გადაწყვეტილება №24407/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24407/2/2024
14 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 6.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24407/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1581 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2024 წლის №005-113 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.11.2024 წლის №23597 ბრძანება.
დარიცხული თანხა: (- 377 456) ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - (- 440 142)
დღგ - (- 565 514)
საშემოსავლო გადასახადი - 125 372
ჯარიმა - 62 686
საურავი - 0
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 30.07.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის (წინა საგადასახადო შემოწმების მასალები) კომპანიას ერიცხება ფიზიკური პირის 161 540 ლარის ღირებულების კრედიტორული დავალიანება, ამასთან, დამატებით განმარტებულია, რომ მისთვის გადასაცემია 161 450 ლარის ღირებულების ფართი. შემოწმებით დადგინდა, რომ 2020 წლის 1 დეკემბერს, ზემოხსენებულ ფიზიკურ პირზე, საწარმოს გადარიცხული აქვს 245 523 ლარი (84 072 ლარით მეტი ვიდრე რიცხული კრედიტორული დავალიანებაა). შემოწმებისთვის, აღნიშნული ვალდებულების და ტრანზაქციების წარმოშობის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადამხდელს არ წარმოუდგენია. შემოწმებით, სხვაობა დაკვალიფიცირდა, როგორც აღნიშნული ფიზიკური პირის, მიერ მიღებული სარგებელი და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ 2020 წლის დეკემბრის თვეში დეკლარირებული აქვს 3 141 732 ლარის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული ბრუნვიდან, 510 064 ლარის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები განხორციელებული აქვს 2018, 2019 და 2021 წლებში. შემოწმებით, აღნიშნული თანხით შემცირდა 2020 წლის დეკემბრის თვის და გაიზარდა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვები. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 9 181 ლარის ოდენობით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.08.2021 წლის №005-198 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.03.2022 წლის №8031 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კრედიტორულ დავალიანებასა და გადარიცხულ თანხას შორის სხვაობის ფიზიკური პირის სარგებლად განხილვის, ზედმეტად დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და დეკლარირებული სხვა ხარჯების შინაარსის გადაკვალიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 31.03.2022 წლის №8031 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 15.09.2022 წლის №16355/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის 31.03.2022 წლის №8031 ბრძანების და საბჭოს 15.09.2022 წლის №16355/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2022 წლის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ბრძანება მომჩივანს ჩაბარდა 2022 წლის 1 აპრილს და ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, სადავო საკითხებთან დაკავშირებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აუდიტის დეპარტამენტში არ წარუდგენია. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტი მოკლებული იყო სადავო საკითხების დამატებით შესწავლის შესაძლებლობას. აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირებულა.
აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 26.07.2022 წლის №005-118 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1581 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შემოსავლების სამსახურის 31.03.2022 წლის №8031 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები (მ.შ. წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლები სამსახურის 1.02.2023 წლის №1581 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი 1.07.2024 წლის დასკვნის მიხედვით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ქ. თბილისის მერიისგან 2023 წლის 13 მარტის №---------- მოხსენებითი ბარათით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია იმის შესახებ არის თუ არა ---------- მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ----------) საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ობიექტთა ნუსხაში და სარგებლობს თუ არა შპს „----------“ (ს/ნ ----------) შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-81-ე ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათებით, შედეგად აუდიტის დეპარტამენტს ეცნობა, რომ ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 19 ივნისის №---------- ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, საქართველოს ბავშვთა ფედერაციის და ჯანდაცვის სამინისტროს №---------- საავადმყოფო-პოლიკლინიკას შორის (ს/კ ----------) მრავალფუნქციური შენობის (საცხოვრებელი ბინები, სავაჭრო საყოფაცხოვრებო, საოფისე, სწრაფი კვების ობიექტები, საგამოფენო დარბაზი, მცირე სამაყურებლო დარბაზი) არქიტექტურული პროექტი და გაიცა 2007 წლის 26 იანვრის ---------- სანებართვო მოწმობა. დამკვეთი: ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „----------“. აღნიშნული ობიექტი საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და 81-ე ნაწილების თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ობიექტთა ნუსხაში შეყვანილი 1830 ნომრით. 