ბრძანება N 13442

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.06.2025
№ დოკუმენტი 13442
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13442

25 ივნისი 2025

ბრძანება

ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------")

(მის.: "-------")

2025 წლის 13 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №48) განიხილა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") 2025 წლის 13 მაისის №95639/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 აპრილის №068-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დღგსა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და მიუთითებს იმავე არგუმენტებზე რაც წინა საჩივრის განხილვისას ჰქონდა წარმოდგენილი, კერძოდ:

● აცხადებს, რომ 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე გაანგარიშებული შემოსავლები, დღგ-ის მიზნებისთვის, სრულად (ჯამურად) პროპორციულად იქნა გადანაწილებული 2020-2022 წლების წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში, მაშინ როცა შეძენილი საქონელი პირდაპირ წლების ჭრილში იქნა დეკლარაციაში ასახული, რამაც გამოიწვია ფასნამატების ზრდა საშემოსავლო გადასახადების მიზნებისთვის. მომჩივანი აღნიშნავს, რომ მოცემულ ფაქტზე მეტყველებს ისიც, რომ შემმოწმებლის მიერ გამოგზავნილ გაანგარიშების ცხრილში 2020 და 2021 წლის ფასნამატები შეადგენს 17%-ს, მაშინ როდესაც, აქტში მოცემული საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით ფასნამატები შესაბამის წლებზე გაცილებით მეტია და 2020-2021 წლებში შეადგენს 23.9%-სა და 20%-ს.

● აგრეთვე, მომჩივანი განმარტავს, რომ საქონლის ერთსა და იმავე კატეგორიებზე სხვადასხვა წლებში გავრცელებულია რადიკალურად განსხვავებული ფასნამატები, ასევე, ზოგიერთი კატეგორიის საქონელზე გავრცელებულია არაადეკვატურად მაღალი ფასნამატები, მაშინ როდესაც წლების მიხედვით საშუალო ფასნამატები გაცილებით ნაკლებია. აღნიშნავს, რომ შემმოწმებელს გაუშიფრავ კატეგორიაზე უნდა გაევრცელებინა მთლიანი საშუალო ფასნამატი.

● გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შემმოწმებლის მიერ წარმოდგენილ გაანგარიშების ცხრილებში ასახული მაჩვენებლები არ არის შესაბამისობაში საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ იგივე მაჩვენებლებთან და თავის მხრივ, აქტში დარიცხული გადასახადები განსხვავდება ასევე აქტში წარმოდგენილი დანართების იგივე მაჩვენებლებისგან.

აგრეთვე, დამატებით აცხადებს, რომ შემოწმების განმარტებით, ფასნამატებს შორის სხვაობა გამოწვეული იყო მომსახურების კომპონენტით, რაც მათ მიერ გავლილ იქნა დეტალურად და წარმოუდგენელია აღნიშნულ თანხებს წარმოეშო ფასნამატში სხვაობა. ასევე, შემოწმების აქტის თანახმად, პირს 2020, 2021 და 2022 წლებში დარიცხული აქვს 7 107, 7 326 და 12 612 ლარი, მაშინ როდესაც აღნიშნული პერიოდის ფასნამატები და საქონლის შესყიდვები თითქმის იდენტურია, შესაბამისად წარმოუდგენელია გადასახადების დარიცხვაში წარმოშობილი სხვაობა იყოს ადეკვატური.

2. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ნოემბრის №23869 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 დეკემბრის №068-26 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 22 დეკემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ნოემბრის №23869 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 31 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 15 აპრილის №068-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელი აცხადებდა, რომ გამოყენებული იყო არაადეკვატურად მაღალი ფასნამატი და ასევე არასწორი იყო შემოსავლის დათვლის გაანგარიშებები, თუმცა მის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ ინფორმაცია ფასნამატის ან ფულის მოძრაობის გაანგარიშების მეთოდის სისწორესთან დაკავშირებით. შემოწმების პროცესში წარმოებული გაანგარიშებები გაგზავნილ იქნა გადამხდელთან, თუმცა რაიმე შეცდომის აღმოჩენა აღნიშნულ ცხრილებში არ მომხდარა. გადაანგარიშების ეტაპზე მომჩივანმა წარმოადგინა მხოლოდ ცხრილი, რომელშიც ასახული მონაცემების წარმოშობის შესწავლა და გადამხდელთან ერთად გავლა ვერ მოხერხდა. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით განხორციელდა წარმოდგენილი გაანგარიშების ცხრილის დამატებით შესწავლა/ანალიზი, დამატებითი დროის მიცემის მიუხედავად

გადამხდელს მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოუდგენია. ამდენად, ზემოაღნიშნულ სადავო საკითხის ნაწილში, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები შემცირებას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 12 ივნისს, 11:40 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში წარმოებული გაანგარიშების ცხრილები გაგზავნილ იქნა გადასახადის გადამხდელთან, თუმცა რაიმე შეცდომის აღმოჩენა აღნიშნულ ცხრილებში არ მომხდარა. აგრეთვე, გადაანგარიშების ეტაპზე მომჩივანმა შემოწმებას წარუდგინა მხოლოდ ცხრილი, რომელშიც ასახული მონაცემების წარმოშობის შესწავლა და გადამხდელთან ერთად გავლა ვერ მოხერხდა. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით განხორციელდა წარმოდგენილი გაანგარიშების ცხრილის დამატებით შესწავლა/ანალიზი, თუმცა დამატებითი დროის მიცემის მიუხედავად, გადამხდელს მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოუდგენია. ამდენად, ზემოაღნიშნულ სადავო საკითხის ნაწილში, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები შემცირებას არ დაექვემდებარა.

აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ნოემბრის №23869 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დღგსა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და მიუთითებს იმავე არგუმენტებზე რაც წინა საჩივრის განხილვისას ჰქონდა წარმოდგენილი,გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელი აცხადებდა, რომ გამოყენებული იყო არაადეკვატურად მაღალი ფასნამატი და ასევე არასწორი იყო შემოსავლის დათვლის გაანგარიშებები, თუმცა მის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ ინფორმაცია ფასნამატის ან ფულის მოძრაობის გაანგარიშების მეთოდის სისწორესთან დაკავშირებით. შემოწმების პროცესში წარმოებული გაანგარიშებები გაგზავნილ იქნა გადამხდელთან, თუმცა რაიმე შეცდომის აღმოჩენა აღნიშნულ ცხრილებში არ მომხდარა. გადაანგარიშების ეტაპზე მომჩივანმა წარმოადგინა მხოლოდ ცხრილი, რომელშიც ასახული მონაცემების წარმოშობის შესწავლა და გადამხდელთან ერთად გავლა ვერ მოხერხდა.ზემოაღნიშნულ სადავო საკითხის ნაწილში, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები შემცირებას არ დაექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).