გადაწყვეტილება №18351/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18351/2/2022
9.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -------- (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------ ს 1.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18351/2/2022).
დავის საგანი:
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება და მიღებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2021 წლის №054-35 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.07.2022 წლის №19245 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 124 817 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 76 820
დღგ - 4 169
საშემოსავლო გადასახადი - 71 668
ქონების გადასახადი - 983
ჯარიმა - 39 752
საურავი - 8 245
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადგილობრივი და საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვები.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 13.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
1. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები რიგ საანგარიშო თვეებში განსხვავდება შემოწმებით დადგენილი მონაცემებისაგან. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები განისაზღვრა გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო ცხრილებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული პირველადი დოკუმენტების, კერძოდ, სასაქონლო ზედნადებების, მათ შორის იმ სასაქონლო ზედნადებების მიხედვით რომლებშიც ფიქსირდება შესამოწმებელი პირის საკუთრებაში ან/და მფლობელობა.
არსებული სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, საბანკო ამონაწერების ანალიზით. შემოწმების შედეგად დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ასევე, კომპანიას განხორციელებული აქვს საერთაშორისო გადაზიდვები, რომლებიც გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. შემოწმების შედეგად დადგენილი დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები რიგ საანგარიშო თვეებში განხვავდება დეკლარირებული მონაცემებისგან, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები.
გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანიას სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა, ასევე, არ გააჩნდა დებიტორული/კრედიტორული დავალიანებები. შემოწმებით განხორციელდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ყველა მიწოდების და ყველა შეძენის ღირებულება ჩაითვალა ანაზღაურებულად (საბანკო გადარიცხვების გათვალისწინებით). ამ პრინციპით გაანგარიშებულმა ფულადი სახსრების ნაშთმა, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 275 713 ლარი. შემოწმებით ვერ დადგინდა აღნიშნული თანხის საწარმოს სალაროში ნაშთად არსებობა.
შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი 2021 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდში (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს) ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად (ვინაიდან საწარმოს მიერ არაა წარდგენილი საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის ამსახველი ინფორმაცია, ამიტომ არ იქნა განხილული განაწილებულ მოგებად) და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2021 წლის №39015 ბრძანება და ამავე თარიღის №054-35 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 24.01.2022 და 5.02.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.07.2022 წლის №19245 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.07.2022 წლის №19245 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 25.11.2022 წლის №73900/1/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანი კვლავ მომართავს საბჭოს. წარმოდგენილ საჩივარზე მოთხოვნის არსის დასაზუსტებლად მომჩივანს გაეგზავნა დავების განხილვის საბჭოს 5.12.2022 წლის №03/110446 ხარვეზის წერილი, რომელსაც ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 11.12.2022 წელს და 7.02.2023 წელს წარმოადგინა კომპანიის დირექტორის ახსნა-განმარტება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დაერიცხა ადგილობრივ გადაზიდვაზე, რომელიც თითქოს შემოსავალში არ ჰქონდა ასახული 24 900 ლარი, მაგრამ კომპანიას შიდა დოკუმენტის გარეშე გადაზიდვა არ განუხორციელებია. ასევე, შპს --------თან შიდა გადაზიდვა შესრულებულია 2021 წლის ივლისის თვეში, დოკუმენტი გამოწერილია ამავე თვეში, ხოლო საგადასახადო ორგანომ განიხილა როგორც აპრილის თვეში შესრულებული გადაზიდვა. მაგრამ მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საგადასახადო ორგანომ ჩათვალა თითქოს 42 გადაზიდვაა შესრულებული, ამ დროს მხოლოდ ერთი გადაზიდვა განხორციელდა 42 სექციიდან და სასაქონლო ზედნადებები ცალ-ცალკეა გაწერილი, თარიღი და დრო ერთი და იგივეა, ხოლო გატანა გაკეთებულია ცალ-ცალკე. ასევეა, თითქოს კომპანიას 2 დღიანი ინტერვალით გადაზიდვა აქვს შესრულებული საბაჟო ტერმინალიდან რაც არ განხორციელებულა. ითხოვს დოკუმენტაციის გადახედვას და საკითხის ხელახლა შესწავლას. წარმოადგენს დოკუმენტაციას ცხრილის სახით 2019-2021 წლებზე, სადაც მითითებულ ყველა ხარჯზე (საზღვარგარეთ გაწეული ხარჯი, სამივლინებო ხარჯი დღიური ნორმის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებების შეძენის ხარჯი (არსებობს საბაჟო დეკლარაციები) საბანკო სესხი (რომელზეც მეპატრონემ დაუშვა შეცდომა გააფორმა ხელშეკრულება, როგორც ფიზიკურმა პირმა და არ ითვალისწინებს საგადასახადო ორგანო რომ აღნიშნულ სესხს იხდიდა კომპანია) არსებობს დამამტკიცებელი საბუთი, რომელიც წარდგენილია აუდიტის დეპარტამენტში.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, 16.12.2021 წლის №39015 ბრძანება, ამავე თარიღის №054-35 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 20.07.2022 წლის №19245 ბრძანება 17.08.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 25.11.2022 წლის №73900/1/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნულ სადავო საგადასახადო მოთხოვნაზე არსებობს დავების განხილვის საბჭოს 25.11.2022 წლის №73900/1/2022 გადაწყვეტილება, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.