ბრძანება N 4058
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4058
23 თებერვალი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,-------" (ს/ნ -------)
(მის.: -------., -------)
2026 წლის 19 და 22 იანვრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,-------" (ს/ნ -------) 2026 წლის 19 იანვრის №100070/1/2026 და 22 იანვრის №100180/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 დეკემბრის №081-345 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბინების რეალიზაციის საფუძველზე დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს. განმარტავს, რომ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „-------“ შეიქმნა კონკრეტული საინვესტიციო პროექტის – ------- მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით. მშენებლობის, ფინანსური მართვის, გაყიდვების ორგანიზებისა და საგადასახადო აღრიცხვის ფუნქციებს ფაქტობრივად და სრულად ახორციელებდა დამფუძნებელი პარტნიორი – შპს „-------“ (ს/ნ -------). შპს „-------“ 2014–2021 წლებში ახორციელებდა ბინების რეალიზაციას და აღნიშნული ოპერაციები სრულად ჰქონდა დაბეგრილი დღგით, რაც დასტურდება წარდგენილი დეკლარაციებითა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტებით. გადამხდელი ასევე, მიუთითებს, რომ დღგ-ით დაბეგრილია ბინების რეალიზაცია, რომელიც შპს „-------“ მიერ დეკლარირებულია 2022 წლამდე. შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების დასრულების შემდგომ, შპს „-------“ 2022 წლის 01 იანვრიდან 2025 წლის სექტემბრამდე ყველა თვის დღგ-ის დეკლარაცია დააზუსტა ნულოვანი მაჩვენებლით, ვინაიდან 2022 წლის საგადასახადო პერიოდი 2026 წლის 01 იანვრიდან გადადიოდა ხანდაზმულობაში, ერთი და იგივე ოპერაციებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება წარმოადგენდა აუცილებელ სამართლებრივ ნაბიჯს. შესაბამისად, შპს „-------“ მიერ ადრე გადახდილი დღგ-ის თანხები აისახა ზედმეტად გადახდილ გადასახადად და შემოსავლების სამსახურში წარდგენილია მოთხოვნა მათი დაბრუნების შესახებ, იმ მიზნით, რომ იგივე თანხები კვლავ ბიუჯეტში იქნეს გადახდილი, მაგრამ უკვე ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „-------“ სახელით. ამასთან, გადამხდელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებაში შესული ცვლილელების საფუძველზე მიუთითებს, რომ როდესაც საქმიანობის/მართვის არსებით გადაწყვეტილებებს იღებს ერთი და იგივე პირი, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს დღგ-ის მიზნებისათვის გადამხდელები ერთ პირად განიხილოს. მოცემულ შემთხვევაში ამხანაგობასა და შპს „-------“ ჰყავთ ერთი და იგივე ხელმძღვანელი – -------, ეკონომიკური საქმიანობა წარმოადგენს ერთიან, უწყვეტ და ურთიერთდაკავშირებულ პროცესს, ამასთან, ბიუჯეტს რეალური ზიანი არ დადგომია, ვინაიდან დღგ ფაქტობრივად გადახდილი იყო. ამხანაგობაზე დამატებითი დარიცხვა იწვევს ერთი და იგივე ოპერაციების ორმაგ დაბეგვრა. მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებები სრულად აკმაყოფილებს გადამხდელთა ერთ პირად განხილვის სამართლებრივ კრიტერიუმებს. ითხოვს, რომ ამხანაგობა „-------“ და შპს „-------“ განხილულ იქნეს ერთ გადამხდელად დღგ-ის მიზნებისათვის და გაუქმდეს ამხანაგობის დარიცხვა.
2. გადამხდელი, მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22514 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,-------" (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 17 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 19 დეკემბრის №27926 ბრძანება და ამავე თარიღის №081-345 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 625 026 ლარი, მათ შორის გადასახადი 329 334 ლარი, ჯარიმა 164 667 ლარი და საურავი 131 025 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა "-------" რეგისტრირებულია 04.11.2013 წელს. დღგ-ის გადამხდელად 19.10.2017 წელს. ამხანაგობის დამფუძნებლები არიან ამხანაგობა „-------" (ს/ნ -------) და შპს „-------" (ს/ნ -------). ამხანაგობა „-------" დამფუძნებელთა მიზანს წარმოადგენდა მრავალფუნქციური კომპლექსის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული ფართების, მიწისქვეშა ავტოსადგომის აშენება მიწის ნაკვეთზე მდებარე -------, ------- (ს/კ: -------). 25.09.2013 წლის ამხანაგობა „-------" დამფუძნებელთა კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომპლექსის დაყოფის (განშლა) შესახებ ცალკეულ ბინებად დამფუძნებელ პარტნიორებს შორის. კომპელქსი არის 10 სართულიანი, ორ სადარბაზოიანი. საერთო ფართი 6 731 კვ.მ. მათ შორის საცხოვრებელი ფართი 5 612 კვ.მ. კომერციული ფართი 333.63 კვ.მ. გადახურული ავტოსადგომი 271.82 კვ.მ. ღია ტერასა 513.59 კვ.მ. შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტის ელექტრონული გვერდის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საჯარო რეესტრში ამხანაგობა „-------“ მიერ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ნასყიდობის ხელშეკრულების (უძრავი ქონების საკუთრების უფლების გასხვისების შესახებ) წარდგენის საფუძველზე განხორციელებულია საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე. საჯარო რეესტრში წარდგენილი ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს წარმოადგენენ ერთის მხრივ, ამხანაგობა „-------“ (ქონების მესაკუთრე) და მეორე მხრივ, მესაკუთრის უფლების შემძენი სხვადასხვა ფ/პირები. შესამოწმებელ პერიოდში 01.01.2022-დან - 01.09.2025-მდე ამხანაგობა „-------“ მიერ რეალიზებულია საცხოვრებელი ბინები 1 829 632 ლარის ღირებულებით (დღგ-ის გარეშე). რეალიზებული ბინების სტატუსი საჯარო რეესტრის მიხედვით არის მშენებარე. ამხანაგობას შესამოწმებელ პერიოდში 01.01.2022-დან - 01.09.2025-მდე ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და დეკლარირება არ განუხორციელებია. არ აქვს გახსნილი ბანკში ანგარიშები, არ აქვს რეგისტრირებული საკონტროლო სალარო აპარატი. ამხანაგობა ------- 21.10.2025-ში ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. ამხანაგობას 21.10.2025-ის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. შემოწმებით, ამხანაგობა ------- დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს საგადასაახადო კოდექსის 275-ე მუხლით დადგენილი ჯარიმა.
