გადაწყვეტილება №19140/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.04.2023
№ დოკუმენტი 19140/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

19140/2/2023

27.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 27.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 18.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19140/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 17.06.2021 წლის №19553 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №028-15 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3636 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 137 716,42 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 59 837

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი - 17 647

დღგ - 11 517

მიწა - არასასოფლო- 38

მიწის გადასახადი (სასოფლო) - 15

მოგების გადასახადი - 23 452

საშემოსავლო გადასახადი - 6 653

ქონების გადასახადი - 515

ჯარიმა - 33 214

საურავი - 44 665,42

 

ფაქტების აღწერა

სადავო დარიცხვა განხორციელებულია აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2020 წლის შემოწმების აქტით. შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 30.12.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2020 წლის №028-34 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 17.06.2021 წლის №19553 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 17.06.2021 წლის №19553 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 116 270 ლარით, მათ შორის, გადასახადი 78 338 ლარით და ჯარიმა 37932 ლარით. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №028-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3636 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საქმეზე არსებულ მტკიცებულებებზე და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მოგების გადასახადის გაანგარიშებისას გამოყენებულ სალაროს ნაშთის დათვლისას შემმოწმებელს სალაროს ხარჯად მიჩნეული და გამოკლებული აქვს მხოლოდ ხელფასის ხარჯი და დივიდენდის სახით გაცემული თანხები. შემმოწმებლის თქმით მას არ გააჩნდა პირველადი დოკუმენტები სალაროდან გაწეული ხარჯების დასადასტურებლად, ხოლო აქტში მოცემული ხარჯების გარდა არის კიდევ ისეთი ხარჯები, რომელიც სალაროდანაა გაწეული და უნდა გამოაკლდეს მოგების გადასახადის გაანგარიშებისას გამოყენებულ ფულად ნაშთს. ასეთია: ცემენტის, საწვავის, მეწარმედ რეგისტრირებული მძღოლების, იმპორტით შემოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვადასხვა წვრილმანი ხარჯები, რომელთა წარმოდგენა მოხდება მოთხოვნის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინება გამოიწვევს მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზის შემცირებას და შესაბამისად დარიცხული თანხისა და მასზე გაანგარიშებული საჯარიმო სანქციის შემცირებასაც.

დამატებული ღირებულების გადასახადის გაანგარიშებისას ჩათვლების შემცირება იმ მიზეზით, რომ მეორე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი ფაქტურები ან მომჩივნის მიერ მატერიალური სახით არ მოხდა წარდგენა არასწორია ვინაიდან, ვერ მოხდებოდა დეკლარაციაში ჩასათვლელი თანხის მითითება აღნიშნული დოკუმენტაციის არასებობის შემთხვევაში, შესაბამისად უნდა მოხდეს 3 აღნიშნული ჩათვლების აღდგენა. რაც შეეხება დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას, პროდუქცია მიწოდებული იყო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებისათვის რაც, გათავისუფლებული ბრუნვაა, თუმცა ზედნადებების გაწერისას მოხდა შეცდომა, სადაც მითითებული იყო არა დაბეგვრა ნულოვანი განაკვეთით არამედ ჩვეულებრივი დაბეგვრით, რაც შემმოწმებელმა ჩათვალა დასაბეგრ ბრუნვად, ვინაიდან მიწოდება ნამდვილად თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებზეა განხორციელებული რისი დადასტურებაც შესაძლებელია, (მოხდა ნაწილობრივი გადაანგარიშება) უნდა მოხდეს აღნიშნული დარიცხვის გადაანგარიშება. ასევე, რიგ თვეებში დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვები გაზრდილია.

შემოწმებას კი, იმ თვეებში, სადაც ზედმეტად აქვს დეკლარირებული შემოსავლები და შესაბამისად ბიუჯეტშიც ზედმეტი თანხები აქვს გადახდილი, შემცირება არ აქვს მოხდენილი. შემოწმების და დეკლარირებული მონაცემები ერთი და იგივე აქვს, იმის მაგივრად, რომ მოეხდინა ზედმეტად დეკლარირებული თანხების შემცირება, რაც უნდა დაკორექტირდეს და მოხდეს ზედმეტად დეკლარირებული და გადახდილი გადასახადების შემცირება.

საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას მძღოლებზე გადახდილი თანხების ხელფასის სახით განაცემად ჩათვლაც არასწორადაა მომხდარი, ვინაიდან მათი უმეტესობა მეწარმედაა რეგისტრირებული და მათთვის თანხები გადარიცხული აქვს, როგორც მომსახურების საფასური და არა როგორც ხელფასი. შესაბამისად, დეკლარირების ვალდებულება მომჩივანს არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს თანხების შემცირება აღნიშნულ დარიცხვაში, მოთხოვნის შემთხვევაში მოხდება მათი მეწარმეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბუნებრივი რესურსის გადასახადის გაანგარიშებისას დასაბეგრ მოცულობად ჩაითვალა მთლიანი მოცულობა რაც რეალიზებული იყო, მათ მიერ არ მომხდარა წინა წლის ნაშთების გამოკლება, ასევე არაა გათვალისწინებული გაფხვიერების კოეფიციენტი რაც საშუალოდ 1.3–ია და რეალიზებული ლამი, რომელიც ნარჩენია პროდუქციის გამოშვების დროს რეცხვისას, რომლის რეალიზაცია ხდება მოთხოვნის მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება მისი ტერიტორიიდან გატანა, როგორც უსარგებლო ნარჩენის. ყოველივე ამის გათვალისწინებით უნდა მოხდეს ბენებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის გადაანგარიშება და შემცირება.

