გადაწყვეტილება № 27971/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27971/2/2026
20 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება უსფ „----“ 17.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27971/2/2026).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2026 წლის №094-24 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.07.2026 წლის №17111 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 261 999,57 ლარი.
მათ შორის:
მოგების გადასახადი - 162 768
ჯარიმა - 81 384
საურავი - 17 847,57
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2024 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდებში საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების დროს საწარმოს მიერ დადგენილი ფასის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების სისწორე.
შპს -ს ფილიალი დაკავშირებული მხარეებისგან იძენს ჰიდროელექტროსადგურის და სხვა ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საქონელსა და სათადარიგო ნაწილებს. შესყიდვა ხორციელდებოდა რეგულარულად ჯგუფის წევრი კომპანიებისგან - ---- (-----) და ----- (-----). შესყიდული პროდუქცია გამოყენებულია შემდგომ ქართული კომპანიისათვის (სს ------) მომსახურების გაწევის მიზნით.------.
----- და ------ ჯგუფში ასრულებენ პროდუქციის შესყიდვის ფუნქციას, რომლებიც მოიძიებენ მესამე პირებს, აფორმებენ მათთან გრძელვადიან კონტრაქტებს, აქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. ხოლო შპს-ს ფილიალი განსაზღვრავს შესასყიდი პროდუქციის მახასიათებლებს. ჯგუფში შემავალ კომპანიას და შემოსავლების სამსახურს შორის 2025 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა ოპერაციების შეფასების ცალმხრივი წინასწარი შეთანხმება. შეთანხმების საგანს წარმოადგენს ----- კომპანიის მეშვეობით ჰიდროელექტროსადგურის და სხვა ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქონლისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვის საბაზრო პრინციპთან შესაბამისი ფასის განსაზღვრა. შეფასებისათვის შერჩეულია საოპერაციო ხარჯებზე ფასნამატის მაჩვენებელი (-----), ხოლო, შესამოწმებელ მხარედ არჩეულია მომწოდებელი კომპანიები. შეთანხმების შედეგად საბაზრო მაჩვენებლად განისაზღვრა----- – 2,67%. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების მიმდინარეობისას წარმოადგინა სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნა, რომლის მიხედვითაც კონტროლირებული ოპერაცია შეფასებულია შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით. დასკვნის თანახმად მომწოდებელი კომპანიების------ მაჩვენებლები იყო - -------ის შემთხვევაში 4,99%, ხოლო -------ის შემთხვევაში 12,65%.
გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმებით მოცული ოპერაცია და მასში დაფიქსირებული პირობები მსგავსია შპს ----- ფილიალის მიერ დაკავშირებული მხარეებისგან განხორციელებულ ოპერაციასთან, კორექტირების თანხა განისაზღვრა დასკვნაში დაფიქსირებული მაჩვენებლის - 2,67%-ის შესაბამისად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამატებით დაბეგვრას ექვემდებარება კორექტირების თანხა, რომელიც შეადგენს 922 354 ლარს. მომჩივანს დამატებით დაერიცხა სულ 244 152 ლარი, მათ შორის გადასახადი 162 768 ლარი და ჯარიმა - 81 384 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2026 წლის №---- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.07.2026 წლის №17111 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს ----- ფილიალი დაკავშირებული ჩეხური მხარეებისგან იძენს ჰიდროელექტროსადგურის და სხვა ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საქონელსა და სათადარიგო ნაწილებს. შესყიდვა ხორციელდებოდა რეგულარულად ჯგუფის წევრი კომპანიებისგან. შესყიდული პროდუქცია გამოყენებულია შემდგომ სს ----- მომსახურების გაწევის მიზნით.
ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ კომპანიასა და შემოსავლების სამსახურს შორის 2025 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმება №-----. შეთანხმების საგანს წარმოადგენდა ჩეხური დაკავშირებული კომპანიების მეშვეობით ჰიდროელექტროსადგურის და სხვა ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქონლისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვის საბაზრო პრინციპთან შესაბამისი ფასის განსაზღვრა. შეფასებისათვის შერჩეული იყო საოპერაციო ხარჯებზე ფასნამატის მაჩვენებელი (-----), ხოლო შესამოწმებელ მხარედ არჩეული იყო მომწოდებელი კომპანიები. შეთანხმების შედეგად, საბაზრო მაჩვენებლად განისაზღვრა----- - 2.67%.
