გადაწყვეტილება №20371/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.11.2023
№ დოკუმენტი 20371/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20371/2/2023

06 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 26.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20371/2/2023).

 

დავის საგანი:

სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, დადგენილ ვადაში წარუდგენლობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის №188204 სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 მაისის №12107 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 მარტის №21-14/------ წერილით გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, დაევალა აუდიტის დეპარტამენტში წარედგინა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია 2021 წლის 23 მარტიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებზე.

მომჩივანს აღნიშნული წერილი ჩაბარდა 2023 წლის 9 მარტს. გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. აღნიშნულზე მომჩივანს, 2023 წლის 17 მარტის №188204 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 მაისის №12107 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ 2023 წლის 1 მარტის №21-14/16927 წერილი გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2023 წლის 9 მარტს, ხოლო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 2023 წლის 17 მარტს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის დღემდე არ არის სრულად წარმოდგენილი აღნიშნული წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მოცემულ შემთხვევაში არანაირი განზრახვა გადასახადის დამალვის არ არსებობს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს ფიზიკურად არ ჰქონია შემოწმების მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს სადავო ოქმით შეფარდებული ჯარიმისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა – იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1 000 ლარის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მართებულად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. ამასთან, საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მომჩივნის შეცდომით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, დადგენილ ვადაში წარუდგენლობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის წერილით გადასახადის გადამხდელს დაევალა აუდიტის დეპარტამენტში წარედგინა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია. მომჩივანს აღნიშნული წერილი ჩაბარდა 2023 წლის 9 მარტს. გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ ვადაში არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. აღნიშნულზე მომჩივანს, 2023 წლის 17 მარტის №188204 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სანქცია. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 მაისის №12107 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მომჩივნის შეცდომით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70; 269(7); 279;