ბრძანება N 18048

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.08.2024
№ დოკუმენტი 18048
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18048

05 აგვისტო 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------, მის.: ----------)

2024 წლის 28 ივნისის და 2 ივლისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 ივლისის სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №90430/1/2024 და №90493/1/2024 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 21 ივნისის №AL053979 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, ქაღალდის პარკები პირველად იქნა შემოტანილი კომპანიის მიერ. ტვირთის ინვოისში დასახელება მითითებული იყო ქაღალდის პაკეტები, ექსპორტის დეკლარაციაშიც ანალოგიურად. მათთვის უცნობი იყო თუ ქაღალდის პაკეტებს შიგნიდან გამოკრული ჰქონდა ცელოფანი, ამიტომ არ უზრუნიათ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვაზე.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებული სანქციის საპატიოდ ჩათვლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 18 ივნისს შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ №---------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევის მიზნით დეკლარირებული იქნა 37013.23 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი. აღნიშნული დეკლარაციისათვის მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“.

გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რის შემდეგაც გამოვლინდა, რომ პლასტიკის შესაფუთ პარკებზე დარღვეული იყო პლასტიკის პარკის ნიშანდების წესი და არ იყო დატანილი საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მე-9 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო ინფორმაცია – იმ საქონლის ან პროდუქტის დასახელება, რომლის შესაფუთადაც არის განკუთვნილი პარკი ან/და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშანი.

ვინაიდან შპს „----------“ (ს/ნ ----------) მხრიდან ადგილი ჰქონდა ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შედგენილ იქნა №AL053979 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 825 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და შეეფარდა ჯარიმა - 1 000 ლარის ოდენობით და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია (ოქმი №----------).

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ეწევიან საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის პარკების, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებას, იმპორტს ან/და რეალიზაციას.

ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, შეფუთვისათვის განკუთვნილი პლასტიკის პარკი განმარტებულია, როგორც საქონლის ან/და პროდუქტის შეფუთვისათვის განკუთვნილი ნებისმიერი ზომისა და სისქის პლასტიკის პარკი, ხელსაკიდით ან ხელსაკიდის გარეშე, რომელიც გამოიყენება მწარმოებლის/დამფასოებლის მიერ, როგორც ნედლეულის, ასევე დამუშავებული პროდუქტის ან/და საქონლის შესაფუთად, დასაცავად, გადასატანად, მისაწოდებლად და მისი მოცილება უშუალოდ ნედლეულის/პროდუქტის/საქონლის მოხმარების დროს ხდება.

ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია შეფუთვისათვის განკუთვნილი პლასტიკის პარკის საქონლის ან/და პროდუქტის მიწოდების ადგილზე გამოყენება ან/და განთავსება, მასში საქონლის ან/და პროდუქტის მოთავსების მიზნით.

ამავე წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეფუთვისათვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე დატანილი უნდა იყოს იმ საქონლის ან პროდუქტის დასახელება, რომლის შესაფუთადაც არის განკუთვნილი პარკი ან/და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშანი.

ამავე მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ ინფორმაცია პარკზე უნდა განთავსდეს გამოსაჩენ ადგილას, ხედვის ერთ არეალში. დაუშვებელია ინფორმაციის გადაფარვა სხვა წარწერით ან ნახატით.

მე-7 პუნქტის მიხედვით კი, პარკზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლისთვის უნდა იყოს ადვილად წასაკითხი და გასაგები. ნიშანდებამ და აღწერილობამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი.

ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლი მიუთითებს, რომ პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მე-10 მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 825 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით, ხოლო თუ აღნიშნული პროდუქციის კონფისკაცია შეუძლებელია − მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარითა და გამოვლენილი პლასტიკის/ ბიოდეგრადირებადი პარკების (სამართალდარღვევის საგნის) რაოდენობის 0.25 ლარზე ნამრავლის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან, ადგილი ჰქონდა პლასტიკის პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევას, რაც წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ მოქმედებას, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 825 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმა) დადება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 278-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად იქნეს დატოვებული 2024 წლის 21 ივნისის №AL053979 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული სახდელი;

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, სტეფანე ზუბალაშვილის ქ. №30) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273- ე მუხლით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებული სანქციის საპატიოდ ჩათვლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მხრიდან, ადგილი ჰქონდა პლასტიკის პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევას, რაც წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ მოქმედებას, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმა) დადება მართლზომიერია.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგ ნორმებს: 825(1).