გადაწყვეტილება №20060/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.08.2023
№ დოკუმენტი 20060/2/202
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20060/2/2023

17 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------26.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20060/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილი თანხების უპროცენტო სესხად განხილვა;

2. ექსპორტით რეალიზებული საქონლის ღირებულების ხელფასის სახით მიღებულ თანხად განხილვა;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №086-59 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №13081 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 109 612,61 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 61 971

დღგ - 19 591

მოგების გადასახადი - 12 758

საშემოსავლო გადასახადი - 29 622

ჯარიმა - 36 566

საურავი - 11 075,61

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობის საგანია ადგილობრივი და იმპორტირებული ხე-ტყის მასალის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, რამდენჯერმე განხორციელებული აქვს ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია.

აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 8.01.2019 წლიდან 16.06.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №086-59 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №13081 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილი თანხების უპროცენტო სესხად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

3.06.2021 წელს საზოგადოებამ სს ------------- №------------- სესხი 27 000 ლარის ოდენობით, ხოლო 7.10.2021 წელს მეორედ აითვისა №------------სესხი 100 000 ლარის ოდენობით, საიდანაც გადაიფარა პირველი №------------ სესხი. აღნიშნული სესხებიდან ანგარიშვალდებულ პირს -------------- (პ/ნ ----------) პერიოდების მიხედვით უფიქსირდება ჯამში 100 000 ლარის გატანა დანიშნულებით „სამეურნეო განაცემები“ და „სხვადასხვა განაცემები“. შესამოწმებელ პერიოდში სს ----------- ბანკში სესხების დასაფარად შეტანილია ჯამში 28 109 ლარი. ანგარიშვალდებული პირის მიერ აღნიშნული თანხების სალაროში შეტანა და გატანა არ ფიქსირდება, ასევე აღნიშნული თანხებით არც კრედიტორული დავალიანება არ არის დაფარული და ნაშთად არც ანგარიშვალდებულ პირს უფიქსირდება.

ზემოთხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 და მე9 ნაწილების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ:

ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილი თანხები განხილულ იქნა უპროცენტო სესხად, რაც საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოგების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვას წარმოადგენს, ხოლო შესაბამის პერიოდებში ბანკში შეტანილი თანხები განხილულ იქნა სესხის თანხის ნაწილის დაბრუნებად, რაც საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩათვლას დაექვემდებარა. საზოგადოებას სალდირებულად დაერიცხა გადასახადის თანხა და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილი თანხები განხილულ იქნა უპროცენტო სესხად, რაც საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს წარმოადგენს (წლიური 20%). აღნიშნული შემოსავალი საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საზოგადოებას ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სესხები ---------- ბანკში, აღნიშნული სესხებიდან ანგარიშვალდებულ პირს პერიოდების მიხედვით უფიქსირდება ჯამში 100 000 ლარის გატანა. შესამოწმებელ პერიოდში ------------ ბანკში სესხების დასაფარად შეტანილია ჯამში 28 109 ლარი. გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით ანგარიშვალდებული პირის მიერ აღნიშნული თანხების სალაროში შეტანა და გატანა არ ფიქსირდება, ასევე აღნიშნული თანხებით არ ფიქსირდება კრედიტორული დავალიანების დაფარვა და არც ნაშთად არც უფიქსირდება ანგარიშვალდებულ პირს.

ზემოთხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილი თანხები განხილულ იქნა უპროცენტო სესხად, მასზე გაანგარიშდა საპროცენტო სარგებელი, რომელიც დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე აქტის შედგენისას და აღნიშნული აქტის საფუძველზე გადასახადების დარიცხვის თაობაზე შესაბამისი ბრძანების გამოცემისას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები.

ასევე დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის მოთხოვნები, რამდენადაც საგადასახადო შემოწმების შედეგებზე აქტის შედგენისას და აღნიშნული აქტის საფუძველზე გადასახადების დარიცხვის თაობაზე შესაბამისი ბრძანების გამოცემისას პრაქტიკულად არ განხორციელებულა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების სიღრმისეული და საფუძვლიანი შესწავლა, გამოკვლევა და შეფასება.

შემოწმების შედეგებზე მიღებული არ არის საგადასახადო შემოწმების აქტის წინასწარი შედეგები, შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტს არ მოუთხოვია და არ წარდგენილა გადასახადის გადამხდელის პოზიცია, რის გამოც პრაქტიკულად არ მომხდარა აქტზე გადასახადის გადამხდელის მოსაზრებების შეჯერება შემმოწმებელთა მიერ აქტში დაფიქსირებულ გარემოებებთან, არ მომხდარა გადასახადის გადამხდელთან ერთად განხილვა-შეფასება. ყოველივე ზემოაღნიშნულთა გამო, შემოწმების შედეგებზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა არგუმენტებისა და მოსაზრებების, ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის შედეგადაც შემმოწმებლების მხრიდან საწარმოს საფინანსო-სამეურნეო ოპერაციებს პრაქტიკულად მიეცა მხოლოდ ცალმხრივი და შესაბამისად, არასწორი შეფასება-კვალიფიკაცია ისე, რომ მასში არ არის გათვალისწინებული ისეთი არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, როგორსაც ამ შემთხვევაში წარმოადგენს საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად დაწესებული რეგულაციები/ნებართვები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებელთა მიერ არაკანონზომიერად და არამართლზომიერად განხორციელდა დამატებითი გადასახადების და შესაბამისი ფინანსური სანქციების დარიცხვა, რის გამოც აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტის საფუძველზე, საგადასახადო მოთხოვნით (28.12.2022 წ. №086-59) დარიცხული თანხები უსაფუძვლოა, არამართლზომიერია, რომელიც ზემოაღნიშნული არგუმენტების საფუძველზე არსებითად უნდა გადაანგარიშდეს.

