებულია სასამართლო განჩინება დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს.
4. თუ საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში არ შესრულდა ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები, სამსახური უზრუნველყოფს საქონლის გაშვებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას.
რაც შეეხება სასაქონლო ნიშანს, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ადგენს.
სასაქონლო ნიშანი არის ნებისმიერი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც შეტანილია სასაქონლო ნიშნების რეესტრში, ჩამოყალიბებულია ნათლად და მკაფიოდ და აქვს უნარი, ერთი საწარმოს საქონელი ან/და მომსახურება მეორე საწარმოს საქონლისგან ან/და მომსახურებისგან (შემდგომ – საქონელი) განასხვაოს.
სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა შეიძლება იყოს სიტყვა (სიტყვები), სახელი (სახელები), ასო (ასოები), ციფრი (ციფრები), ბგერა (ბგერები), გამოსახულება, ფერი (ფერები), საქონლის ან მისი შეფუთვის ფორმა.
ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად:
სასაქონლო ნიშანი დაცულია მისი საქპატენტში რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.
საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშანი დაცულია რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის 6bis მუხლის შესაბამისად.
ამავე კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის:
ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური;
ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;
გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;
დ) იდენტურია ან მსგავსია და რომელსაც საქართველოში აქვს რეპუტაცია, მიუხედავად საქონლის იდენტურობისა ან მსგავსებისა, თუ ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან განმასხვავებელუნარიანობას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო დეპარტამენტი ვალდებულია „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოსცეს საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტს ჰქონდა საფუძველი ევარაუდა, რომ მომჩივნის მიერ საქართველოში შემოტანილი საქონელი წარმოებულია საქართველოში დაცულ ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე უფლებების დარღვევით, რომელიც შეტანილია რეესტრში. შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტი ვალდებული იყო მიეღო გადაწყვეტილება ასეთი საქონლის შეჩერებაზე ან/და განეხორციელებინა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები. ამდენად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემა მართლზომიერია.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების კონკრეტული საფუძვლები დადგენილია „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, რომელთა არსებობას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, სადავო ბრძანებით განსაზღვრული საქონლის შეჩერების ვადა გასულია. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების მოქმედების ვადაც ამოწურულია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ 2025 წლის 6 ივნისის N -----/21-11 განცხადებით უფლების მფლობელის – „-----“ წარმომადგენელმა საბაჟო ორგანოში წარმოადგინა „სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ“ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 3 ივნისის განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა „-----“ შუამდგომლობა და ყადაღა დაედო N -----/C----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებულ და საბაჟო ორგანოს N 10573 ბრძანებით გათვალისწინებულ საქონელს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
სადავო საკითხი:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ბრძანებას და განმარტავს, რომ საქონელი არის ნამდვილი და ადგილი არ აქვს ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევა. მიაჩნია, რომ დარღვევის შესაბამისი მტკიცებულება არ არსებობს. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებულ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი. რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის შერჩეულ იქნა „ყვითელი დერეფანი“ და დეკლარირებული საქონელი დაექვემდებარა დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას, რის შედეგადაც, საქონლის იდენტიფიცირების მიზნით, საბაჟო დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“. საბაჟო კონტროლის განხორციელებისას წარმოიშვა ეჭვი, რომ დეკლარირებული საქონელი სავარაუდოდ წარმოებული იყო „სსიპ – შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში“ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანზე უფლების დარღვევით. მიღებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებული საქონლის 10 სამუშაო დღით შეჩერების გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა შემდეგ ნორმებს:
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლები