ბრძანება N 2084

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.02.2024
№ დოკუმენტი 2084
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2084

06 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2024 წლის 18 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 18 იანვრის №86890/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №007-404 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მომხმარებლის მიერ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 400 000 ლარის დღგ-ით დასაბეგრ ავანსად განხილვას. მიუთითებს, რომ მომხმარებელმა აღნიშნული თანხა კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა საქონლის სახეობის, რაოდენობისა და ფასის შეუთანხმებლად, შესაბამისად, კომპანიამ აღნიშნული თანხა აღიარა ავანსად, მაგრამ არა დღგ-ით დასაბეგრად. განმარტავს, რომ რადგან საწვავის ფასი ხშირად იცვლება, საწარმო წინასწარ არ განსაზღვრავს მისაწოდებელი საწვავის ფასს. აღნიშნავს, რომ იყო შემთხვევა, როდესაც მომწოდებელს შეთანხმებული ფასით გადაურიცხეს შესაძენი საწვავის თანხა, შემდეგ კი ბაზარზე ფასი დაეცა, მაგრამ, რადგან თანხა შეთანხმებული და შესაბამისი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მიღებული იყო, იძულებული გახდა საწვავი მიეღო წინასწარ შეთანხმებული ფასით. ამის შემდეგ მომხმარებლებთან არ ხდება თანხის შეთანხმება. აცხადებს, რომ ავანსი ჩაირიცხა თვის ბოლოს და მომდევნო თვეში სრულად განხორციელდა მიწოდება, შესაბამისად, გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და დაიბეგრა დღგ-ით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 სექტემბრის №23133 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 19 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №33102 ბრძანება და ამავე თარიღის №007-404 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 143 373 ლარი, მათ შორის, გადასახადი 70 580 ლარი, ჯარიმა 68 292 ლარი, საურავი 4 501 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

საგადასახადო შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და ბანკის ამონაწერების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს 833 633 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) შემოსავალი ავანსად, რომელსაც არ ბეგრავს როგორც ავანსს, არამედ ბეგრავს საქონლის მიწოდების მომენტში. ასევე, 2023 წლის ივნისის თვეში მიღებული აქვს 400 000 ლარის ავანსი (დღგ-ის ჩათვლით), რომელიც დღგ-ით დასაბეგრ დეკლარირებულ ბრუნვაში გათვალისწინებული არ აქვს, აღნიშნულ ავანსზე არ არის გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დეკლარირებულია სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით რეალიზებულზე ნაკლები ბრუნვა. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე და 163- ე მუხლების მიხედვით, დაკორექტირდა და გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის თანახმად:

1. თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, პირის მიერ გადახდილი ანაზღაურება ჩაითვლება დასაბეგრ თანხად და ოპერაცია დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ ანაზღაურების მიღების მომენტში სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:

ა) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/ გასაწევი მომსახურება;

ბ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/ გასაწევი მომსახურების რაოდენობა/ მოცულობა;

გ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/ გასაწევი მომსახურების ღირებულება;

დ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/ გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ თუ გათავისუფლებულ ოპერაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს 833 633 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) შემოსავალი ავანსად, რომელსაც ბეგრავს საქონლის მიწოდების მომენტში და არა როგორც ავანსს. ასევე, 2023 წლის ივნისის თვეში მიღებული 400 000 ლარის ავანსი (დღგ-ის ჩათვლით) არ არის გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრ დეკლარირებულ ბრუნვაში და არ არის გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. გარდა ამისა, შემოწმებით, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დეკლარირებულია სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით რეალიზებულზე ნაკლები ბრუნვა.

იმის გათვალისწინებით, რომ მიღებული ავანსები არ არის გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში და ამასთან, ანაზღაურების მიღების მომენტში სახეზეა კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი პირობები, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მომხმარებლის მიერ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 400 000 ლარის დღგ-ით დასაბეგრ ავანსად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და ბანკის ამონაწერების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს 833 633 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) შემოსავალი ავანსად, რომელსაც არ ბეგრავს როგორც ავანსს, არამედ ბეგრავს საქონლის მიწოდების მომენტში. ასევე, 2023 წლის ივნისის თვეში მიღებული აქვს 400 000 ლარის ავანსი (დღგ-ის ჩათვლით), რომელიც დღგ-ით დასაბეგრ დეკლარირებულ ბრუნვაში გათვალისწინებული არ აქვს, აღნიშნულ ავანსზე არ არის გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დეკლარირებულია სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით რეალიზებულზე ნაკლები ბრუნვა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1„ა“); 163(1,2).