გადაწყვეტილება №19656/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19656/2/2023
09 ივნისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 9.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 10.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19656/2/2023).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგდასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №CB1437981 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8394 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 10 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, 20.12.2022 წლის №DES222 00095392 წერილის საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა -------, -------, გადამოწმდა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ------- მისაბმელი -------. დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო წიწვოვანი ჯიშის პირველადი გადამუშავების პროდუქტი ძელი, მოცულობით 35 მ3 . დადგინდა, რომ აღნიშნულ ტვირთზე გაწერილ ელექტრონულ ზედნადებში მითითებულია პროდუქტი - ძელაკი. აღნიშნული ჩაითვალა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტების) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებად, რაზეც მომჩივანს 1.02.2023 წლის №CB1437981 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია 10 000 ლარის ოდენობით და ტრანსპორტირებული ხე-მასალის ჩამორთმევა.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.04.2023 წლის №8394 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის 11 , 12 , 32 ნაწილებით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადამხდელის საქმიანობაა ხე-ტყის მასალით ვაჭრობა. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოდან ახორციელებს მრგვალი ხე-ტყის მორის შეძენას აუქციონზე. შეძენილ მორებს ამუშავებს ერთ-ერთ სახერხ-საამქროში, რომელიც უწევს შეძენილი მორების დახერხვის მომსახურებას. მიღებული ფიცრის რეალიზაციას ახდენს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტის სახით.
14.12.2022 წელს შიდა გადაზიდვის №------- და №------- ზედნადებების საფუძველზე განხორციელდა შეძენილი მორების სახერხ-საამქროში გადამუშავება. კომპანიამ, რომელმაც მოახდინა მორების გადამუშავება მიღებული პროდუქტის ტიპში ძელის ნაცვლად მიუთითა ძელაკი. 18.12.2022 წელს წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხის მასალის სახერხი საამქროდან გატანისას გააქტიურდა მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ ელექტრონული ცნობები, აღნიშნული ცნობების საფუძველზე სახერხი-საამქროდან გატანილი წიწვოვანი ჯიშის დახერხილი 35 მ³ ხის მასალით დაიტვირთა სატრანსპორტო საშუალებაზე, ელექტრონულ პორტალზე ამავე დღეს 14:59 წუთზე გააქტიურდა №------- შიდა გადაზიდვის ზედნადები. სამეგრელო-ზემო სვანეთის გამშვებ პოსტზე გადამოწმებისას წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხის მასალის ტიპის შეუსაბამობის გამო №------- ზედნადებით ტრანსპორტირება ჩაეთვალა კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე განხორციელებულ ტრანსპორტირებად, ჩამოერთვა 35 მ³ წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხის მასალა და დაეკისრა ფულადი ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
დატვირთული ძელის მოცულობა იდენტურია სატრანსპორტო საშუალებაზე ატვირთული მასალის რაოდენობისა, ამდენად, არანაირი აზრი არ ჰქონდა ძელის შეცვლას ძელაკით. მის მიერ დაშვებული გეომეტრიული ფიგურების, ძელის მაგივრად ძელაკის მითითებას (მექანიკური შეცდომით) არ გამოუწვევია რაიმე მატერიალური ზიანი სახელმწიფოსთვის და არც რაიმე სარგებელი მოუტანია გადამხდელისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის გაუქმებას და ჩამორთმეული საქონლის უკან დაბრუნებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;
ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;
გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 და 32 ნაწილის მიხედვით:
12 . სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
32. ამ მუხლის 11 ან 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
სადავო საკითხზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი 8.06.2023 წლის №------- წერილიდან ირკვევა, რომ ხორციელდებოდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 34.45მ³ დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხის მასალის ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე.
მომჩივნის განმარტებით, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოდან ახორციელებს მრგვალი ხე-ტყის მორის შეძენას აუქციონზე. შეძენილ მორებს ამუშავებს ერთ-ერთ სახერხ-საამქროში, რომელიც უწევს შეძენილი მორების დახერხვის მომსახურებას. შიდა გადაზიდვის №------- და №------- ზედნადებების საფუძველზე განახორციელა შეძენილი მორების სახერხ-საამქროში გადამუშავება. კომპანიამ, რომელმაც მოახდინა მორების გადამუშავება მიღებული პროდუქტის ტიპში ძელის ნაცვლად მიუთითა ძელაკი. დატვირთული ძელის მოცულობა იდენტურია სატრანსპორტო საშუალებაზე ატვირთული მასალის რაოდენობისა, ამდენად, არანაირი აზრი არ ჰქონდა ძელის შეცვლას ძელაკით. დაშვებულ იქნა მექანიკური შეცდომა.
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 69-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების თანახმად:
5. თუ საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება, რომლითაც პირს საგადასახადო სანქციის სახით შეეფარდა სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა, ან საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა შესაბამისი საგადასახადო სანქციისაგან, პირი უფლებამოსილია წერილობითი ან ელექტრონული ფორმით განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების თაობაზე, რომელსაც უნდა ერთოდეს დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული განცხადების რეგისტრაციის შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, საგადასახადო ორგანო ადგენს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დასრულებულია თუ არა განკარგვის პროცედურები და იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე დასრულებულია განკარგვის პროცედურები „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის №125 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს ამ პროცედურების შეჩერების ან შედეგების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, პირს/გადასახადის გადამხდელს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ უბრუნდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის საგადასახადო ორგანოს წერილობითი მიმართვით წარდგენილი საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ბრძანების შესაბამისად, საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე არ არის დასრულებული განკარგვის პროცედურები, პირს უბრუნდება ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება.
აღნიშნულ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია მექანიკური შეცდომის არსებობის ფაქტი, შესაბამისად, მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, უნდა შეეფარდოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8394 ბრძანება;
3. გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №CB1437981 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
4. მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, შეეფარდოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;
5. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს სათანადო ღონისძიებების განხორციელება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, წერილის საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა ავტომანქანა. დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო წიწვოვანი ჯიშის პირველადი გადამუშავების პროდუქტი ძელი, ხოლო აღნიშნულ ტვირთზე გაწერილ ელექტრონულ ზედნადებში მითითებულია პროდუქტი - ძელაკი. აღნიშნული ჩაითვალა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტების) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებად, რაზეც მომჩივანს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია 10 000 ლარის ოდენობით და ტრანსპორტირებული ხე-მასალის ჩამორთმევა.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.04.2023 წლის №8394 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია მექანიკური შეცდომის არსებობის ფაქტი, შესაბამისად, მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, უნდა შეეფარდოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(32); 269(7); 291
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი 72