გადაწყვეტილება №23857/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23857/2/2024
21 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:"--------"(ს/ნ "--------")
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,11.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 3.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23857/2/2024).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.06.2024 წლის №CB1632708 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსხურის 16.07.2024 წლის №16799 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა – 29 869,08 ლარი
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის 12.03.2024 წლის №5282 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 298 690,75 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც მომჩივანს 10.06.2024 წლის №CB1632708 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით (29 869,08 ლარი), რაც, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16799 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ საჩივარზე წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16799 ბრძანება 3.09.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე და 97-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე, რომ დანაკლისი გამოწვეულია იმ დროისათვის კონსიგნაციით გაცემული საქონლის გამო და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ საჩივარზე წარმოდგენილი დოკუმენტები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურში გასაჩივრების შედეგად ჯარიმა შეუმცირდა 22 921,08 ლარამდე. როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი ითხოვს ჯარიმის შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსის გათვალისწინებული შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელთან საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს ჯარიმის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 12.03.2024 წლის №5282 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 298 690,75 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც მომჩივანს 10.06.2024 წლის №CB1632708 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით,რაც, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16799 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ საჩივარზე წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის კორექტირება.
შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16799 ბრძანება 3.09.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
269(7)