2008 წლის 4 ივლისის №01/848 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, საქართველოს ბავშვთა ფედერაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს №---------- საავადმყოფო-პოლიკლინიკას შორის (ს/კ ----------) მრავალფუნქციური შენობის (კომერციული და საოფისე ფართები, საცხოვრებელი ბინები) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა №---------- სანებართვოს მოწმობა. დამკვეთი: ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „----------“ (----------) აღნიშნული ობიექტი საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და 81-ე ნაწილების თანახმად, დღგისგან ჩათვლის უფლების გათავისუფლებულ ობიექტთა ნუსხაში შეყვანილია 1986 ნომრით. 2011 წლის 17 ივნისის №---------- ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, საქართველოს ბავშვთა ფედერაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს №---------- საავადმყოფო-პოლიკლინიკას შორის მდებარე, შპს „----------“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ----------) მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. 2012 წლის 24 აპრილის №---------- ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ----------, საქართველოს ბავშვთა ფედერაციის და ჯანდაცვის სამინისტროს №---------- საავადმყოფო-პოლიკლინიკას შორის, თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე (ნაკვ. №----------), მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2012 წლის 30 აპრილიდან 2012 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირდა დღგ სულ 574 695 ლარით, მათ შორის გადასახადი 565 514 ლარი და ჯარიმა 9 181 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 17.07.2024 წლის №005-113 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.11.2024 წლის №23597 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ კრედიტორულ დავალიანებასა და გადარიცხულ თანხას შორის სხვაობის ფიზიკური პირის სარგებლად განხილვასთან და 2020 წლის დეკემბრის თვეში მოგების გადასახადში დეკლარირებულ სხვა ხარჯებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, შემოწმების ხელთ არსებული მასალების შესწავლა/დამუშავების შედეგად, ზემოაღნიშნულ სადავო საკითხებში აქტით დარიცხული თანხის კორექტირება არ განხორციელებულა, კერძოდ, გადამხდელის მიერ არ მომხდარა მოგების დეკლარაციაში სხვა ხარჯად დაბეგრილი თანხის ხელფასად დაკვალიფიცირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა, ხოლო ფიზიკური პირისათვის კრედიტორული დავალიანების დაფარვის ნაწილში, წარდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად დარიცხვის საფუძვლები არ იცვლება. ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე, შემცირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის თანხა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გასაჩივრებულ საკითხები, რომელიც 2022 წლის 31 მარტის №8031 ბრძანებით დაექვემდებარა დამატებით შესწავლას იყო შემდეგი:
2) გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კრედიტორულ დავალიანებასა და გადარიცხულ თანხას შორის სხვაობის ფიზიკური პირის სარგებლად განხილვას. მიუთითებს, რომ ფიზიკურმა პირმა 2017 წელს საწარმოს გადმოურიცხა თანხა აშშ დოლარში, რის სანაცვლოდაც უნდა შესრულებულიყო ვალდებულებები. ხოლო, ვინაიდან ვერ შესრულდა ვალდებულებები საწარმომ უკან გადაურიცხა თანხა 2020 წლის აშშ დოლარის კურსის მიხევდით. შესაბამისად გაუგებარია კურსთაშორისი სხვაობის თანხის სარგებლად განხილვა.
5) გადამხდელი არ ეთანხმება 2020 წლის დეკემბერში დეკლარირებულ მოგების გადასახადში მითითებული სხვა ხარჯებს. აღნიშნავს, რომ უნდა მომხდარიყო შინაარსის გადაკვალიფიცირება, სხვა ხარჯები განხილულიყო როგორც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯი და ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხები დაბეგრილიყო წყაროსთან, როგორც დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირების ხელფასი.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 31 მარტის №8031 ბრძანებით შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში კომპანიის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებულ იქნა მტკიცებულებები და არგუმენტაცია, რომლის მიხედვითაც გადაანგარიშებას უნდა დაქვემდებარებოდა აღნიშნული საკითხი, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 1 ივლისს გამოცემულ დასკვნაში ზემოაღნიშნული საკითხები მოხსენიებული არ არის.
