ბძანება N 6729

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.03.2018
№ დოკუმენტი 6729
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6729

28/03/2018

ი/მ ------

(მის: ქ. -----)

საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 15 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი N26) განიხილა ი/მ ------- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება 2017 წლის 15 დეკემბრის N005-315 „საგადასახადო მოთხოვნას“.

წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ ი/მ ------- ს საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენს ლეიბების (მატრასები) წარმოება და საცალო-საბითუმო რეალიზაცია. მათ საუთრებაში არსებული მიწა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა მოხვდა ავტომაგისტრალის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტის ზოლში, შესაბამისად განხორციელდა აღნიშნული შენობის შესყიდვა სახელმწიფოს მიერ, ხოლო მიწის შემთხვევაში განხორციელდა ადგილმონაცვლეობა, გარდა აღნიშნულისა, მიღებულია კომპენსაციები ბიზნესის შეჩერებისათვის (1 წლის წმინდა მოგება) და ქონების რეალიზაციისას წარმოშობილი საშემოსავლო გადასახადის სახით, აღნიშნული პროექტი ხორციელდებოდა სსიპ მუნიციპალური ფონდის მიერ. მიღებულია: 1. შენობის რეალიზაციის ღირებულება 510 648 ლარი, რომელიც გათვალისწინებულია, როგორც ერთობლივ შემოსავალში, ისე დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. 2. ბიზნესის შეჩერებისათვის მიღებულია კომპენსაცია 181 055 ლარი და სახელმწიფოს საუთრებაში გაცემული მიწის ღირებულება 19 602 ლარი, რომელიც არ იყო განხილული საშემოსავლო და დღგ-თი დაბეგვრის ობიექტად; 3. საშემოსავლო გადასახადის სახით მიღებული კომპენსაცია 83 830 ლარი, ჩართულია ერთობლივ შემოსავალში. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისაგან მიღებულ იქნა კომპენსაცია, რომლის ფასი განსაზღვრული იყო, აზიის განვითარების ბანკთან და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მისცა აუდიტორული კომპანია შპს ----- მიერ შედგენილი გაანგარიშება რის საფუძველზეც მოხდა კომპენსაციის გაცემა. დონორი ორგანიზაციის განსახლების პოლიტიკისა და განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად ქონების გამსხვისებელმა პირმა გასხვისებული ქონების შემოსავლი უნდა მიიღოს გადასახადის გამოკლების გარეშე, ხოლო გადასახადი აუნაზღაურდება შემსიდველის მიერ დამატებით. ამ გაანგარიშების თანახმად, გადაფარვის ზონაში მოქცეული შენობა ნაგებობების ღირებულება 510 648 ლარი განსაზღვრეს შემდეგნაირად: გადაფარვის ზონაში მოქცეული ქონების ნარჩენი ღირებულება იყო 97 611 ლარი, სარეალიზაციო ღირებულება 431 626 ლარი, იმისათვის რომ სარეალიზაციო ღირებულება ჩაერთო დღგ-თი დასაბეგრ ბრუნვაში, დაამატეს ბიუჯეტის კუთვნილი დღგ 79 022 ლარი. 2014 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისაგან მიიღო, აზიის განვითარების ბანკთან და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო ხარჯების კომპენსაცია 181 055 ლარი. სმფ-ის მიერ სარეაბილიტაციო კომპენსაციის ფასი გაანგარიშებული იქნა 2012 წლის მოგებიდან, 2012 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის თანახმად, საშემოსვლო გადასახადით დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 226 049 ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ 180 840 ლარი. ასევე, ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისაგან მიღებულ იქნა, აზიის განვითარების ბანკთან და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის კომპენსაცია 83 830 ლარი. ფონდმა იხელმძღვანელა სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით და ჩარიცხა წმინდა მოგება 181 055 ლარი, რომელიც დაბეგვრას არ ექვემდებარებოდა, რადგან ამას ითვალისწინებს დონორი ორგანიზაციის აზიის განვითარების ბანკის საოპერაციო პოლიტიკა. შემოწმების მიერ სსკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად უძრავი ქონების სარეალიზაციო ღირებულება და მის ფარგლებში წარმოშობილი საშემოსავლო გადასახადის კომპენსაცია 83 830 ლარი ჩართული იქნა დღგ-თი დასაბეგრ ბრუნვაში. სსკ-ის 161-ე მუხლით, დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციებია, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. შენობის სარეალიზაციო ღირებულება 510 648 ლარი, მის მიერ ჩართულია დღგ-თი დასაბეგრ შემოსავალში. ხოლო რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადის სახით მიღებული კომპენსაცია 83 830 ლარი, განხილული უნდა იქნას სსკ-ის 168-ე მუხლით მე-2 ნაწილით: ფინანსური ოპერაციების განხორციელება ან/და ფინანსური მომსახურების გაწევა; (როგორც მიღებული 181 055ლარი).