უნდა ითქვას, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გამოყენებული ჰქონდა მარჟა 4,99% და 12,65%, ნაცვლად 2,67%-სა.
გამომდინარე იქიდან, რომ წინასწარი შეთანხმებით მოცული ოპერაცია და მასში დაფიქსირებული პირობები მსგავსი იყო შპს ----- ფილიალის მიერ დაკავშირებული მხარეებისგან განხორციელებულ ოპერაციებთან, ამიტომ შემმოწმებელმა კორექტირების თანხა მართებულად განსაზღვრა წინასწარ შეთანხმებაში დაფიქსირებული მაჩვენებლის - 2,67%-ის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამატებით დაბეგვრას დაექვემდებარა კორექტირების თანხა, რომელიც შეადგენდა 922 354 ლარს.
შედეგად შემოწმების საფუძველზე საწარმოს დამატებით დაერიცხა გადასახადი და სანქცია. გადასახადის ნაწილში საწარმო ეთანხმება აქტის შესაბამისად განხორციელებულ დარიცხვას, მაგრამ ასაჩივრებს მხოლოდ და მხოლოდ დარიცხულ სანქციას, თანხით 99 231,57 ლარი ( 81 384 + 17 847,57).
ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც უკავშირდებოდა მოცემულ საკითხს, იყო შემდეგი სახის: შესამოწმებელი პერიოდი (1.01.2024-1.04.2025) წინ უსწრებდა წინასწარი შეთანხმების გამოცემის თარიღს (26.12.2025). წინასწარი შეთანხმება უშუალოდ საწარმოს არ ეხებოდა და ამიტომ საგადასახადო კოდექსის 1291 მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, იყო გაურკვევლ მდგომარეობაში, შეეხებოდა თუ არა წინასწარი შეთანხმებით დადგენილი 2,67 %, ისევე, როგორც ჯგუფში შემავალ იმ კომპანიას, რომელსაც ის უშუალოდ ეხებოდა, თუმცა კი, ამ უკანასკნელს ჰქონდა მსგავსი შესყიდვები იგივე პირებისაგან. მალევე, კერძოდ, 2026 წლის დასაწყისშივე დაინიშნა საწარმოს კამერალური თემატური შემოწმება. შემოწმების პერიოდშივე ისე, რომ გადასახადის გადამხდელმა არც კი იცოდა შემოწმების შესაძლო შედეგები, 2026 წლის 9 იანვარს წარადგინა შესაბამისი თვეების მოგების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციები, სადაც გამოყენებული იყო მარჟა 2,67%-ის ოდენობით, თუმცა ეს დეკლარაციები არ მიიღო შემოსავლების სამსახურმა. საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის თარიღისათვის (1.07.2026), გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე არ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება/მოსაკრებელი.
თუ ჩადენილია სამართალდარღვევა, ის ჩადენილია იმის გამო, რომ არ იცოდა, რომ უნდა გამოეყენებინა წინასწარი შეთანხმებით დადგენილი მარჟა და რომც აერჩია ეს მარჟა, მომჩივანს არ ჰქონდა საკმარისი დრო გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად. ანუ, თუ დაშვებულია შეცდომა, მომჩივანი მოქმედებდა ისე, რომ არ იცოდა (და არც შეიძლება ცოდნოდა), რომ სხვა მარჟა უნდა აერჩია. ანუ, სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის არცოდნით. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული წინასწარი შეთანხმება მიმართულია ჯგუფის ერთ წევრზე, საგადასახადო კოდექსის 1291 მუხლის მე-2 ნაწილი ცალსახად ადგენს, რომ წინასწარი შეთანხმება ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელის მიმართაც დაიდო იგი.
დავის განმხილველმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თვით წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე, როგორც წესი, მუშაობდა მრავალი სპეციალისტისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი და ბუნებრივია, გადასახადის გადამხდელს რომ თვითონ მოეფიქრებინა მაინც და მანიც 2,67%-იანი მარჟის გამოყენება, ეს ფაქტობრივად ფანტასტიკის დონეზეც კი იყო.
მოცემული შეცდომის პირობებში გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. გადასახადის გადამხდელი არასწორად აფასებდა იმ მარჟებს, რომლებიც ფაქტობრივად გამოიყენა და არასწორად ჩათვალა, რომ ეს მარჟები რეალობას ასახავდა. მაგრამ 2,67%-ის მოფიქრება შესაძლებლობის ზღვარს აღემატებოდა.
გასათვალისწინებელია საწარმოს მზადყოფნა 2,67%-იანი მარჟის გათვალისწინებით დეკლარაციების დაზუსტებისა.
საჩივარი ადმინისტრაციულმა ორგანომ განიხილა ზეპირი მოსმენის ჩატარების გარეშე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 199-ე მუხლი, მართალია, ასეთ უფლებამოსილებას ანიჭებს საქმის განმხილველ ორგანოს, ოღონდ მუხლის პირველი ნაწილი დათქმას აკეთებს მხოლოდ ორ გარემოებაზე: 1. როდესაც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი არსებობს და 2. როდესაც ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული და მასში მონაწილე ყველა პირი თანხმობას გამოხატავს საქმის განხილვაზე ზეპირი მოსმენის გარეშე. ფაქტია, რომ საჩივრის განხილვაზე უარი არ უთქვამს ადმინისტრაციულ ორგანოს, პირიქით, განიხილა და არ დააკმაყოფილა იგი. ასევე, ფაქტია, რომ რაიმე თანხმობა ზეპირი მოსმენის ჩატარების გარეშე მომხდარიყო საქმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, გადასახადის გადამხდელს არ განუცხადებია. ზეპირი მოსმენა თავად ადმინისტრაციულ ორგანოსაც ხომ მეტ საშუალებას მისცემდა უშუალოდ გაცნობოდა მხარეთა მოსაზრებებს (გარდა წერილობითი საჩივრისა), მისთვის და მხარეთათვის ბუნდოვანი საკითხები კითხვების საშუალებით დაეზუსტებინა, რაც მათ კანონდარღვევით არ გამოუყენებიათ. ზეპირი მოსმენის ჩატარების შედეგად, შესაძლოა, საქმეზე სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი პირობა (საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან სრულყოფილად ვერ დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები) სახეზე არ არის და საქმის სრულყოფილად გამოკვლევისთვის მხარეთა ზეპირი ახსნაგანმარტებები მეტ სიცხადეს შეიტანდა განხილვაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
მომჩივანი მიუთითებს, რომ საჩივარი ადმინისტრაციულმა ორგანომ განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენა ადმინისტრაციულ ორგანოს საშუალებას მისცემდა უშუალოდ გაცნობოდა მხარეთა მოსაზრებებს და ბუნდოვანი საკითხები კითხვების საშუალებით დაეზუსტებინა, შედეგად შესაძლოა, საქმეზე სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. საქმის სრულყოფილად გამოკვლევისთვის მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებები მეტ სიცხადეს შეიტანდა განხილვაში.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების ნაწილი არ ირკვევა და სადავოა. შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.07.2026 წლის №17111 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
დგინდებ, რომ გადამხდელის ფილიალი 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე პერიოდში რეგულარულად იძენდა ჰიდროელექტროსადგურისა და სხვა ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საქონელსა და სათადარიგო ნაწილებს ჯგუფის წევრი ორი უცხოური კომპანიისგან და იყენებდა მათ ჯგუფის ქართული კომპანიისთვის მომსახურების გასაწევად. ჯგუფის წევრსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის 2025 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული წინასწარი შეთანხმებით საოპერაციო ხარჯებზე ფასნამატის საბაზრო მაჩვენებლად განისაზღვრა 2,67%, ხოლო გადამხდელის სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნით მომწოდებელთა მაჩვენებლები იყო 4,99% და 12,65%. რადგან შეთანხმებით მოცული ოპერაცია მსგავსია გადამხდელის ოპერაციისა, კორექტირება განხორციელდა 2,67%-ის შესაბამისად და დამატებით დაბეგვრას დაექვემდებარა 922 354 ლარი, რის გამოც გადამხდელს დაერიცხა სულ 244 152 ლარი, მათ შორის გადასახადი 162 768 ლარი და ჯარიმა 81 384 ლარი. საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;275;272;