ბრძანება N 6284

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.04.2025
№ დოკუმენტი 6284
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6284

02 აპრილი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2025 წლის 12 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 მარტის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2025 წლის 12 მარტის №94541/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 თებერვლის №028-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი ითხოვს დამფუძნებელის მიერ კაპიტალში შეტანილ და შემდგომ პერიოდებში უკან დაბრუნებულ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირებას. განმარტავს, რომ საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი იყო საწყისი კაპიტალი, რომელიც შეტანილ იქნა დამფუძნებლის მიერ 2020 წლის დასაწყისში. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ გაკეთდა შექმნის დღიდან 2020 წლის I კვარტლის ჩათვლით პერიოდის ანალიზი და წარდგენილ იქნა ბუღალტრული ამონაწერები. წარდგენილ იქნა სრულად შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დავალებული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რითიც დასტურდება, რომ საწარმოს არა მარტო გააჩნდა, არამედ მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი იყო საწყისი კაპიტალის არსებობა. აცხადებს, რომ საწარმო შეიქმნა 2019 წლის 27 ივნისს, 2019 წელს შესრულებული სამუშაოს მოცულობამ შეადგინა 82 250 ლარი, ხოლო ანაზღაურებულმა თანხამ 53 000 ლარი. 2020 წლის I კვარტალში შესრულებული სამუშაოს მოცულობამ შეადგინა 435 732 ლარი, ხოლო ანაზღაურებულმა თანხამ 232 400 ლარი. გაწეული ხარჯის დაფინანსება განხორციელდა საწესდებო კაპიტალში 2020 წლის 24 იანვარს დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხით (200 000 ლარი). აცხადებს, რომ შემმოწებელმა ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ მოითხოვა ხანდაზმული პერიოდის სრული დოკუმენტაციის წარდგენა მიუხედავად იმისა, რომ შემმოწმებელი ეჭქვეშ აყენებდა მხოლოდ საწყისი საწესდებო კაპიტალის საჭიროებას და არსებობას. გადამხდელისთვის გაუგებარია რატომ უსვამს ხაზს შემმოწმებელი იმ გარემოებას, რომ წარდგენილი ხარჯის „ძირითადი ნაწილი არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ გაწეული მომსახურებები“. აცხადებს, რომ შემოწმებულ პერიოდშიც საკმაოდ დიდი ხარჯი იყო გაწეული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე, თუმცა ამ კუთხით არანაირი არსებითი დარღვევა არ დაფიქსირებულა საგადასახადო შემოწმების აქტში. შემმოწმებელს ასევე არ აქვს გათვალისწინებული ის გარემოება, რომ 2020 წლის დასაწყისში დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხა დაბრუნდა მომდევნო 2021 წელს როგორც კი საკმარისი თანხა გააჩნდა საწარმოს სალაროში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 ნოემბრის №24517 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ --------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 ნოემბრის №24517 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 14 თებერვალს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 19 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 18 თებერვლის №028-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის არასრულად იქნა წარდგენილი შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული მტკიცებულებები. კერძოდ, შპს „------“ (ს/ნ -------) მიერ წარმოდგენილია მხოლოდ 2020 წლის აპრილის თვემდე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (ძირითადი ნაწილი არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ გაწეული მომსახურებები). შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული დოკუმენტები და კვლავ ვერ დადასტურდა 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საწყისი კაპიტალის ნაშთის საჭიროება. შესაბამისად, აღნიშნულ სადავო საკითხზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას/შემცირებას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის არასრულად იქნა წარდგენილი შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული მტკიცებულებები. ამდენად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას/შემცირებას არ დაექვემდებარა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ ეჭვქვეშ დადგა არა 2020 წლის საწყის პერიოდში საწარმოს დამფუძნებლის მიერ შენატანის საჭიროება, არამედ შესამოწმებელი პერიოდის, კერძოდ, 2021 წლის 1 იანვრისთვის არსებული კაპიტალის ნაშთი. აღნიშნული საკითხზე შედგა კომუნიკაცია გადამხდელთან და მოთხოვნილ იქნა სრული პერიოდის (დაფუძნების დღიდან შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისამდე) საბუღალტრო ჩანაწერები, რითიც შესაძლებელი გახდებოდა დადგენილიყო 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კაპიტალის ნაშთის მიზნობირობა, თუმცა გადამხდელის მიერ მხოლოდ დაფუძნების დღიდან 2020 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით პერიოდზე განხორციელდა ინფორმაციის წარმოდგენა. ამასთან, წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად კვლავ ვერ დადასტურდა 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საწყისი კაპიტალის საჭიროება. კერძოდ, შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში ბუღალტრულ აღრიცხვაში არსებული საწყისი ნაშთების (სალაროს, ბანკის, დებიტორებისა და კრედიტორების) გათვალისწინებით განხორციელდა შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების შეპირისპირება, რის შედეგადაც შემოსავლებმა გადააჭარბა ხარჯებს 1 100 458 ლარით. გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შემდეგ წარმოდგენილია დაფუძნების დღიდან 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით არაელექტრონული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ძირითადად მცირე მეწარმეების მიერ გაწეულ მომსახურებებზე. აღნიშული ხარჯი ჯამურად შეადგენს 331 305 ლარს. საგადასახადო შემოწმებით ამ ხარჯის გათვალისწინების შემთხვევაშიც ვერ დგინდება 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კაპიტალის ნაშთის (200 000 ლარი) საჭიროება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს დამფუძნებელის მიერ კაპიტალში შეტანილ და შემდგომ პერიოდებში უკან დაბრუნებულ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის არასრულად იქნა წარდგენილი შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული მტკიცებულებები. კერძოდ, მომჩივნის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ 2020 წლის აპრილის თვემდე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (ძირითადი ნაწილი არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ გაწეული მომსახურებები). შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული დოკუმენტები და კვლავ ვერ დადასტურდა 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საწყისი კაპიტალის ნაშთის საჭიროება. შესაბამისად, აღნიშნულ სადავო საკითხზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას/შემცირებას არ დაექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304(21)