№2 საკითხთან დაკავშირებით მომჩივანი აღნიშნავს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას გადამხდელის მიერ კრედიტორული დავალიანების გასტუმრებისთვის ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) გადარიცხული თანხის სარგებლად განხილვასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საჩივარშიც აღნიშნა და შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოზეც დააფიქსირა პოზიცია, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) და ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) შორის 2015 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული №---------- ხელშეკრულების თანახმად, ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) შპს „----------“ (ს/ნ ----------) ჩაურიცხა 66 835 აშშ დოლარის ექვივალენტი 161 540,21 ლარი, ასევე 2017 წლის 1 ნოემბერს კომპანიას ჩაურიცხა 7 000 აშშ დოლარი, 2017 წლის 29 ნოემბერს ჩარიცხა დამატებით 3 000 აშშ დოლარი და 2017 წლის 13 დეკემბერს ასევე გადმორიცხული აქვს 7 500 ლარი ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დასაფარავად. 2020 წლის 1 დეკემბერს შპს „----------“ (ს/ნ ----------) და ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) შორის შეთანხმების შესაბამისად კომპანიამ ფიზიკურ პირს უკან დაუბრუნა ზემოაღნიშნული თანხები, კერძოდ 73 835 აშშ დოლარის ექვივალენტი - 245 523 ლარი (2020 წლის 1 დეკემბრის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი 1 აშშ დოლართან მიმართებით - 3,3253 ლარი), ვინაიდან კომპანიის მხრიდან ვერ მოხდა ხელშეკრულებით ნაკისრი ბინის გადაცემა.
შემოსავლების სამსახურმა 31.03.2022 წლის №8031 ბრძანებაში დააფიქსირა, რომ მითითებული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, შესწავლის შედეგად უნდა დადგინდეს მხარეებს შორის ხელშეკრულება დადებული იყო თუ არა დოლარში და აღნიშნული სხვაობა გამოწვეულია თუ არა კურსთაშორის სხვაობით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოახდინოს დარიცხული თანხების გადაანგარიშება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მოხდა ზემოაღნიშნული ბრძანებით გაცემული დავალების აღსრულება. ითხოვს ზემოაღნიშნული საკითხის ხელახალ შესწავლას გაცემული დავალების შესაბამისად გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელებას შემცირების გზით.
№5 საკითხთან დაკავშირებით მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2020 წლის დეკემბერში დეკლარირებულია 111 512,92 ლარი როგორც სხვა ხარჯი. აღნიშნული ნაწილი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა განხილულიყო როგორც არაეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯი, არამედ უნდა მომხდარიყო შინაარსის გადაკვალიფიცირება და განხილულიყო როგორც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯი და ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხები დაბეგრილიყო გადახდის წყაროსთან, როგორც დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირების ხელფასი, ან გადასახადის არაგადამხდელი ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების ფარგლებში გადახდილი საზღაური, ან დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში გადახდილი იჯარის საფასური, რომელიც დაიბეგრებოდა საშემოსავლო გადასახადით წყაროსთან, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო გადახდილი თანხების არამიზნობრივ და არაეკონომიკური საქმიანობისთვის გადახდილ თანხებად განხილვა, ვინაიდან როგორც ბანკიდან, ასევე სალაროდან გასული ფულადი სახსრები არ გაფლანგულა არამიზნობრივად და აქვს შესაბამისი დანიშნულება და ზემოაღნიშნული თანხების მიზნობრიობას წარმოადგენდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების გაწევა.
