გადაწყვეტილება №24014/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.10.2024
№ დოკუმენტი 24014/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24014/2/2024

21 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ----)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ს 30.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24014/2/2024).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.08.2024 წლის №CB1662272 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; 2. შემოსავლების სამსახურის 20.09.2024 წლის №20651 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 5 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

21.08.2024 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, (მისამართზე: ----) გადამოწმდა ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით ----), რა დროსაც დადგინდა, რომ მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 1 368 ლარის ღირებულების საქონლის (ქათმის ფრთები) ტრანსპორტირება ხდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც მომჩივანს, 21.08.2024 წლის №CB1662272 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.09.2024 წლის №20651 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და განმარტავს, რომ სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს განმეორებით შემთხვევას.

ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს (განმეორებით), შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა პირადი პრობლემებისგან შექმნილი სიტუაციის გამო გამოიჩინა დაუდევრობა და არ გადაამოწმა იყო თუ არა ზედნადები ატვირთული. მომწოდებელ კომპანიას ჰქონდა ატვირთვის პრობლემა. მომჩივანი ითხოვს ჯარიმის გაუქმებას ან შემსუბუქებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.10.2024 წლის №95773-21- 12 წერილის თანდართული მასალიდან ირკვევა, რომ 31.08.2024 წელს 12:32 სთ-ზე, გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება (მძღოლი --- ) სახ. №---, რომლის ძარაზე განთავსებული იყო სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 1 368 ლარის ღირებულების ქათმის ფრთები. აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე. დგინდება, რომ გადამოწმების შემდგომ დაგვიანებით (21.08.2024წ. 12:40:54 სთ.) გამოიწერა ელ. სასაქონლო ზედნადები №----.

გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგა ელექტრონული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1662272 საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი პროდუქციის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტზე მომჩივანს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

მომჩივანი არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, პირადი პრობლემებისგან შექმნილი სიტუაციის გამო, გამოიჩინა დაუდევრობა და არ გადაამოწმა იყო თუ არა ზედნადები ატვირთული. მომწოდებელ კომპანიას ჰქონდა ატვირთვის პრობლემა. ითხოვს ჯარიმის გაუქმებას ან შემსუბუქებას. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 20.09.2024 წლის №20651 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გადამოწმდა ავტომანქანა, რა დროსაც დადგინდა, რომ მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 1 368 ლარის ღირებულების საქონლის (ქათმის ფრთები) ტრანსპორტირება ხდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 20.09.2024 წლის №20651 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (2).