გადაწყვეტილება № 26769/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 26769/2/2026
02 აპრილი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 1.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26769/2/2026).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2025 წლის №085-33 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2026 წლის №2995 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 46 945,46 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 26 198,90
ჯარიმა - 13 345,80
საურავი - 7 400,76
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, მათ შორის ხილით და ბოსტნეულით. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 13.12.2007 წელს. მცირე მეწარმის სტატუსი გააჩნია 27.12.2017 წლიდან. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 16.08.2021 წელს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდის თემატური, კამერალური საგადასახადო შემოწმება, შესამოწმებელ პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატით და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით.
შემოწმების შედეგები აისახა 18.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს გააჩნდა საკონტროლო-სალარო აპარატი და პოსტ-ტერმინალი, რომელთა გამოყენებით აღრიცხავდა პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს. მეწარმე ახორციელებდა, როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ასევე დღგ-სგან გათავისუფლებული პროდუქციის რეალიზაციას.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, მეწარმის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო მასალების, საკონტროლო-სალარო აპარატის, საბანკო ტერმინალების მონაცემებისა და საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად დადგინდა მეწარმის მიერ მიღებული შემოსავლის მოცულობა. გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით, სრულყოფილად არ იმიჯნებოდა დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-სგან გათავისუფლებული ოპერაციები. გარდა ამისა, რეალიზებული საქონლის ოდენობა დადგინდა ელექტრონული სააღრიცხვო ჟურნალიდან, რომელიც შეიცავდა დღგ-ით დასაბეგრ და დღგ-სგან გათავისუფლებულ საქონელს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა დასაბეგრი ბრუნვის პროპორცია, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შეადგინა 857 153 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვა შეადგენდა 711 603 ლარს. შედეგად, დამატებით დადგინდა 145 550 ლარის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე 23.12.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №28130 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №085-33 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.02.2026 წლის №2995 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქმეში მთავარი სადავო საკითხი არ არის შემოსავლის არსებობა ან დღგ-ის გადახდის ვალდებულების პრინციპი. დავის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაბეგვრის ბაზა განსაზღვრულია არაზუსტი და ტექნიკურად მცდარი ელექტრონული ფაილის საფუძველზე, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის სრული გამოკვლევის გარეშე. აუდიტორმა არ მოითხოვა ხელნაწერი სააღრიცხვო ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველადი აღრიცხვის წყაროს. მოთხოვნილი იქნა მხოლოდ მონაცემების Excel ფორმატში გადატანა და წარდგენა. ხელნაწერი ჟურნალიდან Excel-ში მონაცემების გადატანისას დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა — კონკრეტულ პოზიციებზე „კარტოფილი“-ს ნაცვლად დაფიქსირდა „კარაქი“. აღნიშნულმა კლასიფიკაციის შეცდომამ გავლენა მოახდინა დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვის პროპორციულ განაწილებაზე. შეცდომა იყო ტექნიკური, დაუდევრობით გამოწვეული და არ იყო განზრახი. მოცემულ შემთხვევაში ხელნაწერი ჟურნალი არსებობდა/არსებობს და შეიცავდა/შეიცავს რეალურ მონაცემებს. ადმინისტრაციული აქტის გაუქმების საფუძველი დაბეგვრის ბაზის განსაზღვრა განხორციელებულია არასრული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და პირველადი მტკიცებულების სრულყოფილი შეფასების გარეშე. ეს წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტის გაუქმების დამოუკიდებელ საფუძველს, ვინაიდან დარღვეულია: ობიექტური და სრულყოფილი გამოკვლევის პრინციპი; მტკიცებულებათა სრულად შეფასების ვალდებულება; გადამხდელის კეთილსინდისიერების გათვალისწინების პრინციპი. სანქციის გაუქმების საფუძველი აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა შემოწმებასთან. სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი შეიძლება გათავისუფლდეს სანქციისაგან, თუ დარღვევა გამოწვეულია შეცდომით. მოცემულ შემთხვევაში დარღვევა გამოწვეულია ტექნიკური შეცდომით და არა განზრახი ქმედებით, რაც გამორიცხავს სანქციის დაკისრების მიზანშეწონილობას. მოცემულ საქმეში არ იკვეთება განზრახი შემოსავლის დამალვა. საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება ტექნიკურად მცდარ ელექტრონულ ფაილს და არა პირველადი დოკუმენტაციის სრულ ანალიზს. შესაბამისად, არსებობს სამართლებრივი საფუძველი: დაბეგვრის ბაზის ხელახალი განსაზღვრისათვის; დამატებით დარიცხული დღგ-ის გადათვლისათვის ჯარიმისა და საურავის გაუქმებისათვის.
მომჩივანი ითხოვს:
1. გაუქმდეს ან გადაიხედოს საგადასახადო შემოწმების აქტი №-----;
2. დაბეგვრის ბაზა განისაზღვროს პირველადი ხელნაწერი სააღრიცხვო ჟურნალის საფუძველზე;
3. გაუქმდეს 26,199 ლარის ძირითადი დღგ-ის დამატებითი დარიცხვა ან განხორციელდეს მისი ხელახალი გადათვლა;
4. სრულად გაუქმდეს 13,346 ლარის ჯარიმა;
5. გაუქმდეს 7,400,76 ლარის საურავი;
6. ალტერნატიულად, გამოყენებულ იქნას სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისაგან გათავისუფლება. მოცემულ შემთხვევაში დარღვევა გამოწვეულია ტექნიკური შეცდომით და არა განზრახი ქმედებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი განმარტავს, რომ შემმოწმებლებს მიაწოდეს მონაცემები, რომელთა შეცდომით შევსებამ ქმედების სამართალდარღვევად განხილვა განაპირობა, იმავდროულად ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას და დაკისრებული სანციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს დამატებული ღირებულების გადასახადში და ითხოვს მათ კორექტირებას.
შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით (100106/1/2026) მომჩივანი ეთანხმებოდა დარიცხულ გადასახადს და ითხოვდა მხოლოდ დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო ვერ გასცდება შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში დაფიქსირებული მოთხოვნის ფარგლებს და ვერ იმსჯელებს ისეთ საკითხებზე, რომელიც შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის პროცესში არ ყოფილა დაფიქსირებული.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში. გადასახადის გადამხდელს გააჩნდა საკონტროლო-სალარო აპარატი და პოსტ-ტერმინალი, რომელთა გამოყენებით აღრიცხავდა პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს. მეწარმე ახორციელებდა, როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ასევე დღგ-სგან გათავისუფლებული პროდუქციის რეალიზაციას. შემოწმებით დადგინდა მეწარმის მიერ მიღებული შემოსავლის მოცულობა. გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით, სრულყოფილად არ იმიჯნებოდა დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-სგან გათავისუფლებული ოპერაციები. გარდა ამისა, რეალიზებული საქონლის ოდენობა დადგინდა ელექტრონული სააღრიცხვო ჟურნალიდან, რომელიც შეიცავდა დღგ-ით დასაბეგრ და დღგ-სგან გათავისუფლებულ საქონელს. აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა დასაბეგრი ბრუნვის პროპორცია, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;272(1);275(2);