გადაწყვეტილება №25603/2/2025
📄 სრული ტექსტი
№25603/2/2025
01 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,11.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ 6.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25603/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.11.2024 წლის №24004/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2025 წლის №074-8 საგადასახდო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 181 886,3 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 108 587
დღგ - 54 831
მოგების გადასახადი - 53 756
ჯარიმა - 32 362
საურავი - 40 937,3
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 5.12.2022 წლის №30511 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორე (გამოვლენილი დანაკლისის თანხის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადისა ან/და მოგების/საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახვა). შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №30511 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, გამოვლინდა 359 453 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც მომჩივანს 15.05.2023 წლის №CB1468386 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.
საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის საანგარიშო პერიოდში და მომჩივანს დაერიცხა დღგ, ხოლო საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის და 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დაერიცხა მოგების გადასახადი. ასევე, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საწარმოს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2024 წლის №074-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8695 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 4.07.2024 წლის №23137/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8695 ბრძანება. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 4.07.2024 წლის №23137/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 20.08.2024 წლის №19041 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 7.11.2024 წლის №24004/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 20.08.2024 წლის №19041 ბრძანება.
საბჭო მიუთითებს, რომ 5.12.2022 წლის №30511 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის შესაბამის საანგარიშო პერიოდში დაბეგვრის საკითხის შემოწმების და დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის დროს, საკითხი უნდა შეფასებულიყო მომჩივნის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი ინფორმაციის/დეკლარაციების გათვალისწინებითაც, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო შემოწმების განხორციელებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხი შეისწავლოს მომჩივნის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი ინფორმაციის/დეკლარაციების გათვალისწინებით და 5.12.2022 წლის №30511 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში დეკლარირების შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს 7.11.2024 წლის №24004/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი სადავო საკითხი გადაწყვეტილების შესაბამისად. გადასახადის გადამხდელის მიერ 13.12.2023 წელს წარდგენილი 2022 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციის (პაკ. №--------) და 25.01.2024 წელს წარდგენილი იმავე პერიოდის დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაციის (პაკ. №-------- ) მიხედვით დეკლარირებული საქონლის დანაკლისის თანხა შეადგენს 304 621,8 ლარს. აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ში დარიცხული ჯარიმის თანხა განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნაცვლად საგადასახდო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილისა. გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია დააზუსტოს 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და შეამციროს არასწორად დეკლარირებული დანაკლისის თანხა.
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 8.07.2025 წლის №074-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულად არ მოხდა გადაწყვეტილების აღსრულება, კერძოდ არ განახორციელა დარიცხული ძირითადი გადასახადის შემცირება და მოხდა მხოლოდ ჯარიმის შემცირება (დღგ-ში დარიცხული ჯარიმის თანხა განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნაცვლად საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილისა). სრულად უნდა მომხდარიყო დღგ-ის ნაწილში ძირითადი გადასახადის შემცირება, რადგან უკვე განხორციელებულია აღნიშნული საგადასახადო ვალდებულების დეკლარირება. აღნიშნულთან დაკავშირებით დანართის სახით წარმოდგენილია ყველა სახის ინფორმაცია.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №30511 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები (შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1468386, გამოვლენილ იქნა 359 453 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისი) დეკლარირებულია და დაბეგრილია დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით შესაბამის პერიოდში (2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში). აღნიშნული პერიოდი ცალსახად არის მოცემული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №30511 ბრძანების საფუძველზე გამოცემულ 15.03.2023 წლის სასაქონლომატერიალური ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ ოქმში, სადაც ინვენტარიზაციის შედეგები გამოყვანილია 6.12.2022 წლის მდგომარეობით.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია აუდიტის დეპარტამენტი (წარმოდგენილია შესაბამისი წერილი). მიუხედავად ამისა აუდიტის დეპარტამენტმა მოახდინა ერთი ოპერაციის ხელმეორედ დაბეგვრა დღგ-ით და მოგების გადასახადით და როგორც აქტიდან ირკვევა სულ სხვა პერიოდში (2023 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში), რაც გაუგებარია, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდა აუდიტორთან დაკავშირება და როგორც აუხსნა ასეთია აუდიტის დეპარტამენტის მიდგომა და შესაძლებლობა ჰქონდა გაესაჩივრებინა, რომლის უფლებასაც იყენებს.
