ბრძანება N 22065

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 10.10.2024
№ დოკუმენტი 22065
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22065

10 ოქტომბერი 2024

ბრძანება

შპს „------- -ის“ (ს/ნ "--------")

(მის.:"-------")

2024 წლის 30 აგვისტოს საჩივრის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №104) განიხილა შპს „------- -ის “ (ს/ნ "-----") №91711/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ოქტომბრის №005-154 საგადასახადო მოთხოვნის, 2023 წლის 11 ოქტომბრის №005-164 და 2024 წლის 18 ივლისის №005- 115 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს შემდეგ საკითხებზე:

● საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში შემოწმებით დადგენილ სხვაობებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია ბუღალტრის ჯანმრთელობის მდგომარეობით. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, კომპანია სრულფასოვნად ასრულებდა მის საგადასახადო ვალდებულებებს და დეკლარაციის ჩაუბარებლობის მიუხედავად ბიუჯეტში სრულად იხდიდა კუთვნილ თანხებს. აცხადებს, რომ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას და აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ნაწილში ითხოვს ჯარიმა-საურავისგან სრულად გათავისუფლებას.

● მომჩივანი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე მომსახურების გაწევის სანაცვლოდ გადარიცხული თანხების ხელფასად განხილვას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. მიუთითებს, რომ აღნიშნული ფიზიკური პირები თავად ახორციელებდნენ დეკლარირებას და ბეგრავდნენ კომპანიისთვის მომსახურების გაწევით მიღებულ შემოსავალს.

● გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ პირზე გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და ითხოვს მის მიერ წარდგენილი არარეზიდენტი პირის 2012 და 2022 წლების ცნობების გათვალისწინებას. მიუთითებს, რომ იტალიის რესპუბლიკასთან არსებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულების მიხედვით არ ეკუთვნის საშემოსავლო გადასახადის გადახდა. აცხადებს, რომ მართალია მომსახურების გაწევა განხორციელდა 2019 წელს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ არ ემთხვევა გაცემული ცნობების და მომსახურების გაწევის პერიოდი,ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ინჟინერი ჯოვანი ვერჩელი წარმოადგენს არარეზიდენტ პირს და შესაბამისად, დარიცხული თანხები უნდა დაკორექტირდეს.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივლისის №005-115 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 ივნისის №14320 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ოქტომბრის №005-154 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 7 დეკემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------- -ის” (ს/ნ "-----") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივარში მითითებული არგუმენტები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 ივნისის №14320 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 10 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს შეუმცირდა 5 903 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 18 ივლისის №005-115 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 ივნისის №14320 ბრძანების აღსრულების მიზნით, შესწავლილ იქნა გადამხდელის უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის სისწორე და წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა დეკლარირებული მონაცემები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივლისის №005-115 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის სისწორე, რის საფუძველზეც დაკორექტირდა (შემცირდა) გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული მონაცემები. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია არგუმენტები/პოზიცია, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება, ამდენად, გადასახადის გადამხდელის პრეტენზია საფუძველს მოკლებულია. ასევე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ოქტომბრის №005-154 საგადასახადო მოთხოვნის და 2023 წლის 11 ოქტომბრის №005-164 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 აპრილის №10486 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული 2022 წლის 30 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2022 წლის 17 ოქტომბრის №26261 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №005–154 საგადასახადო მოთხოვნა შპს „------- -ის“ (ს/ნ "-----") მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში 2022 წლის 7 დეკემბერს. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13461 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამასთან, აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 4 დეკემბრის №20186/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13461 ბრძანება და საჩივარი პირველი და მე-2 დავის საგნის (უკუდაბეგვრის დღგ-ის შემცირების მოთხოვნის) ნაწილში ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. ხოლო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 დეკემბრის №20186/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შემოსავლების სამსახურმა გამოსცა 2023 წლის 29 დეკემბრის №33929 ბრძანება.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13461 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 5 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 360 ლარით, მათ შორის გადასახადი 240 ლარით და ჯარიმა 120 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 11 ოქტომბრის №005-164 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 31 იანვარს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 თებერვლის №3516 ბრძანებით დარჩა განუხილველი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „------ -ის“ (ს/ნ "-----") საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ოქტომბრის №005-154 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2023 წლის 11 ოქტომბრის №005-164 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------- - ის“ (ს/ნ "-----") საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივლისის №005-115 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „--------- -ის“ (ს/ნ "-----") საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ოქტომბრის №005-154 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2023 წლის 11 ოქტომბრის №005-164 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

● მომჩივანი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში შემოწმებით დადგენილ სხვაობებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია ბუღალტრის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ამ ნაწილში ითხოვს ჯარიმა-საურავისგან სრულად გათავისუფლებას.

● მომჩივანი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე მომსახურების გაწევის სანაცვლოდ გადარიცხული თანხების ხელფასად განხილვას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

● გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ პირზე გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და ითხოვს მის მიერ წარდგენილი არარეზიდენტი პირის 2012 და 2022 წლების ცნობების გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 ივნისის №14320 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 10 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს შეუმცირდა 5 903 ლარი.აღნიშნულზე, გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 18 ივლისის №005-115 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21)