ბრძანება N 3928
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3928
20 თებერვალი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2026 წლის 22 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ---) 2026 წლის 22 იანვრის №100219/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 დეკემბრის №006-552 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ოქტომბრის №23063 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 18 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 23 დეკემბრის №28137 ბრძანება და ამავე თარიღის №006–552 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 304 588 ლარი, მათ შორის გადასახადი 148 600 ლარი, ჯარიმა 74 300 ლარი და საურავი 81 688 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
საწარმო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 7 აგვისტოს. გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შემოწმდა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. გადამხდელს ბრძანების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები საბანკო ტერმინალებისა და სალარო აპარატის ფისკალური მონაცემების მიხედვით, რამაც ჯამში შეადგინა სულ 826 720 ლარი (დღგ-ის გარეშე). გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული მონაცემების მიხედვით დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები არ უფიქსირდებოდა, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2022 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდში შეადგენდა 1 157 ლარს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობამ შეადგინა 825 563 ლარი (დღგ-ის გარეშე). შესაბამისად, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელს ბრძანების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარუდგენია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები საბანკო ტერმინალებისა და სალარო აპარატის ფისკალური მონაცემების მიხედვით, რამაც ჯამში შეადგინა სულ 826 720 ლარი (დღგ-ის გარეშე). გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული მონაცემების მიხედვით დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები არ უფიქსირდებოდა, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2022 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდში შეადგენდა 1 157 ლარს. შედეგად, შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ.
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ მხოლოდ ერთხელ მოხდა სატელეფონო კომუნიკაცია შემმოწმებლის მხრიდან და შემმოწმებელმა თავად განუმარტა, რომ სალარო აპარატზე დაფიქსირებულ თანხებში იყო გაურკვევლობა, თუმცა ამ ერთი კომუნიკაციის შემდგომ, არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა და არც დოკუმენტაცია არ ყოფილა მოთხოვნილი.
ამასთან, აღნიშნავს, რომ შემმოწმებელს კომპანიისგან არ გამოუთხოვია არც ბუღალტრული პროგრამა და არც რაიმე სხვა დოკუმენტაცია. აღნიშნული არგუმენტაციის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს მიეცეს უფლება აუდიტორმა მისი მონაწილეობით შეისწავლოს საკითხი. აცხადებს, რომ წარმოადგენს ყველა საჭირო დოკუმენტაციას, რომელიც განხილული უნდა ყოფილიყო საგადასახადო შემოწმების დროს და წარდგენილი იქნებოდა შემოწმების პროცესშივე, რომ ჰქონოდა ამის შესაძლებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქმის ზეპირ განხილვაზე განმარტა, რომ პოსტერმინალზე ფიქსირდება რამდენჯერმე, რამდენიმე წუთის განსხვავებით, ერთი და იმავე ოდენობის თანხის ჩარიცხვა, რომელთან დაკავშირებითაც გადამხდელის მიერ გაშიფრული ინფორმაცია არ იქნა მიწოდებული შემმოწმებლისთვის. ამასთან, შემოწმებით ვერ მოხერხდა თანხის ჩამრიცხავი პირის იდენტიფიცირებაც. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საბანკო დაწესებულებისგან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ს/ნ--) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის საბანკო დაწესებულებისგან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელს ბრძანების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარუდგენია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები საბანკო ტერმინალებისა და სალარო აპარატის ფისკალური მონაცემების მიხედვით, რამაც ჯამში შეადგინა სულ 826 720 ლარი (დღგ-ის გარეშე). გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული მონაცემების მიხედვით დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები არ უფიქსირდებოდა, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2022 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდში შეადგენდა 1 157 ლარს. შედეგად, შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საბანკო დაწესებულებისგან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159 (1); 163 (1,2); 164 (1).