შემოსავლების სამსახურს საერთოდ არ შეუსწავლია მომჩივნის მიერ დეკლარირებული მონაცემები და ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტი, იქიდან გამომდინარე, რომ არაერთ ადგილას აქვს განმარტებული, რომ დანაკლისი აღიარდა 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში (მტკიცებულებას წარმოადგენს დანართის სახით), რომელსაც ადასტურებს 15.03.2023 წლის ოქმი, სადაც წერია, რომ ოქმი შედგენილია 6.12.2022 წლის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგებზე. თუ პირველად ოქმი შედგა 15.03.2023 წელს, 6.12.2022 წლის ინვენტარიზაციის შედეგებზე (რაზეც მოხდა დეკლარირება), ვერანაირად ვერ იქნებოდა 2023 წლის მაისის პერიოდი დეკლარაციაში დანაკლისის აღიარების პერიოდი (რასაც აუდიტის დეპარტამენტი აქტში მიუთითებს და უდასტურებს შემოსავლების სამსახური). აღნიშნული ინვენტარიზაციის შედეგები დეკლარირებულია და არ უნდა მოხდეს ერთი და იგივე ოპერაციის ორჯერ დაბეგვრა (შემოსავლების სამსახურს და აუდიტის დეპარტამენტს არც განუხილია კომპანია დაეჯარიმებინა პერიოდის არევით და არა მთლიანად ხელმეორედ დაერიცხა ძირითადი თანხა და ძირითად თანხაზე ჯარიმა).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი-22 და მე-5 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამურიოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას.
საბჭოს 7.11.2024 წლის №24004/2/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 5.12.2022 წლის №30511 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის შესაბამის საანგარიშო პერიოდში დაბეგვრის საკითხის შემოწმების და დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის დროს, საკითხი უნდა შეფასებულიყო მომჩივნის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი ინფორმაციის/დეკლარაციების გათვალისწინებითაც, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო შემოწმების განხორციელებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხი შეისწავლოს მომჩივნის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი ინფორმაციის/დეკლარაციების გათვალისწინებით და 5.12.2022 წლის №30511 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში დეკლარირების შემთხვევაში, უზრუნველეყო მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის დასკვნის მიხედვით, დამატებით იქნა შესწავლილი სადავო საკითხი გადაწყვეტილების შესაბამისად. გადასახადის გადამხდელის მიერ 13.12.2023 წელს წარდგენილი 2022 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციის (პაკ. №--------) და 25.01.2024 წელს წარდგენილი იმავე პერიოდის დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაციის (პაკ. №--------) მიხედვით დეკლარირებული საქონლის დანაკლისის თანხა შეადგენს 304 621,8 ლარს. აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ში დარიცხული ჯარიმის თანხა განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნაცლად საგადასახდო შემოწმების აქტით განსაზღვრული 275-ე მუხლის მე-2 ნაწილისა. გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია დააზუსტოს 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და შეამციროს არასწორად დეკლარირებული დანაკლისის თანხა.
საბჭო განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით და აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის დასკვნით დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს, რომ საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №30511 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი 359 453 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი (ან მისი ნაწილი) გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულია (2022 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაცია (პაკ. №-------) და იმავე პერიოდის დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაცია (პაკ. №--------)), ვინაიდან გადასახადის გადამხდელს ჯარიმა დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახდო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადის თანხის ნაწილში, აგრეთვე აღნიშნულის შედეგებისა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით ჯარიმის არდაკისრების ნაწილში საბჭოს გადაწყვეტილება სრულყოფილად აღსრულებული არ არის, ვინაიდან მომჩივნის მიერ წარდგენილი დეკლარაციების გათვალისწინება და მხოლოდ სანქციის თანხის კორექტირება განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით მოცული საანგარიშო პერიოდის გაზრდის და 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის შემოწმების ფარგლებში მოქცევის გარეშე.
სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა განეხორციელებინა 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო შემოწმება, სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით, რაც არ არის განხორციელებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს 7.11.2024 წლის №24004/2/2024 გადაწყვეტილება სათანადოდ არ არის აღსრულებული. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება, კერძოდ უკვე შემოწმებულ პერიოდთან/საკითხთან ერთად, ერთიანი საგადასხადო შემოწმების ჩატარებით, 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზეც განახორციელოს საგადასახადო შემოწმება, სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2025 წლის №074-8 საგადასახდო მოთხოვნა;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, საბჭოს 7.11.2024 წლის №24004/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება, კერძოდ, უკვე შემოწმებულ პერიოდთან/საკითხთან ერთად, ერთიანი საგადასხადო შემოწმების ჩატარებით, 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზეც განახორციელოს საგადასახადო შემოწმება სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ფაქტობრივი გარემოებები
გადაწყვეტილება
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :