ბრძანება N 25274

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.10.2023
№ დოკუმენტი 25274
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25274

11.10. 2023

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------ის“ (ს/ნ --------------)

(ფაქტ. მის.: ----------------------.;

იურ. მის.: -------------------------)

2023 წლის 10 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №103) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ --------------) №83504/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 აგვისტოს №006-419 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატის ოდენობას. აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად წარმოადგინა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, სადაც ნათლად ჩანს როგორც მთლიანი რეალიზებული პროდუქციის ღირებულება, ასევე არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი ფასნამატი. აცხადებს, რომ შემმოწმებელს შემოწმების პერიოდში არ გაუვლია აღნიშნული ცხრილი გადასახადის გადამხდელთან ერთად, არ დაინტერესებულა მისი სისწორით, მხოლოდ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადაანგარიშების შესახებ დასკვნიდან გახდა ნათელი, რომ სრულად არ მომხდარა აღნიშნული ცხრილის შესწავლა და შედეგების გათვალისწინება დასკვნაში. მომჩივანი ასევე აცხადებს, რომ მთლიანი რპთ-ის გამრავლებით, თუნდაც შემმოწმებლის მიერ აღებულ ფასნამატზე, არ მიიღება შემმოწმებლის მიერ გამოყვანილი ბრუნვები. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შემმოწმებელს არასწორად აქვს დათვლილი რპთ (შესაძლებელია შემმოწმებლის მიერ შეცდომით რეალიზებული იყოს ძირითადი საშუალებები, რომლებიც ჯერ კიდევ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაშია და მასზე იხდის ქონების გადასახადს). ამასთან, გადასახადის გადამხდელის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, შემმოწმებლის მიერ არ მომხდარა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილის გაზიარება, გაუგებარია რით იხელმძღვანელეს და როგორ გამოიყვანეს ის ფასნამატები თითეულ ჯგუფზე, რაც შემდგომ ცხრილში მოხვდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს საკითხის შესწავლას გადამხდელთან ერთად და შედეგების გათვალისწინებით დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მაისის №11822 ბრძანებით შპს „--------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი 2022 წლის 23 დეკემბრის №006-610 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

„1. შპს „--------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმეტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მაისის №11822 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 7 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა სულ 13 833 ლარით, მათ შორის, გადასახადი 9 531 ლარი, ჯარიმა 4 302 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 11 აგვისტოს №006-419 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

. გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილი იქნა ფასნამატის განაკვეთთან დაკავშირებული ცხრილები. აღნიშნული ცხრილებიდან ვერ დგინდება გადამხდელის მიერ რეალიზებული საცალო და საბითუმო პროდუქციის ფასნამატი. შესაბამისად, ამ ნაწილში გადაანგარიშება არ მომხდარა.

. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, გათვალისწინებული ყოფილიყო ვადაგასული და შემდგომში მიწოდებისთვის უვარგისად მიჩნეული, საგადასახადო ორგანოში განცხადების წარმოდგენის გზით ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მართლზომიერად იქნა მიჩნეული. შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ 2019 წელს წარმოდგენილი განცხადებებით ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობა. გადაანგარიშების შედეგად აღნიშნული საქონელი გამოაკლდა რეალიზებულად მიჩნეულ პროდუქციას. შესაბამისად, დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები. შემცირებას დაექვემდებარა ასევე დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის გავრცელებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული თანხები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ფასნამატის ოდენობასთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ წარმოადგენს გადაანგარიშების საფუძველს და არ ვლინდება დამატებითი გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე. ამასთან, შემოწმებით, გადაანგარიშების ეტაპზე გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ 2019 წელს წარმოდგენილი განცხადებებით ჩამოწერილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები, რაც გამოაკლდა რეალიზებულად მიჩნეულ პროდუქციას და შესაბამისად, შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად ასევე მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, ითხოვს საკითხის შესწავლას გადამხდელთან ერთად და შედეგების გათვალისწინებით დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №11822 ბრძანებით მომჩივანის საჩივარი №006-610 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

„1. გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმეტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის №11822 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა სულ 13 833 ლარით, მათ შორის, გადასახადი 9 531 ლარი, ჯარიმა 4 302 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა №006-419 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304( 21);