გადაწყვეტილება № 28043/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.10.2026
№ დოკუმენტი 28043/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 28043/2/2026

08 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---- 31.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28043/2/2026).

 

დავის საგანი:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურის შედეგად აღურიცხველი სმფ-ების გამოვლენისა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის საფუძვლით საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით დარიცხული

ჯარიმის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2026 წლის №002-90 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.08.2026 წლის №18116 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 62 699.49 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 2 753

დღგ - 1 215

მოგების გადასახადი - 1 535

ჯარიმა - 59 922.43

საურავი - 24.06

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 მარტის №6326 და 18 ივნისის №13400 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2025 წლის 31 ოქტომბრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნებისთვის 2026 წლის 25 მარტის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 19.06.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 25 მარტის №6445 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რომლის შედეგად აღრიცხულ იქნა 40 372 ცალი სხვადასხვა დასახელების საქონელი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 433 352,90 ლარს. ნაშთად არსებული აღრიცხული საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა

166 550,12 ლარის ოდენობით (საბაზრო ღირებულება 347 798,9 ლარი), ხოლო ნაშთად არსებული აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე არსებული საქონლის საბაზრო ღირებულება 85 554 ლარით. ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემით ინვენტარიზაციის მომენტისთვის ნაშთის ღირებულება განსაზღვრულია 232 052,95 ლარის ოდენობით, შესაბამისად, დანაკლისის თვითღირებულება შეადგენს 65 502,82 ლარს. დანაკლისის საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი 108.86%.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეეფარდა ჯარიმა 42 777 ლარის ოდენობით, ასევე ამავე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმა 16 143,49 ლარი. ამასთან, გადამხდელი ვალდებულია ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ღირებულება აღმოჩენის საანგარიშო პერიოდში დაბეგროს დღგ-ით და მოგების გადასახადით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 ივნისის №13803 ბრძანება და №002-90 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.08.2026 წლის №18116 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე, 49-ე, 70-ე, 145-ე, მე-8, 72-ე, 269-ე, 270-ე, 286-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტის პროექტით აღურიცხველი საქონლის თვითღირებულება შეადგენდა 21 163 ლარს, ხოლო საბოლოო აქტის მიხედვით, აღურიცხველი საქონლის საბაზრო ღირებულება გახდა 85 554 ლარი. ამასთან, მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატი 108%-ით ობიექტურია, თუმცა გაურკვეველია რატომ ადგენს შემმოწმებელი, რომ 21 163 ლარის 108% შეადგენს 85 554 ლარს. მიუთითებს, რომ შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზარდა საბაზრო ღირებულება, თუმცა გაუგებარია რეალურად რატომ გაავრცელა საშუალო შეწონილი ფასნამატი 209%-ის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს შეფარდებული ჯარიმების გაუქმებას და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი პროცენტის გონივრული პროცენტით (65-70%) შეცვლას, რომელიც გამოიყენება ყველა მსგავს საქმიანობაში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გადასახადის გადამხდელს ეცნობა სხდომის ჩატარების შესახებ, მათ შორის, საჩივრის განხილვის დროის, თარიღის და განხილვაში უშუალოდ მონაწილეობის შესაძლებლობის თაობაზე (სატელეფონო კომუნიკაციის გზითაც), რაზეც პირმა განაცხადა უარი.

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/მომსახურების გაწევისათვის.

3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დანაკლისი – გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების თანახმად:

4. გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

9. გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

მომჩივანი განმარტავს, რომ შემოწმების აქტის პროექტით აღურიცხველი საქონლის თვითღირებულება შეადგენდა 21 163 ლარს, ხოლო საბოლოო აქტის მიხედვით, აღურიცხველი საქონლის საბაზრო ღირებულება გახდა 85 554 ლარი. ამასთან, მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ განსაზღვრული საშუალო შეწონილი ფასნამატი 108%-ით ობიექტურია, თუმცა გაურკვეველია რატომ ადგენს შემმოწმებელი, რომ 21 163 ლარის 108% შეადგენს 85 554 ლარს. მიუთითებს, რომ შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზარდა საბაზრო ღირებულება, თუმცა გაუგებარია რეალურად რატომ გაავრცელა საშუალო შეწონილი ფასნამატი 209%-ის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს შეფარდებული ჯარიმების გაუქმებას და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი პროცენტის გონივრული პროცენტით (65-70%) შეცვლას, რომელიც გამოიყენება ყველა მსგავს საქმიანობაში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 10.09.2026 წლის №----- წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელის კანონიერ წარმომადგენელს 09.06.2026 წელს ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნა საგადასახადო შემოწმებით გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევის მონაცემები (დაანგარიშების ცხრილებთან ერთად) და ეთხოვა შემოწმებით გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით წერილობითი პოზიციის წარმოდგენა, რომელიც გათვალისწინებულ იქნებოდა შემოწმების აქტის მომზადების დროს, თუმცა არგუმენტირებული პოზიციის წარმოდგენა არ განხორციელდა.

გადასახადის გადამხდელის კანონიერ წარმომადგენელთან 09.06.2026 წელს ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი მონაცემები არ განსხვავდება საგადასახადო შემოწმების აქტში ასახული მონაცემებისგან.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.03.2026 წლის №6445 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- (ს/ნ -----) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა. აღრიცხულ იქნა 40372 ცალი სხვადასხვა დასახელების საქონელი, რომლის საბაზრო ღირებულება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონაცემებით განსაზღვრულია 433352.90 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი ცხრილით ნაშთად არსებული აღრიცხული საქონლის თვითღირებულება შეადგენს 195219.5 ლარს (საბაზრო ღირებულება 385203.6 ლარი), ხოლო აღურიცხველი საქონლის თვითღირებულება შეადგენს 21163 ლარს (საბაზრო ღირებულება 48149.3 ლარი). გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი ცხრილის შესწავლით გამოვლინდა შეუსაბამობები და ცხრილმა განიცადა კორექტირება.

გადასახადის გადამხდელის მიერ აღურიცხველ საქონლად ჩათვლილი 48149.3 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის ნაწილი 25910.3 ლარის ოდენობით მიჩნეულ იქნა აღრიცხულად. ხოლო აღრიცხულ საქონლად მიჩნეული საქონლის ნაწილიდან (საბაზრო ღირებულება 80783) აღურიცხველად ჩაითვალა 63257 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი. აღურიცხველ საქონელს დაემატა ასევე 58 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი. შესაბამისად აღურიცხველი საქონლის საბაზრო ფასი გამოვიდა 85554 ლარის ტოლი (48149,3-25910,3+63257+58). თუ 85554 ლარიდან ამოვრიცხავთ დღგ-ს და საშუალო შეწონილ ფასნამატს (108,86%), აღურიცხველი საქონლის თვითღირებულება გამოდის 34713.87 ლარის ტოლი. აღნიშნული ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს მოთხოვნისთანავე ელ. ფოსტის საშუალებით მიეწოდა 2026 წლის 18 ივნისს.

შემოწმების მიერ თითოეული საქონელი დაჯგუფებულია მსგავსი მახასიათებლების მიხედვით. აღნიშნული ჯგუფების საფუძველზე დადგინდა თითოეული ჯგუფიდან რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და ფასნამატი. დანაკლისის საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით დანაკლისის თვითღირებულებაზე გავრცელდა ინვენტარიზაციის მონაცემების საფუძველზე დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი 108.86 პროცენტის ოდენობით (65502.82*2.0886*1.18 - გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს ეს ნამრავლი მიაჩნია დანაკლისის თვითღირებულებაზე 209%-ის გავრცელებად). საგულისხმოა, რომ გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემით საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 198,67%-ს.

გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებთან 09.06.2026 წელს ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ ცხრილებში ერთსა და იმავე სტრიქონში არის ასახული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის, გადასახადის გადამხდელისა და აუდიტის დეპარტამენტის მონაცემები, შესაბამის შენიშვნებთან ერთად, თუმცა ცხრილებთან დაკავშირებით შენიშვნების წარმოდგენა არ განხორციელდა. ასევე საჩივარშიც არ არის წარმოდგენილი შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან განსხვავებული მონაცემები.

საბჭო განმარტავს, რომ მომჩივანმა დავის განხილვის პროცესში ვერ წარმოადგინა საგადასახადო ორგანოს მიერ ზემოთ დასახელებული არგუმენტების გამაბათილებელი, სათანადო ინფორმაცია ან შესაბამისი მტკიცებულებები, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურის შედეგად აღურიცხველი სმფ-ების გამოვლენისა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის საფუძვლით საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით დარიცხული ჯარიმის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ჩატარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვა. აღირიცხა 40 372 ცალი საქონელი საბაზრო ღირებულებით 433 352,90 ლარი, საიდანაც აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე არსებული საქონლის საბაზრო ღირებულება 85 554 ლარია. ბუღალტრული აღრიცხვით ნაშთი 232 052,95 ლარით იყო ასახული, ფაქტობრივად აღრიცხული საქონლის თვითღირებულება კი 166 550,12 ლარი იყო, რის გამოც დადგინდა 65 502,82 ლარის თვითღირებულების დანაკლისი. დანაკლისის საბაზრო ღირებულების დასადგენად თვითღირებულებაზე გავრცელდა საშუალო შეწონილი ფასნამატი 108.86%. გადამხდელს დაეკისრა ჯარიმები 42 777 ლარისა და 16 143,49 ლარის ოდენობით და დაევალა დანაკლისის საბაზრო ღირებულების დაბეგვრა დღგ-სა და მოგების გადასახადით. გადამხდელმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც საჩივარი არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც დავა გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;145(1,3);11;286;