ბრძანება N 21562

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.09.2023
№ დოკუმენტი 21562
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21562

04 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,---ს’’ (ს/ნ ---)

(მის.: ---)

2023 წლის 4 აგვისტოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე

უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №90) განიხილა შპს ,,---ს’’ (ს/ნ ---) №82849/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №031-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ, არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ოდენობას, ასევე საქონლის ექსპორტის ღირებულების ხელფასის სახით განაცემად განხილვას. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა და გაითვალისწინა მხოლოდ 2 მომწოდებლის მიერ მოწოდებული შესყიდვის აქტები, ხოლო დანარჩენი თანხა კვლავ დატოვა როგორც ხელფასის სახით გაცემული განაცემი. მიუთითებს, რომ შესყიდვის აქტებში მითითებულია მომწოდებლის რეკვიზიტები, რომელიც მათ მიერ ხელმოწერითაა დადასტურებული. აცხადებს, რომ დასტურდება, საქონლის ექსპორტზე გატანა, თან ახლავს წარმოშობის სერთიფიკატი, შესაბამისად, აღნიშნული არ უნდა იწვევდეს შესყიდვის აქტების ნამდვილობის ეჭვს. ითხოვს უკიდურეს შემთხვევაში სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით ხარჯების 75%-ის გათვალიწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 17 სექტემბრის №25714 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 1 აგვისტოს №031-11 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2018 წლის 20 აგვისტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

,, 1. შპს „---"-ს (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის დამატებით შესწავლა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტმა სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.’’

შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 17 სექტემბრის №25714 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 28 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 58 838 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 39 225 ლარით, ჯარიმა 19 613 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 4 აპრილის №031-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად გადამხდელმა წარმოადგინა შესყიდვის აქტები. აღნიშნული დოკუმენტაციის ნამდვილობის დადგენის მიზნით შემმოწმებლის მიერ შესყიდვის აქტები გადაგზავნილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის 23 მარტის წერილის შესაბამისად დგინდება, რომ გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ფიზიკური პირები, რომელთაგან მხოლოდ ორმა ფიზიკურმა პირმა დაადასტურა შესყიდვის აქტების რეალობა. შესაბამისად, აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ მიწოდებული საქონელი დაექვემდებარა გამოქვითვას. შედეგად, შემოწმების მიერ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ფიზიკური პირები, რომელთაგან მხოლოდ ორმა ფიზიკურმა პირმა დაადასტურა შესყიდვის აქტების რეალობა. შესაბამისად, აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ მიწოდებული საქონელი დაექვემდებარა გამოქვითვას. შედეგად, შემოწმების მიერ განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ,,---ს’’ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 17 სექტემბრის №25714 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 28 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 58 838 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 39 225 ლარით, ჯარიმა 19 613 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 4 აპრილის №031-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 304 (21).