ყოველივე ზემოთ მოყვანილი გარემოებებიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს, რომ სრულად იქნეს გამოყენებული წარდგენილი დოკუმენტაცია და გადაანგარიშება მოხდეს აღნიშნული დოკუმენტაციის შესაბამისად, ხელმეორედ მოხდეს დარიცხული თანხების გადაანგარიშება, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 17.06.2021 წლის №19553 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მომწოდებლებისგან (15 პირი) შპს „----------“ მიერ საბანკო გადარიცხვით და სალაროდან გადახდილი თანხების, ასევე, შესყიდული საქონლის შესახებ. შესწავლილ იქნა მესამე პირებისგან მიღებული და გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, შედეგად 2017 წლის საანგარიშო პერიოდის საკასო ხარჯი განისაზღვრა 351 805 ლარით, გათვალისწინებულ იქნა სალაროდან გაწეული ხარჯი ნედლეულის მასალების შეძენაზე 224 129 ლარის ოდენობით, საწვავის შეძენის ხარჯი 117 101 ლარის ოდენობით, მომსახურებაზე გაწეული ხარჯი 555 ლარი და შესყიდვებზე 10 020 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სალაროს მინიმალურ ნაშთზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

თანხის მიმღები ფიზიკური პირების იდენტიფიცირების მიზნით, გადამხდელის მონაწილეობით მოძიებულ და შესწავლილ იქნა ფიზიკური პირების პირადი მონაცემები და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, განხორციელდა რეგისტრაციის მოწმობის მქონე ფიზიკური პირების მიერ გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი (სატრანსპორტო მომსახურება) ანაზღაურების ფარგლებში გადარიცხული თანხების შემცირება, ხოლო შესყიდულ საქონელზე (საკისარი, დრაბილკა და სხვა) გადარიცხული თანხები, რაზეც არ იყო გამოწერილი სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, დაკვალიფიცირდა როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

სს „----------“ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის გაუქმებასთან დაკავშირებით, შემოწმებით განხორციელდა გადამხდელის მიერ მატერიალური ფორმით წარმოდგენილი კომპიუტერული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესწავლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განხორციელდა სს „----------“ მიერ გამოწერილი ფაქტურების მიხედვით დღგ-ის ჩათვლა 2017 წლის თებერვლის, აპრილის, მაისის, ივნისის და ივლისის თვეების საანგარიშო პერიოდზე.

გადამხდელის მონაწილეობით შესაწავლილ და დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაცის ბაზის მონაცემები და დადგინდა, რომ 2017 წლის საანგარიშო პერიოდში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებისათვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულებამ, რაც აქტით დაბეგრილი იყო დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით, შეადგინა 21 851 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) და დაექვემდებარა დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრას. ხოლო, ზედმეტად დეკლარირებული თანხების შემცირებასთან დაკავშირებით, არ მომხდარა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება.

გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საბანკო ამონაწერების დამუშავებით საწარმოს მიერ ფიქსირდება ისეთი მომსახურების გაწევა როგორიცაა პომპით მომსახურება, სატრანსპორტო მომსახურება საწარმოს კუთვნილი სატვირთო ავტომანქანებით და ტექნიკით სხვა საწარმოებზე. აღნიშნულ მომსახურებებზე არ არის გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა ან/და სასაქონლო ზედნადები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განხორციელდა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება.

გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა აკრედიტირებული საგამოცდო ლაბორატორიის შპს „----------“ მიერ 10.03.2021 წელს გაცემული ოქმი №95, ოქმი №129, ოქმი №130, რომელთა მიხედვით, გაფხვიერების კოეფიციენტი ქვიშა-ხრეშის შემთხვევაში არის 1.31; ქვიშა-ღორღის შემთხვევაში - 1.28; ქვიშის შემთხვევაში - 1.29. მოპოვებული წიაღისეულის (მდინარის მასალის) მოცულობის შესახებ სხვა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია. შემოწმების მიერ შესწავლილი და დამუშავებული იქნა გარემოს ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაცია, კერძოდ, წიაღისეულის ათვისების გეგმა, გრაფიკი, მონაცემები ბუნებრივი და ტექნოლოგიური საბადოებით სარგებლობის და საქმიანობის შესახებ. დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ 2017 წელს ლიცენზიით მინიჭებული მოსაპოვებული მასალის რაოდენობა შეადგენს 596 79 მ3 -ს. სტატისტიკური ფორმა №1-01-ის მონაცემების მიხედვით, გადამხდელს მოპოვებული აქვს 29 050 მ3 მდინარის მასალა. საწარმოს 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე უფიქსირდება 74 785 მ3 -ით მეტი ოდენობით ქვიშა-ხრეშის მოპოვება გეგმა-გრაფიკით დადგენილ მოცულობასთან შედარებით. შემოწმებით დადგინდა, რომ გაფხვიერების კოეფიციენტის გათვალისწინებით 2017 წელს მოპოვებულია 134 463 მ3 მდინარის მასალა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შემოწმების მიერ განხორციელდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში აქტით დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.

გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი არსებითი მნიშვნელობის რაიმე მტკიცებულებები, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 17.06.2021 წლის №19553 ბრძანება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 17.06.2021 წლის №19553 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

 

დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 17.06.2021 წლის №19553 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

მომჩივანი ითხოვს, რომ სრულად იქნეს გამოყენებული წარდგენილი დოკუმენტაცია და გადაანგარიშება მოხდეს აღნიშნული დოკუმენტაციის შესაბამისად, ხელმეორედ მოხდეს დარიცხული თანხების გადაანგარიშება, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

 

გადაწყვეტილება

 

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 17.06.2021 წლის №19553 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304