გადაწყვეტილება №85184/1/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.04.2024
№ დოკუმენტი 85184/1/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№85184/1/2023

23 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 22.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №85184/1/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 23.09.2022 წლის №17431/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2023 წლის №007-302 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 180 855 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 92 030

დღგ - 34 157

საშემოსავლო გადასახადი - 57 873

ჯარიმა - 40 957

საურავი - 47 868

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა თამბაქოს ნაწარმის, საკვები პროდუქტების და სასმელების შეძენა-რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.04.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2021 წლის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადასახადის გადამხდელს შეძენები უფიქსირდება მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე. როგორც საგადასახადო შემოწმების პროცესში გაირკვა, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა და არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უწყვეტ აღრიცხვას. გადასახადის გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოწმებამ იხელმძღვანელა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმებული მსგავსი საქმიანობის და ტერიტორიული მდებარეობის ორგანიზაციის მონაცემებით და მოძიებული ფასნამატი გავრცელებული იქნა რეალიზებული საქონლის ჯგუფის თვითღირებულებაზე (გათვალისწინებული იქნა სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები). ამგვარად, გაანგარიშებული საერთო ფასნამატი, 2018-2021 წლის აპრილის თვემდე, წლების მიხედვით სიგარეტების ნაწარმზე შეადგენს შესაბამისად: 3.8%-ს, 2.1%-ს, 3.9%-ს, ხოლო სასმელებზე და საკვებ პროდუქტებზე 17%-ს, 19%-ს, 19%-ს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 194 340 ლარით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;

2. გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, გაცემული აქვს ხელფასები 37 150 ლარის (დარიცხული) ოდენობით, დივიდენდი 17 000 ლარის ოდენობით (დარიცხული). ამასთან, წარდგენილი ახსნა-განმარტებით, კომპანიას დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები არ გააჩნია. გადასახადის გადამხდელის პირველად დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დადგინდა ფულადი სახსრების ნაშთი 2 389 ლარის ოდენობით. შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2021 წლის №007-294 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 1.09.2021 წლის №28155 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 1.09.2021 წლის №28155 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2022 წლის დასკვნის მიხედვით, იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.05.2022 წლის №007-113 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.07.2022 წლის №19145 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 23.09.2022 წლის №17431/2/2022 გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, მომჩივნის მონაწილეობით, შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 23.09.2022 წლის №17431/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას), დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2023 წლის №007-302 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოსავლების სამსახურში 2023 წლის 19 ნოემბერს ელექტრონულად წარდგენილი საჩივარი №85184/1/2023 კუთვნილებისამებრ, 2023 წლის 22 ნოემბრის №119000-21-04 წერილით გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მატერიალური ფორმით წარსადგენი მტკიცებულებები წარდგენილი იქნა. კერძოდ, დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, რომლის საერთო რეალიზაციის პროცენტული წილი მცირეა, მაგრამ საქონლის სახეობის 70% ასახულია მასში. კომპანიის მიერ გაწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით (თუნდაც მცირე რაოდენობა, თუმცა პროდუქციის სახეობა ბევრია), ფასნამატის გაანგარიშება უფრო სარწმუნოა, ვიდრე ანალოგიური მაღაზიის ფასნამატი მითუმეტეს, რომ აღნიშნული მაღაზია არ მდებარეობს ბაზრობის ტერიტორიაზე. გადაანგარიშების პროცესში, ასევე იქნა წარდგენილი პოზიცია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე (ბაზრობა) ფუნქციონირებენ მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომლებიც ვაჭრობენ ძირითადად საბითუმოდ, შესაბამისად მცირეა მათი ფასნამატი და თუ ფასნამატის დასადგენად გამოიყენებოდა სხვა კომპანიის ფასნამატი, ეს უნდა ყოფილიყო ზემოხსენებულ ტერიტორიაზე მომუშავე აუდირებული კომპანია. აუდიტორის განცხადებით, ასეთი კომპანიის მოძიება მის ვალდებულებას არ წარმოადგენდა და მოთხოვა გადასახადის გადამხდელს თავად მიეწოდებინა მისთვის მსგავსი კომპანიის ინფორმაცია. კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, დაეთანხმა და თავად მიაწოდა კომპანიების დასახელებები, საიდენტიფიკაციო კოდები, რომლებიც საქმიანობენ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის განხორციელების ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე და მათთან ჩატარებული აუდიტორული შემოწმებით დადგენილია ფასნამატი.