მომჩვანი აღნიშნავს, რომ მიწის მონაცვლეობის სახით, სახელმწიფოსთვის გაწეული ქონება, რომლის ღირებულებაც შეფასდა 19 602 ლარად, რეალურად წარმოადგენს აქტივის ჩანაცვლებას (მონაცვლეობას) და სსკ-ის 149-ე მუხლის “გ.ბ.” პუნქტის თანახმად, დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისას, არანაირი მოგება ან ზარალი არ მიიღება თუ ხდება აქტივის ჩანაცვლება (მონაცვლეობა) მსგავსი სახისა და მახასიათებლების მქონე აქტივით. საქმიანობის მართლზომიერად განსაზღვრის მიზნით, შემოწმებას უნდა გაეთვალისწინებინა რა შეთანხმება არსებობდა (ხელშეკრულების საფუძველზე) საქართველოს სახელმწიფოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის, რა ვალდებულებას კისრულობს საქართველო (ეკონომიკისა და ფინანსთა სამინიტროების წარმომადგენლობა), --------- ავტომაგისტრალის რეკონსტრუქციის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, კერძოდ, აზიის განვითარების ბანკი მის მიერ დადგენილი პროცედურების საფუძველზე შეღავათიანი სესხის სახით საქართველოს აძლევს ძირითადი საქმიანობის ფარგლებში შეღავათიან სესხს, ხოლო საქართველოს მხარისაგან მოითხოვს მის მიერ დადგენილი პროცედურების შესრულებას და გადასახადების დაფინანსებას. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების პოზიციას რადგან ოპერაციასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოშობს არანაირ საფუძველს მოხდეს ოპერაციის შინაარსის შეცვლა, მით უმეტეს, რომ ისინი შეთანხმებულია საერთაშორისო დონეზე. შინაარსის ფორმაზე აღმატებულობა გულისხმობს რომ, ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური შინაარსის მიხედვით განიხილება მაშინაც კი თუ მისი იურიდიული ფორმა სხვას ითვალისწინებს. სსკ-ის მე-8 მუხლში, “ტერმინთა განმარტება”, კომპენსაცია განმარტებულია “პირის მიერ საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის, ან ხარჯების , დანაკარგის, ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება ან სარგებელი. დანაკარგი ჩემს შემთხვევაში, არის შეჩერებული საქმიანობიდან მიუღებელი სარგებელი. კომპენსაცია (სამოქალაქო განათლების ლექსიკონი) ვინმესთვის ზარალის ანაზღაურება, ანუ, ის რაც აუცილებელია უკანონო ქმედების (ან უმოქმედობის) შედეგის გასანეიტრალებლად შესაძლებლობის ფარგლებში რათა აღდგეს ის მდგომარეობა, რომელსაც ადგილი ექნებოდა უკანონო ქმედების ჩაუდენლობის შემთხვევაში.

