გადაწყვეტილება №25209/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.07.2025
№ დოკუმენტი 25209/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25209/2/2025

01 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:ი/მ -------------ი (ს/ნ -----------------)

მოპასუხე: საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ის 23.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №----/2/2025).

 

დავის საგანი:

ინვენტარიზაციის შედეგად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.02.2025 წლის №----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 29.04.2025 წლის №8027 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 94 669,77 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა მეორადი ავტონაწილების იმპორტი-რეალიზაცია.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.07.2024 წლის №16647 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

გადამხდელს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ყველა ბუღალტრული საბუთი დამუშავებულია, მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღებულია შემოსავალში, ხოლო რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოწერილია, აგრეთვე ჩამოერთვა ხელწერილი იმის შესახებ, რომ იგი აწარმოებს რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფინანსურ აღრიცხვას, ასევე ინვენტარიზაციის ბრძანების ჩაბარებამდე მას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია არ აქვს ჩატარებული და საგადასახადო ორგანოში არ აქვს ნაცნობები სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისის ან/და აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ. ჩამოერთვა ინფორმაცია ინვენტარიზაციის დაწყებამდე ბოლო საანგარიშო პერიოდ(ებ)ში (რომლის მიხედვით დეკლარირების ვადა არ არის დამდგარი/გასული) მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ დანართი №19-ის II ცხრილის შესაბამისად.

ი/მ -------------ი (ს/ნ -----------------) საქმიანობიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სახეობების მიხედვით აღრიცხვა. შესაბამისად, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტიური აღრიცხვა განხორციელდა იმ ზომის ერთეულში (კილოგრამებში) რა ფორმითაც ხდებოდა იმპორტირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა საბაჟო ორგანოს მიერ.

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური აღრიცხვა დაიწყო 18.07.2024 წელს და დასრულდა 25.07.2024 წელს. სმფ-ების ფაქტიური აღწერის შედეგებზე შედგენილი იქნა „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ“ ოქმი (დანართი №16).

გადამხდელს ჩამოერთვა განმარტებითი ბარათი, რომ მის მიერ გადამოწმებულ იქნა საინვენტარიზაციო უწყისები, საინვენტარიზაციო კომისიამ ფასეულობები აღწერა სწორად, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ ფასეულობებს იღებს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად.

ი/მ ------------ი (ს/ნ -----------------) მიერ 25.07.2024 წლის №----/21-12 განცხადებით წარმოდგენილ იქნა სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმი (დანართი №19) წონის მიხედვით, რომელიც არასრულყოფილად იყო შევსებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული იქნა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანების საფუძველზე 15.07.2024 წლის №16647 ბრძანებით განსაზღვრული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ მოხდა დანართი №22-ის შევსება საგადასახადო ორგანოში აღნიშნული გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე.

- საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2022 წლის 30 ნოემბრიდან (2022 წლის 30 ნოემბრის №29904 ბრძანება სმფ-ების ინვენტარიზაციის შესახებ) ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე;

- საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების წონა – 74 303,11 კილოგრამი – მეწარმის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებს შორის სხვაობა, რომელიც მეწარმის მიერ აღებულ იქნა შემოსავალში.

- ერთეული კილოგრამის საბაზრო ფასის 12,32 ლარი გაანგარიშებულ იქნა 2022 წლის 30 ნოემბრიდან - ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ერთეულის წონის თანაფარდობით სასაქონლო ზედნადებებში მითითებულ სარეალიზაციო ფასთან.

- 2022 წლის 30 ნოემბრიდან – 2024 წლის 15 ივლისამდე პერიოდის განმავლობაში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების წონა 18 494,77 კილოგრამი (13 418,58 კგ. აღებულ იქნა მეწარმის მიერ გამოწერილი ზედნადებებიდან, ხოლო 5 076,19 კგ. გამოანგარიშებულ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხის ერთეული კილოგრამის ფასზე შეფარდებით).

- საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შევსებულ იქნა დანართი №22–ის I ცხრილი – დანართი №19–ის I ცხრილის და დანართი №16–ის მონაცემების საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა აღურიცხველმა სასაქონლო-მატერიალურმა ფასეულობებმა შეადგინა 15 368,47 კილოგრამი.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 189 339,55 ლარის ღირებულების აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი არ გამოვლინდა.

ი/მ ------------ის (ს/ნ -----------------) 2024 წლის 20 ნოემბერს ჩაბარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტი, რასთან დაკავშირებითაც 2024 წლის 27 ნოემბრის №3551872 განცხადებით წარადგინა პოზიცია.

გადასახადის გადამხდელმა პოზიციაში აღნიშნა, რომ: არ გააჩნიათ აღურიცხველი სმფ-ები და საგადასახადო ოფიცრებმა არ გაითვალისწინეს სმფ-ების საწყისი ნაშთის დადგენისას ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული 5 %-იანი ცდომილება.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის მედიაციის საბჭო №84 სხდომის ოქმით ი/მ ------------ი (ს/ნ -----------------) საქმის განხილვა გადაიდოს მომდევნო მედიაციის სხდომის ჩატარებამდე. 2025 წლის 24 თებერვლის მედიაციის საბჭო №2 სხდომის ოქმით ი/მ ------------ი (ს/ნ -----------------) წერილობითი პოზიცია არ დაკმაყოფილდა.

საბოლოოდ, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 189 339,55 ლარის ღირებულების აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა ნაშთების გაანგარიშებისას იხელმძღვანელა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ი/მ ------------ი (ს/ნ -----------------) მიერ 2024 წლის 25 ივლისის №124990/21-12 განცხადებით წარმოდგენილ სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმი (დანართი №19) წონის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ნაშთის გაანგარიშება დაწყებულია 2023 წლის 19 მაისიდან და საწყის ნაშთად აღებულია 256 503,5 კგ. ასევე, ი/მ ---------ის 2024 წლის პირველი ოქტომბრის ახსნა-განმარტებაში ფიქსირდება, რომ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთმა შეადგინა 256 503,5 კგ. და მის მიერ საბუღალტრო ჩანაწერებსა და აუდიტორულ დასკვნით დადგენილ რაოდენობას შორის გამოვლენილი სხვაობები ასახულ იქნა საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. ასევე, ი/მ ----------ის ბუღალტრის ---------ის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ საექსპერტო აუდიტორული დასკვნის შესაბამისად სმფ-ების წონამ შეადგინა 256 503,5 კგ. და მისი განმარტებით, ბუღალტრული ანგარიშგება გასწორებულ იქნა აუდიტის დასკვნიდან, ექსპერტიზის სიზუსტით. შემოსავლების სამსახურში წარდგენილ 7.07.2023 წლის №------/21-12 საჩივარში -----------ი აღნიშნავს, რომ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთმა შეადგინა 256 503,5 კგ. ნაშთის შესახებ იგივე ინფორმაცია მეორდება ი/მ ------------ის (ს/ნ -----------------) მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში 6.09.2023 წელს წარდგენილ №-----/2/2023 საჩივარში და 12.02.2024 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (საქმე №3/8651-23). ვინაიდან გადამხდელმა იხელმძღვანელა ექსპერტიზის მიერ დადგენილი რიცხვით (256 503,5 კგ.) და მას არც ბუღალტრულ გაანგარიშებების წარმოებისას და არც წარმოდგენილ საჩივრებში არ გამოუყენებია ცდომილების 5%, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული საჩივარში აღურიცხველ საქონელთან მიმართებაში ექსპერტიზის ცდომილების გათვალისწინება.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.02.2025 წლის №----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.04.2025 წლის №8027 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 70-ე, მე-8, 72-ე, 270-ე და 286-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში და საჩივრების ზეპირი განხილვის დროს მითითებულ გარემოებასა და არგუმენტზე, რომ აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობის განსაზღვრისას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული შპს „-------ის“ მიერ 19.05.2023 წლის №--/--/05/23 საექსპერტო/აუდიტორული დასკვნაში მითითებული საქონლის აწონვით დადგენილ რაოდენობაში (კილოგრამი) ექსპერტის მიერ დაშვებული 5%-იანი ცდომილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობის განსაზღვრის მიზნით, უნდა დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, იხელმძღვანელოს 29.05.2023 წლის №---/---/05/23 საექსპერტო/აუდიტორული დასკვნით დადგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობაში (კილოგრამი) ექსპერტის მიერ დაშვებული ცდომილების მინიმალური ოდენობის შესაბამისად (3%). ამასთან, აღურიცხავად მიჩნეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 30 ოქტომბრის №29904 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გასაჩივრებული ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი და დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, იხელმძღვანელოს 19.05.2023 წლის დასკვნის თანახმად ცდომილების მინიმალური ოდენობის 3%-ის შესაბამისად.

ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი ბრძანება, ასევე ოქმი №----- და დაევალოს შემოსავლების სამსახურს აღურიცხველად მიჩნეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ცდომილების 5%-ის ოდენობის შესაბამისად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.07.2024 წლის №16647 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. მომჩივნის საქმიანობაა მეორადი ავტონაწილების იმპორტი-რეალიზაცია.ი/მ ------------ი (ს/ნ -----------------) საქმიანობიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სახეობების მიხედვით აღრიცხვა. შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური აღრიცხვა განხორციელდა იმ ზომის ერთეულში (კილოგრამებში) რა ფორმითაც ხდებოდა იმპორტირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა საბაჟო ორგანოს მიერ. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 189 339,55 ლარის ღირებულების აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

შემოსავლების სამსახურის 29.04.2025 წლის №8027 ბრძანებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა იხელმძღვანელოს 29.05.2023 წლის №--/--/05/23 საექსპერტო/აუდიტორული დასკვნით დადგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობაში (კილოგრამი) ექსპერტის მიერ დაშვებული ცდომილების მინიმალური ოდენობის შესაბამისად (3%). ამასთან, აღურიცხველად მიჩნეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 30 ოქტომბრის №29904 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულების შესაბამისად.

შპს „--------ის“ (ს/ნ -----) 19.05.2023 წლის №--/--/05/23 საექსპერტო/აუდიტორულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ აბსოლუტური სიზუსტით რაოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დგინდება მხოლოდ სავარაუდო წონა, ფაქტიურიდან გამომდინარე 3-5%-იანი ცდომილების დაშვებით, რომლის მიხედვითაც აისახება ექსპერტის დასაბუთებული აზრი ავტომანქანების დაშლის შედეგად მიღებული მეორადი სათადარიგო ნაწილების რაოდენობის შესახებ.

საბჭო მიუთითებს საქმეში არსებულ მასალებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს „-------------ის“ (ს/ნ ----------) 19.05.2023 წლის №--/--/05/23 საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა გასათვალისწინებელ გარემოებად მიიჩნია, საბჭო აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში დასკვნაში მითითებული ჩანაწერიდან გამომდინარე, მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები თანაბრად საყურადღებოა და აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივნის მოთხოვნა გასაზიარებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ინვენტარიზაციის შედეგად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს შპს „---------ის“ (ს/ნ ----------) 19.05.2023 წლის №--/--/05/23 საექსპერტო/აუდიტორული დასკვნაში ექსპერტის მიერ დაშვებული სრული ცდომილების ოდენობით (3-5%), ინვენტარიზაციის შედეგად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ოდენობის ფარგლებში.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.04.2025 წლის №8027 ბრძანება;

3. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხი შეისწავლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენისთვის დაკისრებული ჯარიმის კორექტირება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ინვენტარიზაციის შედეგად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №16647 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. მომჩივნის საქმიანობაა მეორადი ავტონაწილების იმპორტი-რეალიზაცია.მომჩივანის საქმიანობიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სახეობების მიხედვით აღრიცხვა. შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური აღრიცხვა განხორციელდა იმ ზომის ერთეულში (კილოგრამებში) რა ფორმითაც ხდებოდა იმპორტირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა საბაჟო ორგანოს მიერ. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 189 339,55 ლარის ღირებულების აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №8027 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა იხელმძღვანელოს საექსპერტო/აუდიტორული დასკვნით დადგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობაში (კილოგრამი) ექსპერტის მიერ დაშვებული ცდომილების მინიმალური ოდენობის შესაბამისად (3%). ამასთან, აღურიცხველად მიჩნეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტის მიერ №29904 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულების შესაბამისად.ამასთან, საექსპერტო/აუდიტორულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ აბსოლუტური სიზუსტით რაოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დგინდება მხოლოდ სავარაუდო წონა, ფაქტიურიდან გამომდინარე 3-5%-იანი ცდომილების დაშვებით, რომლის მიხედვითაც აისახება ექსპერტის დასაბუთებული აზრი ავტომანქანების დაშლის შედეგად მიღებული მეორადი სათადარიგო ნაწილების რაოდენობის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის №8027 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში..

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ინვენტარიზაციის შედეგად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საექსპერტო/აუდიტორული დასკვნაში ექსპერტის მიერ დაშვებული სრული ცდომილების ოდენობით (3-5%), ინვენტარიზაციის შედეგად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ოდენობის ფარგლებში.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(4);