ბრძანება N 12626

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.05.2024
№ დოკუმენტი 12626
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12626

30 მაისი 2024

ბრძანება

შპს „--------ის“ (ს/ნ "-------")

(მის.: "-------")

2024 წლის 13 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 მაისის სხდომაზე (ოქმი №54) განიხილა შპს „-------ის“ (ს/ნ "-------") 2024 წლის 13 მაისის №77670/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №021-19 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, დღგ-ის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შემმოწმებელმა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე განიხილა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და აღნიშნულის შედეგად გაუგებარი მოტივით გადაიანგარიშა და უმნიშვნელოდ შეამცირა დარიცხული დღგ-ის თანხა, მაშინ როდესაც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არასწორად იყო გაანგარიშებული 2019 წლის იანვრის, მაისის, ივნისის, აგვისტოს და ოქტომბერი-დეკემბრის თვეებში.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. მიუთითებს, რომ შემოწმებას წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც გადაანგარიშებისას არ გაითვალისწინეს. ითხოვს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლას გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3289 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ის“ (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 20 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 18 ივლისის №18979 ბრძანება და ამავე თარიღის №021-72 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 141 027 ლარი, მათ შორის, გადასახადი 55 403 ლარი, ჯარიმა 55 503 ლარი და საურავი 30 121 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 22 დეკემბრის №32393 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

,, 1. შპს ,,--------’’-ის (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების (მათ შორის წარმოდგენილი მტკიცებულებების) გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე:

ა) თუ დასტურდება, რომ თანხები გაცემულია ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულ პირებზე (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირზე, ნოტარიუსზე, კერძო აღმასრულებლზე, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირზე და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირზე, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), უზრუნველყოს აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

ბ) თუ დგინდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენების პირობები, უზრუნველყოს აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.’’

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №32393 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 28 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 4 028 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 2 014 ლარით და ჯარიმა 2 014 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 მარტის №021-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 29 მაისის №11655 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №11655 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 აგვისტოს №20007/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №11655 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 აგვისტოს №20007/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ნოემბრის №27437 ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს ,,--------’’-ის (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ნოემბრის №27437 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 29 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 35 779 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 5 618 ლარით და ჯარიმა 30 161 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 15 აპრილის №021-19 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. საგადასახადო შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა მიღება-ჩაბარების და საბანკო ამონაწერების შესწავლის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ჰქონდა შესრულებული სამუშაოს თანხის ნაწილი (ავანსად), რომელიც საგადასახადო შემოწმების აქტით დაბეგრილი იყო სხვა პერიოდში. ასევე, საგადასახადო შემოწმების აქტით დაბეგრილი იყო მიღება-ჩაბარების აქტების თანხები აღნიშნული აქტების საანგარიშო პერიოდში, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დადგინდა აღნიშნულ მომსახურებაზე თანხის ავანსად მიღების ფაქტი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ის ნაწილში მოხდა დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება. შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ის თანხა.

2. კომპანიის დირექტორს კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან გატანილი აქვს თანხები საქვეანგარიშოდ, რაც შემოწმებით დაკვალიფიცირდა სესხად და დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით. აღნიშნული თანხების ძირითადი ნაწილი გატანილი აქვს 2019 წლის დასაწყისში და 2021 წლის ბოლო თვეებში. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დოკუმენტაცია/შედარების აქტები (აღნიშნული აქტები წარმოდგენილი ჰქონდა შემოწმების დროსაც), რომლებიც 2022 წელს არის შედგენილი და მათში აღნიშნული მიღება-ჩაბარებების და გაწეული მომსახურების ხელშეკრულებების თარიღები ძირითადად მოიცავს 2019 წლის ბოლო თვეებს და 2020-2021 წლებს. აღნიშნული თარიღები განსხვავდება იმ თარიღებისგან, როდესაც ფიქსირდება საწარმოდან საქვეანგარიშოდ თანხების გაცემა, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნახსენებ პირებს (მცირე მეწარმეებს) არ აქვთ დეკლარირებული შესაბამისი თანხები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დასტურდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები გახარჯულია თუ არა წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით გაწეული მომსახურებისთვის. შესაბამისად, ვერ დგინდება გატანილი თანხების მიზნობრიობაც. შედეგად, მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხა და გაცემულ სესხზე დარიცხული სარგებელი არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, დღგ-ის ნაწილში შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ჰქონდა შესრულებული სამუშაოს თანხის ნაწილი (ავანსად), რომელიც საგადასახადო შემოწმების აქტით დაბეგრილი იყო სხვა პერიოდში, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით დადგინდა აღნიშნულ მომსახურებაზე თანხის ავანსად მიღების ფაქტი. აღნიშნულის შედეგად განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება. ხოლო, საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას, კერძოდ, შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული თანხების ძირითადი ნაწილი დირექტორს გატანილი აქვს 2019 წლის დასაწყისში და 2021 წლის ბოლო თვეებში. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დოკუმენტაცია/შედარების აქტები (აღნიშნული აქტები წარმოდგენილი ჰქონდა შემოწმების დროსაც), რომლებიც 2022 წელს არის შედგენილი და მათში აღნიშნული მიღება-ჩაბარებების და გაწეული მომსახურების ხელშეკრულებების თარიღები ძირითადად მოიცავს 2019 წლის ბოლო თვეებს და 2020-2021 წლებს. აღნიშნული თარიღები განსხვავდება იმ თარიღებისგან, როდესაც ფიქსირდება საწარმოდან საქვეანგარიშოდ თანხების გაცემა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წარდგენილ დოკუმენტაციაში ნახსენებ პირებს (მცირე მეწარმეებს) არ აქვთ დეკლარირებული შესაბამისი თანხები. შედეგად, დადგინდა, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დასტურდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების წარდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით ხარჯვა.

ასევე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები წარდგენილი ჰქონდა როგორც საგადასახადო შემოწმების, აგრეთვე გადაანგარიშების ეტაპზე. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარიცხული თანხების გადაანგარიშება განხორციელდა აღნიშნული დოკუმენტაციების მიხედვით. იმის გათვალისწინებით, რომ არც გადაანგარიშების ეტაპზე და არც დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მიერ არ ყოფილა დამატებით წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების დამატებით შემცირების საფუძველი, შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------ის“ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, დღგ-ის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2.გადამხდელი არ ეთანხმება საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა მიღება-ჩაბარების და საბანკო ამონაწერების შესწავლის საფუძველზე. გადამხდელს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ჰქონდა შესრულებული სამუშაოს თანხის ნაწილი , რომელიც საგადასახადო შემოწმების აქტით დაბეგრილი იყო სხვა პერიოდში. ასევე, საგადასახადო შემოწმების აქტით დაბეგრილი იყო მიღება-ჩაბარების აქტების თანხები აღნიშნული აქტების საანგარიშო პერიოდში, თუმცა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დადგინდა აღნიშნულ მომსახურებაზე თანხის ავანსად მიღების ფაქტი.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ის ნაწილში მოხდა დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ის თანხა.

2. კომპანიის დირექტორს კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან გატანილი აქვს თანხები საქვეანგარიშოდ, რაც შემოწმებით დაკვალიფიცირდა სესხად და დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით.გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დასტურდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები გახარჯულია თუ არა წარმოდგენილი ხელშეკრულებების მიხედვით გაწეული მომსახურებისთვის. შესაბამისად, ვერ დგინდება გატანილი თანხების მიზნობრიობაც. შედეგად, მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხა და გაცემულ სესხზე დარიცხული სარგებელი არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21)