შემოსავლების სამსახურმა 31.03.2022 წლის №8031 ბრძანებაში დააფიქსირა, რომ მითითებული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მოხდა ზემოაღნიშნული ბრძანებით გაცემული დავალების აღსრულება. ითხოვს ზემოაღნიშნული საკითხის ხელახალ შესწავლას გაცემული დავალების შესაბამისად გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელებას შემცირების გზით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭოს 15.09.2022 წლის №16355/2/2022 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
არ დაეთანხმა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ შედეგებს და გასაჩივრების შემდგომ შემოსავლების სამსახურის 31.03.2022 წლის №8031 ბრძანებით მე-2, მე-4 და მე-5 საკითხებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხების ხელახალი შესწავლა.
მე-4 საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ უკვე მოხდა საკითხის შესწავლა და შესაბამისი გადაანგარიშებაც განხორციელებულია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.
ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.
ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.
შემოსავლების სამსახურში ზემოაღნიშნულ ორივე საკითხთან მიმართებით წარდგენილია გაანგარიშებები.
მოგების გადასახადში გადამხდელის მიერ შეცდომით დეკლარირებულ თანხებთან მიმართებით აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებულია დეტალური გაშიფვრა თანხების მოძრაობის, სადაც თვალნათლივ ჩანს გადამხდელის მიერ დეკლარირებისას დაშვებული შეცდომა. შესაბამისად, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი არ ვლინდება.
ფ/პ ---------- მიმართ ანგარიშსწორებისას აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ დარიცხვასთან მიმართებით შემოსავლების სამსახურმა 2022 წლის 31 მარტის №8031 ბრძანებაში დააფიქსირა, რომ მითითებული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, შესწავლის შედეგად უნდა დადგინდეს მხარეებს შორის ხელშეკრულება დადებული იყო თუ არა დოლარში და აღნიშნული სხვაობა გამოწვეულია თუ არა კურსთაშორის სხვაობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოახდინოს დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
შპს „----------“ (ს/ნ ----------) და ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) შორის 2015 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული №---------- ხელშეკრულების თანახმად, ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) შპს „----------“ (ს/ნ ----------) ჩაურიცხა 66 835 აშშ დოლარის ექვივალენტი 161 540,21 ლარი, ასევე 2017 წლის 1 ნოემბერს კომპანიას ჩაურიცხა 7 000 აშშ დოლარი, 2017 წლის 29 ნოემბერს ჩარიცხა დამატებით 3 000 აშშ დოლარი და 2017 წლის 13 დეკემბერს ასევე გადმორიცხული აქვს 7 500 ლარი ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დასაფარად. 2020 წლის 1 დეკემბერს შპს „----------“ (ს/ნ ----------) და ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) შორის შეთანხმების შესაბამისად კომპანიამ ფიზიკურ პირს უკან დაუბრუნა - 73 835 აშშ დოლარის ექვივალენტი - 245 523 ლარი (2020 წლის 1 დეკემბრის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი 1 აშშ დოლართან მიმართებით - 3,3253 ლარი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მოხდა ზემოაღნიშნული ბრძანებით გაცემული დავალების აღსრულება. ითხოვს ზემოაღნიშნული საკითხის ხელახალ შესწავლას გაცემული დავალების შესაბამისად გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელებას შემცირების გზით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომელიც გამოწვეულია შეცდომით/არ ცოდნით, რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან აღნიშნული დარიცხვა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
შემოსავლების სამსახურის 31.03.2022 წლის №8031 ბრძანებით, კრედიტორულ დავალიანებასა და გადარიცხულ თანხას შორის სხვაობის ფიზიკური პირის სარგებლად განხილვის, ზედმეტად დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და დეკლარირებული სხვა ხარჯების შინაარსის გადაკვალიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1581 ბრძანებით ამავე სამსახურის 31.03.2022 წლის №8031 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები (მ.