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 აგვისტოს N22712 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა ი/მ ------- საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2017 წლის 12 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2017 წლის 15 დეკემბრის N33873 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა N005-315 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 106 264.04 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 51 174 ლარი, ჯარიმა 28 106 ლარი, ხოლო საურავი 26 984.04 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული მიწა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა მოხვდა საავტომობლო გზის ----- ს ავტომაგისტრალის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტის ზოლში, შესაბამისად განხორციელდა აღნიშნული შენობის შესყიდვა სახელმწიფოს მიერ, ხოლო მიწის შემთხვევაში განხორციელდა ადგილმონაცვლეობა, გარდა აღნიშნულისა, მეწარმემ მიიღო კომპენსაციები ბიზნესის შეჩერებისთვის (1 წლის წმინდა მოგება) და ქონების რეალიზაციისას წარმოშობილი საშემოსავლო გადასახადის სახით. შენობის რეალიზაციის ღირებულება (510,648 ლარი) გადასახადის გადამხდელის მიერ გათვალისწინებულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და ერთობლივ შემოსავალში, ასევე, საშემოსავლო გადასახადის სახით მიღებული კომპენსაცია (83,830 ლარი) ჩართულია ერთობლივ შემოსავალში, ხოლო ბიზნესის შეჩერებისთვის მიღებული კომპენსაცია (181,055 ლარი) და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული მიწის ღირებულება (19,602 ლარი) მეწარმემ არ განიხილა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადებით დაბეგვრის ობიექტად. შემოწმების მიერ უძრავი ქონების მ.შ. მიწის) სარეალიზაციო ღირებულება, ასევე, ბიზნესის შეჩერებისათვის მიღებული კომპენსაცია სსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად განხილული იქნა მეწარმის მიერ მიღებულ შემოსავლად და ჩართული იქნა ერთობლივ შემოსავალში, ხოლო საშემოსავლო გადასახადის სახით მიღებული კომპენსაცია გათვალისწინებული იქნა ერთობლივ შემოსავალში დღგ-ის გარეშე. ასევე, სსკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად უძრავი ქონების მ.შ. მიწის) სარეალიზაციო ღირებულება, და აღნიშნული რეალიზაციის ფარგლებში წარმოშობილი საშემოსავლო გადასახადის კომპენსაცია ჩართული იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“–„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ა.ბ.ბ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ საქონლის (გარანტირებული სიმძლავრის, ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად. ამასთანავე, თუ პირი მიწოდებას აღრიცხავს საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა დღეს არა კალენდარული თვის, არამედ გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის ოდენობის მიხედვით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც საანგარიშო პერიოდს, ისე საანგარიშოს წინა პერიოდს, ასეთ შემთხვევაში საანგარიშო პერიოდში მიწოდებულად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა დღის მიხედვით აღრიცხული (გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის ოდენობის მიხედვით აღრიცხული) საქონლის ოდენობა, მიუხედავად საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მიწოდებულისა;

ა.ბ.გ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად;

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) დღგ-ით შეძენილი საქონლის/მომსახურების გამოყენებაარაეკონომიკური საქმიანობისათვის (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევის შემთხვევისა), თუ ამ საქონელზე/მომსახურებაზე გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, რომლის დროსაც:

ბ.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე;

ბ.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის/მომსახურების გამოყენების დაწყების მომენტი.

დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საბჭო მიუთითებს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება:

ა) საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები;

ბ) აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;

გ) ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის ან/და საწარმოს დახურვის შედეგად მიღებული შემოსავლები;

დ) ძირითად საშუალებათა რეალიზაციით მიღებული თანხები, ხოლო ძირითად საშუალებათა უსასყიდლოდ მიწოდებისას საბაზრო ღირებულება შემოსავალში შეიტანება ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით;

ე) კომპენსირებული გამოქვითვები ამ კოდექსის 146-ე მუხლის მიხედვით;

ვ) პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა;

ზ) დივიდენდი;

თ) როიალტი;

ი) პირისთვის ვალის ჩამოწერით მიღებული სარგებელი;

კ) ლიზინგით, უზუფრუქტით, იჯარით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით გაცემული ქონებიდან მიღებული შემოსავლები;

ლ) სხვა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი.

სსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად

1. შემოსავლებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, განეკუთვნება ნებისმიერი შემოსავალი ან სარგებელი, გარდა:

ა) პარტნიორთა შენატანებისა, რომლებიც ზრდიან იმ საწარმოს წმინდა აქტივს, რომელთა პარტნიორებიც არიან შენატანების განმახორციელებელი პირები;

ბ) დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით:

ბ.ა) ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველის მიერ დაზღვეული ფიზიკური პირისათვის გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურებისა;

ბ.ბ) დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველის მიერ დაზღვეული ფიზიკური პირისათვის გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურებისა, რომელიც არ აღემატება დამდგარი ზიანის ოდენობას;

ბ1) „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სავალდებულო დაზღვევის ცენტრის მიერ მზღვეველისგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ დაზარალებულისთვის (მესამე პირისთვის) ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანის ისეთი ანაზღაურება, რომელიც დამდგარი ზიანის ოდენობას არ აღემატება;

გ) ამ კოდექსის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკონტროლო შესყიდვის მიზნით შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულებისა, აგრეთვე იმ პირის მიერ ფარულად მიღებული შემოსავალი ან სარგებელი, რომელიც ფარულად უწევს დახმარებას სისხლის სამართლის გამოძიების ორგანოებს.

2. პირის მიერ სხვა პირისაგან ქონების ან სარგებლის მიღების შემთხვევაში ერთობლივ შემოსავალში შესატანი ქონების ან სარგებლის ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით.

გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული მიწა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა მოხვდა ----- საავტომობლო გზის -----ის ავტომაგისტრალის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტის ზოლში, შესაბამისად, მეწარმემ მიიღო კომპენსაცია ბიზნესის შეჩერებისთვის (1 წლის წმინდა მოგება). ბიზნესის შეჩერებისთვის მიღებული კომპენსაცია მეწარმემ არ განიხილა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად.

შემოწმების მიერ აღნიშნული კომპენსაცია სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად განხილული იქნა მეწარმის მიერ მიღებულ შემოსავლად და ჩართული იქნა ერთობლივ შემოსავალში.

სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მომზადებული მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის (LARP) თანახმად ბიზნესის დაკარგვის შემთხვევაში მფლობელს მუდმივი ზემოქმედების შემთხვევაში უნაზღაურდება 1 წლის წმინდა შემოსავალი. აღნიშნულის შესაბამისად მეწარმეს ბიზნესის შეჩერებისათვის კომპენსაციის სახით გადაეცა 2012 წლის წმინდა შემოსავალი. აღნიშნული წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის გაანგარიშების მეთოდს და არ აქვს კავშირი მიღებული შემოსავლის გადასახადებით დაბეგვრასთან. გადასახადის გადახმდელის მიერ მითითებული სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ მიღებული სახელმწიფო კომპენსაცია. სსკ-ის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად „საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მა თ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს“.

ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი კომპენსაციას განმარტავს როგორც „პირის ყოველთვიურ ფულად უზრუნველყოფას ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით“. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეწარმის მიერ მიღებული კომპენსაცია არ კვალიფიცირდება სახელმწიფო კომპენსაციად და მასზე არ ვრცელდება სსკ-ის 82-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათი.

გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული მიწა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა მოხვდა ----- გზის -----ის ავტომაგისტრალის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტის ზოლში, შესაბამისად განხორციელდა აღნიშნული შენობის შესყიდვა სახელმწიფოს მიერ, ხოლო მიწის შემთხვევაში განხორციელდა ადგილმონაცვლეობა, გარდა აღნიშნულისა, მეწარმემ მიიღო კომპენსაცია ქონების რეალიზაციისას წარმოშობილი საშემოსავლო გადასახადის სახით. შენობის რეალიზაციის ღირებულება გადასახადის გადამხდელის მიერ გათვალისწინებულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და ერთობლივ შემოსავალში, ხოლო საშემოსავლო გადასახადის სახით მიღებული კომპენსაცია ჩართულია მხოლოდ ერთობლივ შემოსავალში და არ არის განხილული დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

შემოწმების მიერ სსკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად უძრავი ქონების რეალიზაციის ფარგლებში წარმოშობილი საშემოსავლო გადასახადის კომპენსაცია ჩართული იქნა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. სსკ-ის მე-15 მუხლი მოიცავს ფინანსური ინსტრუმენტის, ფინანსური ოპერაციისა და ფინანსური მოსახურების ამომწურავ განმარტებასა და ჩამონათვალს, აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე ზემოაღნიშნული ოპერაცია არ მიეკუთვნება ფინანსურ ოპერაციას.

გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული მიწა და მასზე დამაგრებული შენობა- ნაგებობა მოხვდა ----- გზის ----- ის ავტომაგისტრალის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტის ზოლში, შესაბამისად განხორციელდა აღნიშნული შენობის შესყიდვა სახელმწიფოს მიერ, ხოლო მიწის შემთხვევაში განხორციელდა ადგილმონაცვლეობა. შენობის რეალიზაციის ღირებულება გადასახადის გადამხდელის მიერ გათვალისწინებულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და ერთობლივ შემოსავალში, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული მიწის ღირებულება (19,602 ლარი) მეწარმემ არ განიხილა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადებით დაბეგვრის ობიექტად. შემოწმების მიერ სსკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად უძრავი ქონების (მ.შ. მიწის) სარეალიზაციო ღირებულება ჩართული იქნა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.

გადასახადის განდახმდელის მიერ მითითებული სსკ-ის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი გულისხმობს მოგების ან ზარალის აუღიარებლობას აქტივის არანებაყოფლობითი განადგურება/ჩამორთმევის შემთხვევაში. ი.მ. --------- შემთხვევაში მიწის მონაცვლეობისას ადგილი ჰქონდა არა ექსპროპრიაციას, არამედ მოლაპარაკების გზით აქტივის ნებაყოფლობით ჩანაცვლებას, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმა მოცემულ შემთხვევას არ შეესატყვისება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მასალებით, ზემოაღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით და დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ მართლზომიერად განისაზღვრა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბაზა, შესაბამისად შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, შესაბამისად წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------- საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N6, მე-12 კილომეტრი), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელდა გადამხდელის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის შესყიდვა ხოლო მიწის შემთხვევაში განხორციელდა ადგილმონაცვლეობა, მეწარმემ ასევე მიიღო კომპენსაციები ბიზნესის შეჩერებისთვის და ქონების რეალიზაციისას წარმოშობილი საშემოსავლო გადასახადის სახით. ბიზნესის შეჩერებისთვის მიღებული კომპენსაცია და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული მიწის ღირებულება მეწარმემ არ განიხილა საშემოსავლო და დღგ-ს დაბეგვრის ობიექტად. შემოწმების მიერ უძრავი ქონების (მ.შ. მიწის) სარეალიზაციო ღირებულება, ასევე, ბიზნესის შეჩერებისათვის მიღებული კომპენსაცია ჩართული იქნა ერთობლივ შემოსავალში, ხოლო საშემოსავლო გადასახადის სახით მიღებული კომპენსაცია გათვალისწინებული იქნა ერთობლივ შემოსავალში დღგ-ის გარეშე. უძრავი ქონების (მ.შ. მიწის) სარეალიზაციო ღირებულება, და აღნიშნული რეალიზაციის ფარგლებში წარმოშობილი საშემოსავლო გადასახადის კომპენსაცია ჩართული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.

 

გადაწყვეტილება

დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ მართლზომიერად განისაზღვრა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბაზა, შესაბამისად წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 100; 102; 103

01.01.2021 წლამდე მოქმედი 161(1)

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი