ბრძანება N 33777-1

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.11.2018
№ დოკუმენტი 33777-1
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 33777

29/11/2018

შპს ---------------------

უფლებამონაცვლის

შპს ,,----------------- “-ს

(მის: --------------------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 26 ოქტომბერს და 22 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი N87; N95) განიხილა შპს --------- უფლებამონაცვლის შპს,,-----“-ს საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 29 აგვისტოს N007-273 და ამავე თარიღის N007-274 „საგადასახადო მოთხოვნებს“.

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში გამოყოფს შემდეგ სადავო თემას

ოფშორულ კომპანიაზე გადარიცხული სესხის ნაწილის და პროცენტის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 16 მარტის №5765 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,-----“-ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით 2018 წლის 14 აგვისტოს შედგა შპს ----- საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2018 წლის 29 აგვისტოს N23717 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 29 აგვისტოს N007-274 ,,საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის თანახმად საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა სულ 582954,19 ლარით.

მათ შორის: ძირითადი გადასახადი 210104 ლარით, ჯარიმა 282801 ლარით და საურავი 90049,19 ლარით.

ასევე დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 16 მარტის №5765 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- და მასთან შერწყმული შპს ----- და შპს ----- კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით 2018 წლის 14 აგვისტოს გამოიცა საგადასახადო შემოწმების აქტი და გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2018 წლის 29 აგვისტოს N23719 ბრძანება და ამავე თარიღის N007-273 ,,საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზრვრა სულ - 42 ლარით, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით -42 ლარი.

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ ,,2015 წელს შპს ----------სესხები გაცემული აქვს 1) პანამაში რეგისტრირებულ კომპანია ------ (რომლის დირექტორი არის -----------) 760 000- ეურო და 750 00-უსდ სულ ჯამში (3 626 726 ლარი). 2) კვიპროსში რეგისტრირებულ კომპანია ------ (2 792 354.92 ლარი).

2015 წელს ოფშორულ კომპანიებზე გაცემული სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი 2016 წლის 08 იანვარს გადაიკისრა პანამაში რეგისტრირებულმა ------- - სულ ჯამური თანხა 6 727 831 ლარი. 2016 წლის 01 ივლის მოხდა სამხრივი შეთანხმება რომლის შედეგადაც შპს ----- გადაიკისრა სესხის ნაწილი ჯამური თანხით 4 862 169.74 ლარი (რაც შეადგენდა იმ დღისათვის არსებულ შპს ----- კრედიტოლური დავალიანებას) ხოლო 2016 წლის 23 ოქტომბერს შპს ----- ოფშორულ კომპანიას ჩამოაწერა სესხის დარჩენილი ძირი თანხა 1 627 239 ლარი და პროცენტი 283 096.89 ლარი. (დებიტორის გაკოტრების შედეგად). "

შემოწმების მიერ სსკ-ის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ოფშორულ კომპანიაზე ჩამოწერილი სესხის ძირითადი ნაწილი და პროცენტი ჩაითვალა საქვეანგარიშო პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადში ხელფასად დაბეგრილი თანხით გაიზარდა 2016 წლის გამოქვითვები ხელფასის სახით სულ 2 387 920 ლარი.“

საბჭომ საკითხის განხილვის შედეგად მიუთითა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად „საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.“

ამასთან სსკ-ის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად,,,თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.“

ამასთან, სსკ-ის 154-ე მუხლის თანახმად:

1. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს, გარდა:

ა.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ საქართველოს რეზიდენტი დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასისა;

ა.ბ) არარეზიდენტის მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასისა, როდესაც ასეთი ხარჯი არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ხარჯებს;

ბ) პირი, რომელიც პირს უხდის პენსიას, გარდა იმ პენსიისა, რომელიც გაიცემა სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში;

გ) პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს;

დ)საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;

სსკ-ის მე-8 მუხლის 29-ე ნაწილის თანახმად:

29. უიმედო ვალი – საქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის ან აღნიშნულის ფარგლებში წინასწარი გადახდის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული მოთხოვნა ან მისი ნაწილი, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც არ იქნა ანაზღაურებული მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლომდე, ამასთანავე, არსებობს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

ა) სასამართლოს/არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; (30.06.2017. N1182) (ამ ნორმის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)

ბ) აღსრულების ორგანოს მიერ გაცემული ცნობა სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევის შედეგად კრედიტორის მიერ კუთვნილი თანხის მიუღებლობის ან ნაწილობრივ მიღების თაობაზე; (30.06.2017. N1182) (ამ ნორმის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება შესაბამისი პირის მიმართ გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების ან/და რეაბილიტაციის დაწყების შესახებ, თუ მოსამართლის მიერ ამ კრედიტორის მოთხოვნა არ იქნა აღიარებული;

დ) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ან გარდაცვალების ცნობა.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. სზაკ–ის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შემოწმების მიერ სარგებლის თანხაზე (სესხის ძირი და პროცენტი) ზემოდან მოხდა საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა (განხორციელდა ე.წ.,,აგროსვა“), რაც ეწინააღმდეგება დღემდე არსებულ პრაქტიკას, რომლის მიხედვითად დაქირავებული ფიზიკური პირისთვის გაცემული სარგებლის (ფულადი და არაფულადი) შემთხვევაში, პირის მიერ მიღებული სარგებელი ითვლება მიღებულ ხელფასად და საწარმო ვალდებულია გაცემული სარგებლის თანხა ასახოს დარიცხულ ხელფასად. აღნიშნულის შესაბამისად, ჩამოწერილი მოთხოვნის თანხის სარგებლად განხილვის შემთხვევაშიც კი შემოწმების მიერ არ უნდა მომხდარიყო სარგებლის თანხის ,,აგროსვა“ არც წყაროსთან დაბეგვრის და არც გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრის მიზნებისთვის, რაც ცალსახად წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის პრაქტიკის საწინააღმდეგოდ განხორციელებულ დარიცხვას.

მხარეთა არგუმენტაციის მოსმენის შედეგად საბჭომ განმარტა, რომ ვინაიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ შპს ----- ოფშორულ კომპანიას ჩამოაწერა სესხის დარჩენილი ძირი თანხა 1 627 239 ლარი და პროცენტი 283 096.89 ლარი, ისე რომ მისი უიმედო ვალად მიჩნევისთვის კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები არ გატარებულა არც რაიმე სხვა საფუძველია ფაქტობრივ გარემოებად მითითებული, რომელიც ამ ვალის ჩამოწერას კანონიერ ფარგლებში მოაქცევდა. ამდენად, აღნიშნული თანხის საქვეანგარიშო პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართებულია.

რაც შეეხება სარგებლად განხილულ თანხებზე (სესხის პროცენტი და ძირი) საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების საკითხს, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სარგებლად განხილულ თანხებზე (სესხის პროცენტი და ძირი) საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ამ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1 შპს -------- უფლება მონაცვლის შპს ---------- საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სარგებლად განხილულ თანხებზე (სესხის პროცენტი და ძირი) საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ამ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

3.ამ ბრძანების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხვ. მე-12 კმ.N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ოფშორულ კომპანიაზე გადარიცხული სესხის ნაწილის და პროცენტის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.

გადამხდელი არ ეთანხმება სარგებლის თანხის აგროსვას

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის მიხედვით საწარმოს 2015 წელს სესხები გაცემული აქვს პანამაში და კვიპროსში რეგისტრირებულ კომპანიებზე. 2016 წელს მოხდა აღნიშნული სესხების ნაწილის გადაკისრება. საწარმომ ოფშორულ კომპანიას ჩამოაწერა სესხის დარჩენილი ძირი თანხა და პროცენტი, ისე რომ მისი უიმედო ვალად მიჩნევისთვის კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები არ გატარებულა

შემოწმების მიერ სსკ-ის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ოფშორულ კომპანიაზე ჩამოწერილი სესხის ძირითადი ნაწილი და პროცენტი ჩაითვალა გაცმულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად,გადაწყვეტილება

საბჭოს გადაწყვეტილებით ჩამოწერილ თანხის საქვეანგარიშო პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა მიჩნეულ იქნა მართებულად. ამასთნ აუდიტის დეპარტამენტს დაევა დამატებით შეისწავლოს სარგებლად განხილულ თანხებზე საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(29); 73(4); 73(9); 154(1)