არასწორია შემოწმების აქტის შედეგები (საკითხი №1, საკითხი №4). შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ საზოგადოების დირექტორს საბანკო ანგარიშებიდან გატანილი აქვს თანხა დაახლოებით 100 000 ლარი დანიშნულებით სამეურნეო განაცემები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებას გაცემული აქვს 100 000 ლარის სესხი იურიდიულ პირზე (საჩივარს ახლავს სესხის ხელშეკრულება), შესაბამისად შემოწმების აქტით დარიცხული თანხა საკითხები №1, №4-ის ნაწილში შესამცირებელია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიის მიერ მიღებული სესხებიდან ანგარიშვალდებულ პირს უფიქსირდება ჯამში 100 000 ლარის გატანა დანიშნულებით „სამეურნეო განაცემები“ და „სხვადასხვა განაცემები“. წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით ანგარიშვალდებული პირის მიერ აღნიშნული თანხების სალაროში შეტანა არ ფიქსირდება, ასევე დაფარული არ არის კრედიტორული დავალიანება და არ ფიქსირება ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის ნაშთად.

აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2023 წლის №65382-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, იურიდიულ პირზე გაცემული სესხი შემოწმების პროცესში მოწოდებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით დებიტორად არ ფიქსირდება, საპროცენტო შემოსავალი არ უფიქსირდება იმ პირობებში, როდესაც მთლიან შესამოწმებელ პერიოდში 3 900 ლარის ხელფასია დეკლარირებული.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილი თანხები ნაშთად არ ირიცხება, ასევე არ დასტურდება აღნიშნული თანხით კრედიტორული დავალიანების დაფარვა, საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის უპროცენტო სესხად განხილვა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ექსპორტით რეალიზებული საქონლის ღირებულების ხელფასის სახით მიღებულ თანხად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს 2021-2022 წწ. პერიოდზე უფიქსირდება ექსპორტზე გატანის გზით საქონლის რეალიზაცია 103 310 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურებული თანხები ნაშთად სალაროში და ანგარიშვალდებულ პირთან არ ფიქსირდება. შემოწმების შედეგად აღნიშნული თანხა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განხილულ იქნა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საზოგადოებას ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სანქცია.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ გარემოებებზე და განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას რამდენჯერმე განხორციელებული აქვს ექსპორტის სასაქონლო ოპერაციები, შემოწმების აქტით აღნიშნული ოპერაციებიდან თანხა ჩაითვალა სრულად მიღებულად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით როგორც დირექტორის ხელფასი.

ექსპორტის სასაქონლო ოპერაციებიდან თანხის ნაწილი საზოგადოებას მისაღები აქვს, უფიქსირდება დებიტორული დავალიანება, დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს დოკუმენტების მოძიება და საჩივრის განხილვისას ან განხილვის ჩატარებიდან უმოკლეს ვადაში წარმოდგენილი იქნება ორმხრივი შედარების აქტი, სადაც დაფიქსირებული იქნება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მისაღები თანხების რაოდენობა, რაც გამოიწვევს საკითხი №5-ის შესაბამისად დარიცხული თანხის კორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს 2021-2022 წლებში უფიქსირდება საქონლის რეალიზაცია ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით, ღირებულებით 103 310 ლარი. საქონლის ღირებულების ანაზღაურებული თანხები სალაროში ნაშთად არ ფიქსირდება. ასევე, არ ფიქსირდება თანხის საქვეანგარიშოდ გაცემა.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით, 36 566 ლარის ოდენობით. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №086-59 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 11 075,61 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269- ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით).

ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო არ არის შემოწმების აქტის შედეგები საკითხი №2-ის ნაწილში, კომპანიის მიზანი არ არის გადასახადებისგან თავის არიდება, თანხის დარიცხვა ძირითადად გამოწვეულია ბუღალტრული ოპერაციების არასრულად აღრიცხვის და საზოგადოების ბუღალტრის შეცდომით და არცოდნით, აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, კომპანიას უნდა შეუმცირდეს საკითხი №2-ში დარიცხული სანქციები.

თანხის დარიცხვა ძირითადად გამოწვეულია საზოგადოების ბუღალტრის და დირექტორის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის არ ცოდნის და შესაბამისი დოკუმენტების არასრულად წარმოების გამო, აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად კომპანიას უნდა შეუმცირდეს გადაანგარიშების შემდეგ დარჩენილი სანქციები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილი თანხების უპროცენტო სესხად განხილვა;

2. ექსპორტით რეალიზებული საქონლის ღირებულების ხელფასის სახით მიღებულ თანხად განხილვა;

3. სანქციებისგან გათავისუფლება;

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს 2021-2022 წლებში უფიქსირდება საქონლის რეალიზაცია ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით. საქონლის ღირებულების ანაზღაურებული თანხები სალაროში ნაშთად არ ფიქსირდება. ასევე, არ ფიქსირდება თანხის საქვეანგარიშოდ გაცემა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:275(2);272(1);269(7);