გადაწყვეტილება №25384/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.07.2025
№ დოკუმენტი 402088094
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25384/2/2025

09 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----------“ (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------ის 27.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის № -------/2/2025).

 

დავის საგანი:

1.გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობის თანხის დღგ-ით დაბეგვრის მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.04.2025 წლის №002-45 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.06.2025 წლის №11955 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 70 824,35 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 37 214,55

ჯარიმა - 18 428,90

საურავი - 15 180,90

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს სარესტორნო მომსახურება.

აუდიტის დეპარტამენტის 16.04.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდი.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.04.2025 წლის №002-45 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 10.06.2025 წლის №11955 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობის თანხის დღგ-ით დაბეგვრის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმება ეხება 1.01.2022-1.03.2025-მდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორეს. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების ანალიზის შედეგად დამუშავდა შპს-ს მიერ შესამოწმებელ პერიოდში (1.01.0.2022-1.03.2025) საკონტროლოსალარო აპარატითა და ტერმინალით განხორციელებული ოპერაციები. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 174 276 ლარი. ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული და გადამხდელის მიერ გამოგზავნილი საბანკო ამონაწერების მონაცემების შესწავლის საფუძველზე დადგენილმა დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 381 010 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობის თანხა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე და პირს დაერიცხა გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე დამუშავდა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატითა და ტერმინალით განხორციელებული ოპერაციები. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 174 276 ლარი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების მონაცემების შესწავლის საფუძველზე დადგენილმა დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 381 010 ლარი, დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობის თანხა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან საჩივარში არ არის წარმოდგენილი არგუმენტები და არც რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, არ არსებობს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.06.2025 წლის №11955 ბრძანება შპს ------- ის 26.05.2025 წლის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე დამუშავდა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატითა და ტერმინალით განხორციელებული ოპერაციები. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 174 276 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების მონაცემების შესწავლის საფუძველზე დადგენილმა დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 381 010 ლარი, დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობის თანხა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 22.04.2025 წლის №002-45 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა სულ 70 824,35 ლარი, მათ შორის, გადასახადი 37 214,55 ლარი, ჯარიმა 18 428,9 ლარი და საურავი 15 180,9 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით).კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის წილის 60%-ის მფლობელი და კომპანიის დირექტორი გახლავთ ------ ი. მიუხედავად იმისა, რომ დამთავრებული აქვს საქართველოს დიპლომატიური აკადემია და ჩართული არის ბიზნესის საქმიანობაში, არ აქვს მიღებული ეკონომიკური განათლება, შესაბამისად არც საგადასახადო კანონმდებლობაში ერკვევა. ბუღალტრული აღრიცხვის საწარმოებლად და საგადასახადო დეკლარაციების სწორად წარდგენისათვის დაქირავებული ჰყავდა ბუღალტერი, რომელიც ყოველთვიურად უგზავნიდა საგადასახადო დეკლარაციებს და აწვდიდა ციფრობრივ მონაცემებს რა ოდენობით გადასახადი უნდა გადაეხადა ბიუჯეტში, რასაც იხდიდა კიდეც. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ადგილი ჰქონდა გადასახადების არასწორად დეკლარირების ფაქტს, რის შესახებაც არ იყო ინფორმირებული მომჩივანი, თორემ აღნიშნულს თავიდანვე გამოასწორებდა, მოახდენდა გადასახადების სწორად დეკლარირებას და გადასახადების ბიუჯეტში გადახდას. სადავო ბრძანებაში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. მიუხედავად ამ პოზიციისა მიზანშეუწონლად ჩაითვალა კომპანიაზე გაევრცელებინათ 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნები, რაც დაუსაბუთებელია. თუ კი შეცდომის არეალი მოქმედებდა მომჩივანი, ესე იგი არ იცოდა, რომ გადასახადის არასწორად დეკლარირება ხორციელდებოდა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანო/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადი გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. ვინაიდან ცალსახაა, რომ შემოწმების აქტით გამოვლენილი დარღვევა გამოწვეულია მომჩივნის შეცდომით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საგადასახადო კოდექსის 269-ე უხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, ვინაიდან აღნიშნული ნორმა გადასახადის გადამხდელის სანქციებისაგან გათავისუფლებისას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იმის დასკვნის საფუძველს იძლევა, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად შეცდა. მომჩივანი ითხოვს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგადასახადო კოდექსის 269-ე მხლის მე-7 ნაწილის მიხედვით გათავისუფლებული იქნას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 22.04.2025 წლის №002-45 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმის გადახდისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობის თანხის დღგ-ით დაბეგვრის მართლზომიერება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №6936 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 01.01.2022-01.03.2025-მდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლოსალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №7374 ბრძანება და №002-45 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 70 824 ლარი, მათ შორის, გადასახადი 37 214 ლარი, ჯარიმა 18 429 ლარი, საურავი 15 181 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე დამუშავდა მომჩივანის მიერ შესამოწმებელ პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატითა და ტერმინალით განხორციელებული ოპერაციები. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 174 276 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადამხდელის მიერ გამოგზავნილი საბანკო ამონაწერების მონაცემების შესწავლის საფუძველზე დადგენილმა დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 381 010 ლარი.

გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობის თანხა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის წარდგენილი აუდიტის დეპარტამენტის №002-45 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში,რომლის №11955 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ასევე მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1 და მე-2); 164(1); 269(7);