შ. წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 11.02.2025 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, კრედიტორულ დავალიანებასა და გადარიცხულ თანხას შორის სხვაობის ფიზიკური პირის სარგებლად განხილვის საკითხის დამატებით შესწავლისას დადგინდა, რომ ფიზიკურ პირ ---------- (პ/ნ ----------) შპს „----------“ 2015 წლის სექტემბერში და 2017 წლის დეკემბერში გაფორმებული აქვს ბინისა და ავტოფარეხის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანხა დაფიქსირებულია აშშ დოლარში. ---------- აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „----------“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული აქვს თანხები ჯამში 66 835 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 161 540 ლარი. 2020 წლის აგვისტოს თვეში შეწყვეტილია ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისად ---------- 2020 წლის დეკემბრის თვეში დაუბრუნდა 245 523,4 ლარი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებების სახით ნასყიდობის ხელშეკრულება, შეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტაზე, ასევე თანხის მოძრაობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დეკლარირებული სხვა ხარჯების შინაარსის გადაკვალიფიცირების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით საკითხის დამატებითი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდის კონკრეტულ თვეებში გაცემული აქვს ხელფასი 85 272 ლარის ოდენობით, რომელიც არ არის დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. ამ ნაწილში გადამხდელს საშემოსავლო გადასახადში დამატებით ერიცხება ძირითადი გადასახადი 21 318 ლარი და ჯარიმა 10 840 ლარი. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული თანხა დაბეგრილია არასწორად მოგების გადასახადში და ითხოვს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბრუნვად დაკვალიფიცირებას. შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე დადგენილი არ არის კომპანიაში გაწეული არამიზნობრივი ხარჯი, რომელიც შესაძლოა იყოს დასაბეგრი მოგების გადასახადით.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1581 ბრძანების აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, მოგების გადასახადის ნაწილში 2020 წლის დეკემბერში გაანგარიშებული გადასახადის კორექტირების საკითხი აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი უნდა იქნას წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივანი ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1581 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.11.2024 წლის №23597 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხის შესწავლა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 11.02.2025 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, კრედიტორულ დავალიანებასა და გადარიცხულ თანხას შორის სხვაობის ფიზიკური პირის სარგებლად განხილვის საკითხის დამატებით შესწავლისას დადგინდა, რომ ფიზიკურ პირთან მომჩივანს 2015 წლის სექტემბერში და 2017 წლის დეკემბერში გაფორმებული აქვს ბინისა და ავტოფარეხის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანხა დაფიქსირებულია აშშ დოლარში. ფიზიკურ პირს აღნიშნულთან დაკავშირებით მომჩივანის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული აქვს თანხები ჯამში 66 835 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 161 540 ლარი. 2020 წლის აგვისტოს თვეში შეწყვეტილია ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისად ფიზიკურ პირს 2020 წლის დეკემბრის თვეში დაუბრუნდა 245 523,4 ლარი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებების სახით ნასყიდობის ხელშეკრულება, შეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტაზე, ასევე თანხის მოძრაობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დეკლარირებული სხვა ხარჯების შინაარსის გადაკვალიფიცირების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით საკითხის დამატებითი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდის კონკრეტულ თვეებში გაცემული აქვს ხელფასი 85 272 ლარის ოდენობით, რომელიც არ არის დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. ამ ნაწილში გადამხდელს საშემოსავლო გადასახადში დამატებით ერიცხება ძირითადი გადასახადი 21 318 ლარი და ჯარიმა 10 840 ლარი. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული თანხა დაბეგრილია არასწორად მოგების გადასახადში და ითხოვს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბრუნვად დაკვალიფიცირებას. შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე დადგენილი არ არის კომპანიაში გაწეული არამიზნობრივი ხარჯი, რომელიც შესაძლოა იყოს დასაბეგრი მოგების გადასახადით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1581 ბრძანების აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, მოგების გადასახადის ნაწილში 2020 წლის დეკემბერში გაანგარიშებული გადასახადის კორექტირების საკითხი აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი უნდა იქნას წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(1 „ბ“); 101(1); 154(1„ა“); 275.