ამასთან, შემოწმებით დადგენილი შემოსავალი (2 158 964 ლარი დღგ-ის ჩათვლით) უნდა განაწილდეს ამხანაგობის დამფუძნებელ პარტნიორებს შორის პროპორციულად. ამხანაგობა „-------“-სა და შპს „-------“ შორის 25.09.2013 წლის პარტნიორთა კრებაზე (ოქმი N3) მიღებული გადაწყვეტილების - კომპლექსის დაყოფის (განშლის) შესაბამისად. კერძოდ, ამხანაგობა „-------I“- ს 134 536 ლარი, შპს „-------“ 2 024 429 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 461 მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნისთვის, ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი რამდენიმე პირი (შემდგომ – პირთა ჯგუფი) მათი ფორმალური/იურიდიული დამოუკიდებლობის მიუხედავად, თუ სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:
ა) მათ საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს ერთი და იგივე პირი;
ბ) მათი საქმიანობის ადგილი იდენტურია;
გ) მათი საქმიანობის სახე და შინაარსი იდენტურია;
დ) ჯგუფის მონაწილე რომელიმე წევრი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება, რომ საჯარო რეესტრში ამხანაგობა „-------“ მიერ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ნასყიდობის ხელშეკრულების (უძრავი ქონების საკუთრების უფლების გასხვისების შესახებ) წარდგენის საფუძველზე განხორციელებულია საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე. საჯარო რეესტრში წარდგენილი ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს წარმოადგენენ ერთის მხრივ, ამხანაგობა „-------“ (ქონების მესაკუთრე) და მეორე მხრივ, მესაკუთრის უფლების შემძენი სხვადასხვა ფ/პირები. შესამოწმებელ პერიოდში (01.01.2022 - 01.09.2025) ამხანაგობა ------- მიერ რეალიზებულია საცხოვრებელი ბინები 1 829 632 ლარის ღირებულებით (დღგ-ის გარეშე). ამხანაგობას შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და დეკლარირება არ განუხორციელებია.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, შპს „-------“ და ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „-------“ დღგ-ის ერთ დასაბეგრ პირად განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 461 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი რამდენიმე პირის განხილვა მოხდეს ერთ დასაბეგრ პირად, ჯგუფის მონაწილე რომელიმე წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. ვინაიდან შპს „-------“ და ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,-------" არიან დღგ-ის გადამხდელები, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მათი დღგ-ის მიზნებისთვის ერთ დასაბეგრ პირად განხილვა არ არის მიზანშეწონილი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, მე-2 , 21 და 22 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არაღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,-------" (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. ბინების რეალიზაციის საფუძველზე დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადი.
2. გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ამხანაგობის დამფუძნებელთა მიზანს წარმოადგენდა მრავალფუნქციური კომპლექსის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული ფართების, მიწისქვეშა ავტოსადგომის აშენება.
შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტის ელექტრონული გვერდის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საჯარო რეესტრში ამხანაგობის მიერ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ნასყიდობის ხელშეკრულების (უძრავი ქონების საკუთრების უფლების გასხვისების შესახებ) წარდგენის საფუძველზე განხორციელებულია საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე. საჯარო რეესტრში წარდგენილი ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს წარმოადგენენ ერთის მხრივ, ამხანაგობა (ქონების მესაკუთრე) და მეორე მხრივ, მესაკუთრის უფლების შემძენი სხვადასხვა ფ/პირები. რეალიზებული ბინების სტატუსი საჯარო რეესტრის მიხედვით არის მშენებარე.ამხანაგობას შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და დეკლარირება არ განუხორციელებია. არ აქვს გახსნილი ბანკში ანგარიშები, არ აქვს რეგისტრირებული საკონტროლო სალარო აპარატი.
სალაროში ჩატარებული ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურით ამხანაგობას სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. ამხანაგობას დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დადგენილი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 269(7)