გადაწყვეტილება №22843/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22843/2/2024
05 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს “-------”-ის 11.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22843/2/2024).
დავის საგანი:
საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №094-97 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6026 ბრძანება
დარიცხული თანხა: 773 128, 9 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 389 132
დღგ - 368
საშემოსავლო გადასახადი - 388 764
ჯარიმა - 194 963
საურავი 189 033, 9
ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობაა სამშენებლო/სარემონტო მომსახურების გაწევა.
2023 წლის 17 ივლისის №17326 ბრძანებით დაინიშნა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 25.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივნის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისში“ არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინა, რომ 2020 წლის საანგარიშო პერიოდში სალაროდან ფიქსირდება ხელფასის გაცემა 2 456 220 ლარის ოდენობით, რომელიც არ დაბეგრილა გაცემის მომენტში გადახდის წყაროსთან. აღნიშნულთან დაკავშირებით მომჩივანმა განმარტა, რომ 2020 წლის საანგარიშო პერიოდში სალაროდან გაცემული თანხმები წარმოადგენდა ხანდაზმულ პერიოდში გაცემულ ხელფასს, რომელიც დეკლარირებული იყო ხანდაზმულ პერიოდშივე.
ხანდაზმული პერიოდის დეკლარაციების მონაცემების, შესაბამის პერიოდის ბუღალტრულ აღრიცხვის მონაცემებთან შედარებით დადგინა, რომ დეკლარირებული მონაცემი 512 440 ლარით აღემატება პროგრამაში დაფიქსირებულ მონაცემებს. მონაცემის ანალიზით და მიღებული შედეგის გათვალისწინებით 2020 წლის საანგარიშო პერიოდში განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რომელიც დეკლარირებულ მონაცემებს აღემატება 1 943 780 ლარის ოდენობით. შედეგად გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №33071 ბრძანება და №094-97 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6026 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 491 -ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს 2020 წლის საანგარიშო პერიოდში სალაროდან გაცემული აქვს ხელფასები და არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ დააკმაყოფილა.
მომჩივნის არგუმენტაცია
საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხვა შესამცირებელია ნაწილობრივ, როგორც უსაფუძვლო, რადგან ზაკ-ის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ შემოწმების შედეგად, მომჩივნის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისში“ არსებული მონაცემების, გადასახადის გადამხდელის განმარტების და ხანდაზმული პერიოდის დეკლარირებული მონაცემების ანალიზის შედეგად გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2024 წლის №46549-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში განხორციელდა მომჩივნის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისში“ არსებული მონაცემების ანალიზი, დადგინდა, რომ 2020 წლის საანგარიშო პერიოდში ფიქსირდება ხელფასის გაცემა 2 456 220 ლარის ოდენობით, რომელიც არაა დაბეგრილი გაცემის მომენტში გადახდის წყაროსთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, მომჩივანი ამბობს, რომ 2020 წლის საანგარიშო პერიოდში სალაროდან გაცემული თანხები წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდში გაცემულ ხელფასს, რომელიც დეკლარირებული იყო ხანდაზმულ პერიოდში. განხორციელდა ხანდაზმული პერიოდის დეკლარირებული მონაცემების შედარება შესაბამისი პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებთან, რის შედეგადაც დადგინდა, რომ დეკლარირებული მონაცემები 512 440 ლარით აღემატება პროგრამაში დაფიქსირებულ მონაცემს. აღნიშნული მონაცემების ანალიზით და მიღებული შედეგის გათვალისწინებით, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში შემოწმების მიერ განსაზღვრული იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რომელიც დეკლარირებულ მონაცემებს აღემატება 1 943 780 ლარის ოდენობით. შედეგად, გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
მომჩივანი ვერ უთითებს რომელ ნაწილშია უსაფუძვლო საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა. საქმისთვის მნიშვნელოვანი რომელი გარემოება არ არის გამოკვლეული ან საქმესთან დაკავშირებული რომელი დოკუმენტები არ არის გამოთხოვილი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
2023 წლის 17 ივლისის №17326 ბრძანებით დაინიშნა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივნის მიერ წარდგენილი ბუღალტრული მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინა, რომ 2020 წლის საანგარიშო პერიოდში სალაროდან ფიქსირდება ხელფასის გაცემა, რომელიც არ დაბეგრილა გაცემის მომენტში გადახდის წყაროსთან. მომჩივანმა განმარტებით, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში სალაროდან გაცემული თანხმები წარმოადგენდა ხანდაზმულ პერიოდში გაცემულ ხელფასს, რომელიც დეკლარირებული იყო ხანდაზმულ პერიოდშივე.
შემოწმების მიერ განხორციელდა ხანდაზმული პერიოდის დეკლარირებული მონაცემების შედარება შესაბამისი პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებთან, განსაზღვრულ იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რომელიც აღემატებოდა დეკლარირებულ მონაცემს. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6026 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101; 154