გადაწყვეტილება №19736/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19736/2/2023
14 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (პ/ნ ----------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 22.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19736/2/2023).
დავის საგანი:
1. ქონებაზე ყადაღის დადება;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 6.07.2021 წლის №049-397 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;
2. ვალის მართვის დეპარტამენტის 4.10.2022 წლის №2021/049-397/2 და №2021/049-397/3 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტები;
3. ვალის მართვის დეპარტამენტის 24.05.2022 წლის №CB1332967 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
4. შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8770 ბრძანება.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აღიარებული საგადასახდო დავალიანების არსებობის გამო ვალის მართვის დეპარტამენტის 6.07.2021 წლის №049-397 ბრძანებით ყადაღა დაედო მომჩივნის ქონებას, რაზეც შედგა 4.10.2022 წლის №2021/049-397/2; №2021/049-397/3 აქტები ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. ამასთან ქონების ნუსხის წარუდგენლობის გამო შედგა 24.05.2022 წლის №CB1332967 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.04.2023 წლის №8770 ბრძანებით, საჩივარი ვალის მართვის დეპარტამენტის 6.07.2021 წლის №049-397 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების და 24.05.2022 წლის №CB1332967 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8770 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ სადავო აქტები ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სადავო ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო18.02.2022 წელს, ხოლო სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გაეცნო 6.06.2022 წელს. შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 3 და 4 აპრილს.
სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივრები ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სადავო ბრძანებისა და №CB1332967 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა აღნიშნულ ნაწილში საჩივრების განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2023 წლის მარტში შეიტყო, რომ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებით მის ქონებაზე დადებულია ყადაღა და სასამართლო იწყებს ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვას. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე მიმართა საგადასახადო ორგანოს და მოითხოვა გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე შესასვლელი რეკვიზიტები. როგორც გვერდზე შესვლის შემდეგ გაირკვა, ერიცხება დავალიანება, რომელსაც არ ეთანხმება და გაასაჩივრა დაუყოვნებლივ, რადგან ეს დავალიანება არ ეკუთვნის. არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, შემოსავლების სამსახურის აქტს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, სრულად. თვლის, რომ ისინი ბათილად უნდა იქნას ცნობილი, შემდეგ გარემოებათა გამო: პირადი აღრიცხვის ბართზე გამოგზავნილი დარიცხვის საფუძველი აქტები ჩაბარდა 30.03.2023 წელს და ისინი გასაჩივრებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში.
შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნებით და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დარიცხული თანხები არ არის აღიარებული და სრულიად უსაფუძვლოა პირად ბარათზე დარიცხული თანხების აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში გადატანის ფაქტი და ამ საფუძველზე ქონების მიმართ ყადაღის ბრძანების გამოცემის ფაქტი! ასევე უსაფუძვლოა და ბათილად უნდა იქნას ცნობილი ვალის მართვის დეპარტამენტის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების საფუძველზე გამოცემული: შემოსავლების სამსახურის აქტი, №2021/049-397/3 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ; შემოსავლების სამსახურის აქტი, №2021/049-397/2 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;
ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ყოველივე ზემოაღნიშნული და ბათილად იქნას ცნობილი:
1. შემოსავლების სამსახურის №8770 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის №049-397 ბრძანება, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
3. შემოსავლების სამსახურის №2021/049-397/3 აქტი, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;
4. შემოსავლების სამსახურის №2021/049-397/2 აქტი, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;
5. დარიცხული თანხები გადატანილ იქნას გრაფაში: ,,დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული“.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახდო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
ვალის მართვის დეპარტამენტის 26.06.2023 წლის №----------21-17 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მომჩივანი მის მიმართ გამოცემული ვალის მართვის დეპარტამენტის 6.07.2021 წელს №049-397 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ელექტრონულად გაეცნო 18.02.2022 წელს, ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტის 24.05.2022 წლის №CB1332967 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ელექტრონულად გაეცნო 6.06.2022 წელს.
საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია ელექტრონულად 2023 წლის 3 და 4 აპრილს, გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
მომჩივანი მიუთითებს, რომ პირადი აღრიცხვის ბართზე გამოგზავნილი დარიცხვის საფუძველი, აქტები ჩაბარდა 30.03.2023 წელს და ისინი გასაჩივრებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში, თუმცა მომჩივანი არ წარმოადგენს თავისი არგუმენტის დამადასტურებელ მტკიცებულებას.
ვინაიდან მომჩივანი არ წარმოადგენს თავისი არგუმენტის დასადასტურებელ მტკიცებულებას სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8770 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება, თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.
საგადასახდო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა.
საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში.
საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში. ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, გადასახადის გადამხდელი/ვალდებული პირი და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას. თუ ამ პირებმა უარი განაცხადეს ხელმოწერაზე, აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქონებაზე ყადაღის (აღწერის) დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის.
სადავო საკითხზე ვალის მართვის დეპარტამენტის 26.06.2023 წლის №----------21-17 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე, 5.07.2021 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადი 38 027,25 ლარი, ჯარიმა 11 406 ლარი, საურავი 15 842,71 ლარი, არაღიარებული საგადასახადო დავალიანება 652 000,88 ლარი.
ამგვარად, ვინაიდან 5.07.2021 წლის მდგომარეობით მომჩივანს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საბჭოს მიაჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 4.10.2022 წლის №2021/049-397/2 და №2021/049-397/3 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ქონებაზე ყადაღის დადება;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხზე ვალის მართვის დეპარტამენტის 26.06.2023 წლის №60851-21-17 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე, 5.07.2021 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადი 38 027,25 ლარი, ჯარიმა 11 406 ლარი, საურავი 15 842,71 ლარი, არაღიარებული საგადასახადო დავალიანება 652 000,88 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან 5.07.2021 წლის მდგომარეობით მომჩივანს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საბჭოს მიაჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 4.10.2022 წლის №2021/049-397/2 და №2021/049-397/3 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 241.