გადაწყვეტილება №21425/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21425/2/2023
03 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“- ის 27.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21425/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ სხვაობებთან მიმართებით, დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივნისის №002-103 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27750 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 261 652 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 176 119
დღგ - 5 388
საშემოსავლო გადასახადი - 170 731
ჯარიმა - 80 632
საურავი - 4 901
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №29993 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
- გადასახადის გადამხდელს 2022 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ აქვს წარდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაცია. მომჩივნის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით დგინდება, რომ საწარმოს 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდზე უფიქსირდება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, კერძოდ, ხელფასის გაცემა.
შემოწმებით აღნიშნული განაცემები დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
- გადასახადის გადამხდელს 2022 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ აქვს წარდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია. მომჩივნის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით დგინდება, რომ საწარმოს 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდზე უფიქსირდება დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით აღნიშნული ბრუნვები დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივნისის №12689 ბრძანება და №002-103 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 261 652 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 5 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 13 ნოემბრის №27750 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების შესახებ ----სთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები);
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ოპერაციის ფორმა/შინაარსის და საწარმოს წმინდა მოგების გათვალისწინებით, შეისწავლოს ---ზე სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში გადახდილი თანხების გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27750 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე მუხლებზე და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
როგორც შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში დააფიქსირეს, 2022 წლამდე ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებდნენ საბუღალტრო პროგრამა „Apex“-ში. 2022 წელს შეიძინეს ახალი საბუღალტრო სააღრიცხვო პროგრამა „FMG“. სწორედ 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდი დაემთხვა „Apex“-დან „FMG“ ინფორმაციის გადატანის პროცედურებს, ამავდროულად დაინიშნა სრული კამერალური საგადახადო შემოწმება და ვერ შეძლეს 2022 წლის ოქტომბრის თვის დეკლარაციებში სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა და მონაცემების სრულად დამუშავებამდე დროებით წარადგინეს ნულოვანი დეკლარაციები.
საწარმოს მხრიდან ნულოვანი დეკლარაციების წარდგენა გამოწვეული იყო მომჩივნისგან დამოუკიდებელი მიზეზებით და მისი მიზანი არ ყოფილა გადასახადისგან თავის არიდება, რაზეც დამატებით მიუთითებს ის ფაქტი, რომ გადასახადის თანხა, რომელიც გადასახდელად დაერიცხებოდა 2022 წლის ოქტომბრის დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებით, კომპანიის მიერ წინმსწრებით და მეტი ოდენობით არის გადახდილი ბიუჯეტში. აღნიშნულს ადასტურებს ის, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით ამ ნაწილში დარიცხულ თანხებს არ გამოუწვევია საურავის დარიცხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს საკმარისი მიზეზი, რომ საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად შეუმცირდეთ საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. მომჩივანი არ დავობს დარიცხვის მართლზომიერებაზე, არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, მაგრამ მიაჩნია, რომ აღნიშნული გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით. მიუთითებს, რომ 2022 წლამდე ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებდა საბუღალტრო პროგრამა „Apex“- ში. 2022 წელს შეიძინეს ახალი საბუღალტრო სააღრიცხვო პროგრამა „FMG“. 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდი დაემთხვა „Apex“-დან „FMG“-ში ინფორმაციის გადატანის პროცედურებს, რის გამოც ვერ შეძლო 2022 წლის ოქტომბრის თვის დეკლარაციებში სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა.
ამასთან, აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ გამოვლენილი დამატებით დასარიცხი გადასახადის თანხები როგორც დღგ, ასევე საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტში გადახდილია დროულად და მეტი ოდენობით.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა დამატებით დასარიცხი გადასახადის თანხების მომჩივნის მიერ გადახდა ბიუჯეტში.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანს სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით შესრულებული აქვს საგადასახადო ვალდებულება, დადგენილ ვადაში გადახდილი აქვს კუთვნილი გადასახადი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების პროცესში მოქმედებდა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით, იგი სრული მოცულობით ასრულებდა იმ საგადასახადო ვალდებულებებს, რომელთა შესრულების საჭიროებაც ჰქონდა გაცნობიერებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით. შესაბამისად, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ სხვაობებთან მიმართებით, დაკისრებული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ სხვაობებთან მიმართებით, დაკისრებული ჯარიმისგან;
3. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, 2022 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ სხვაობებთან მიმართებით, დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივნისის №12689 ბრძანება და №002-103 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 261 652 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 5 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 13 ნოემბრის №27750 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269 (7).