გადაწყვეტილება №18680/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.03.2023
№ დოკუმენტი 18680/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№18680/2/2023

17.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: „----------“ (პ/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -----------ის 18.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18680/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 18.10.2022 წლის №26423 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.10.2022 წლის №007-297 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33825 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 23 768,94 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 23 654

საურავი - 114,94

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 12.07.2022 წლის №007-179 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.10.2022 წლის №26423 ბრძანებით ფ/პ ------------ის (პ/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

ფ/პ ------------- (პ/ნ --------------) საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის №007-179 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის) დარიცხული საურავისგან; - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 18.10.2022 წლის №26423 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 21.10.2022 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმა 11 827 ლარი და შესაბამისი საურავი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 28.10.2022 წლის №007-297 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33825 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ გაცემული აქვს ფართი იჯარით. 2019 წლის ნოემბრიდან მოუწია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. გაუცნობიერებლობის და არცოდნის გამო დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. რეგისტრაციის მომენტამდე იჯარის ღირებულებას საშემოსავლო გადასახადით ბეგრავდა მოიჯარე და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებასაც თავად ახდენდა. გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემოწმებით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა უსამართლოა, ვინაიდან, დარიცხვა ორმაგდება. განმარტავს, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული თანხის გადახდა მისთვის შეუძლებელია და იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ბიუჯეტს ზარალი არ მიუღია, ითხოვს დარიცხული გადასახადის შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 18.10.2022 წლის №26423 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემული საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის 21.10.2022 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ ფ/პ-------------- (პ/ნ --------------) საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის №007-179 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის) დარიცხული საურავისგან. შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმა 11 827 ლარი და შესაბამისი საურავი.

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 18.10.2022 წლის №26423 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი არსებითი მნიშვნელობის რაიმე მტკიცებულებები, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 18.10.2022 წლის №26423 ბრძანება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დარიცხული გადასახადის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 18.10.2022 წლის №26423 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 21.10.2022 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმა 11 827 ლარი და შესაბამისი საურავი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 28.10.2022 წლის №007-297 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33825 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:269(7);302;304