გარდა ფასნამატისა, გასაჩივრებული ქონდა ასევე, სალაროში არსებული თანხის ნაშთის დაბეგვრის საკითხი. აუდიტორმა ეს საკითხიც არ განიხილა, იმის გამო, რომ ფინანსთა სამინიტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში კონკრეტულად ეს თემა არ მიუთითებია შესასწავლად. აუდიტორმა თავდაპირველად, აღნიშნულ საკითხზეც მოთხოვა გაანგარიშებები, არადა ეს გაანგარიშებები შემოწმების პროცესშიც წესით უნდა ჰქონოდა შესწავლილი, თუნდაც ის, რომ კომპანიას 2017 წლამდე მოჰყვებოდა გაუნაწილებელი მოგება 70 507 ლარი და რომელიც დივიდენდის სახით არ ყოფილა განაწილებული. სწორედ ეს თანხა უნდა დაბეგრილიყო 5%-იანი საშემოსავლოთი, რომელიც ამცირებს დარიცხვას 13 220 ლარით. ასევე, გამოვლენილი ზედმეტი თანხა არ უნდა დაბეგრილიყო საშემოსავლო გადასახადით, რადგან კომპანიას გააჩნდა ანგარიშვალდებული პირის მიმართ დავალიანება და სწორედ ამ თანხით ორგანიზაციის მიერ ანგარიშვალდებული პირის დავალიანება უნდა დაფარულიყო. აღნიშული გაანგარიშებები წარდგენილი იქნა აუდიტორისთვის, თუმცა გადაანგარიშების ბოლოს განუცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს მისთვის ეს საკითხიც არ დაუვალებია შესასწავლად. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურში 2021 წლის 11 აგვისტოს წარდგენილ №63144/1/2021 საჩივარში დასმული იყო ორი სადავო საკითხი, რომელზეც შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 სექტემბრის №28155 ბრძანებით მიეცათ საშუალება წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით მომხდარიყო დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). კერძოდ, შემოსავლების სამსახურმა გადაწყვიტა: „გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება)“.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით კი, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა შემდეგი ფორმულირებით: „საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდა სათანადო მტკიცებულებების შემოწმებისთვის წარდგენა და შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს სხდომაზე მომჩივანის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, უნდა მოხდეს მომჩივნის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის გაგზავნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლა. ამასთან, მხედველობაშია მისაღები აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაც, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, შესაძლოა განხორციელდეს შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება)“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებელია და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია აუდიტორის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული საკითხის შესწავლა მისთვის ფინანსთა სამინისტროს არ დაუვალებია. მაშინ როდესაც, დარიცხვის მართლზომიერებაზე მსჯელობა შემოსავლების სამსახურის სისტემაში მხოლოდ ერთხელ მოხდა და აღნიშნულზე არსებობს 2021 წლის 1 სექტემბრის №28155 ბრძანება, სადაც ნათლად არის მითითებული სადავო საკითხები და მათზე მიღებული გადაწყვეტილება. დანარჩენი გადაწყვეტილებები არსებითად არ შეხებია სადავო საკითხებს და კომპანიის მიერაც არ შეცვლილა დარიცხვის მართლზომიერებასთან დაკავშირებით პოზიციები და არგუმენტები.

მომჩივანს მიაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით დავალებული სადავო საკითხების შესწავლა აუდიტორს უნდა განეხილა 2021 წლის 1 სექტემბრის №28155 ბრძანების კონტექსტში, ვინაიდან საბჭოზე გადასახადის გადამხდელის მიერ გაცხადებული პოზიციაც და არგუმენტებიც შეეხებოდა იგივე სადავო საკითხს. აღნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო გადასახადის გადამხდელის არგუმენტების მოსმენის შედეგად. საბჭო თავის გადაწყვეტილებაში ყურადღებას ამახვილებს და ამავე დროს მას ფაქტობრივად აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივნის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, შესაძლოა განხორციელდეს შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და დარიცხული თანხების არ გადაანგარიშებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 1.09.2021 წლის №28155 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მასალების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ამასთან, იმ გარემოების გათვალიწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის 1.09.2021 წლის №28155 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

ხსენებული შემოსავლების სამსახურის 1.09.2021 წლის №28155 ბრძანების აღსრულების შედეგები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 19.07.2022 წლის №19145 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 23.09.2022 წლის №17431/2/2022 გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, მისი მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები კვლავაც არ დაექვემდებარა კორექტირებას, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი:

- საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა სასაქონლო ზედნადებებით გაყიდული პროდუქციის შესაბამისად განსაზღვრული ფასნამატები სახეობების მიხედვით (სიგარეტი, გაზიანი სასმელები, სპირტიანი სასმელები და სხვა). დოკუმენტური რეალიზაციის წილი სრულ რეალიზაციაში არის მცირე - 1%. აღნიშნული მონაცემები ცნობილი იყო შემოწმებისათვის შემოწმების პროცესშიც და მისი გამოყენება არ მომხდარა. შემოწმებისას გამოყენებული იქნა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატები. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სხვა, ახალი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, არ არსებობს აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს მიაწოდა კომპანიების დასახელებები, საიდენტიფიკაციო კოდები, რომლებიც საქმიანობენ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის განხორციელების ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე და მათთან ჩატარებული აუდიტორული შემოწმებით დადგენილია ფასნამატი. ასევე წარადგინა პოზიცია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე (ბაზრობა) ფუნქციონირებენ მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომლებიც ვაჭრობენ ძირითადად საბითუმოდ, შესაბამისად მცირეა მათი ფასნამატი და თუ ფასნამატის დასადგენად გამოიყენებოდა სხვა კომპანიის ფასნამატი, ეს უნდა ყოფილიყო ზემოხსენებულ ტერიტორიაზე მომუშავე აუდირებული კომპანია. გარდა ფასნამატისა, გასაჩივრებული ქონდა ასევე, სალაროში არსებული ნაშთის დაბეგვრის საკითხი. აუდიტორმა თავდაპირველად, აღნიშნულ საკითხზეც მოთხოვა გაანგარიშებები, რაც შემოწმების პროცესშიც წესით უნდა ჰქონოდა შესწავლილი, თუნდაც ის, რომ კომპანიას 2017 წლამდე მოჰყვებოდა გაუნაწილებელი მოგება 70 507 ლარი და რომელიც დივიდენდის სახით არ ყოფილა განაწილებული, სწორედ ეს თანხა უნდა დაბეგრილიყო 5%-იანი განაკვეთით, რომელიც ამცირებს დარიცხვას. ასევე, გამოვლენილი ზედმეტი თანხა არ უნდა დაბეგრილიყო საშემოსავლო გადასახადით, რადგან კომპანიას გააჩნდა ანგარიშვალდებული პირის მიმართ დავალიანება და სწორედ ამ თანხით დავალიანება უნდა დაფარულიყო. აუდიტორმა აღნიშნული საკითხები არ განიხილა, იმის გამო, რომ ფინანსთა სამინიტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში კონკრეტულად ეს თემები არ მიუთითებია შესასწავლად. აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურში 2021 წლის 11 აგვისტოს წარდგენილ საჩივარში დასმული იყო ორი სადავო საკითხი, რომელზეც შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 სექტემბრის №28155 ბრძანებით მიეცათ საშუალება, წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, მომხდარიყო დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). საბჭომ 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მომჩივანის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, რომ უნდა მოხდეს აუდიტის დეპარტამენტისთვის გაგზავნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლა, ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტების საფუძველზე, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, შესაძლოა განხორციელდეს შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა. დარიცხვის მართლზომიერებაზე მსჯელობა შემოსავლების სამსახურის სისტემაში მხოლოდ ერთხელ მოხდა და აღნიშნულზე არსებობს 2021 წლის 1 სექტემბრის №28155 ბრძანება, სადაც მითითებულია სადავო საკითხები და მათზე მიღებული გადაწყვეტილება. დანარჩენი გადაწყვეტილებები არსებითად არ შეხებია სადავო საკითხებს და კომპანიის მიერაც არ შეცვლილა დარიცხვის მართლზომიერებასთან დაკავშირებით პოზიციები და არგუმენტები. ამდენად, მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით დავალებული სადავო საკითხების შესწავლა აუდიტორს უნდა განეხილა 2021 წლის 1 სექტემბრის №28155 ბრძანების კონტექსტში, ვინაიდან საბჭოზე გადასახადის გადამხდელის მიერ გაცხადებული პოზიციაც და არგუმენტებიც შეეხებოდა იგივე სადავო საკითხებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და დარიცხული თანხების არ გადაანგარიშებას.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ გადაანგარიშების ერთ-ერთი მიზეზი, აუდიტორის თქმით, იყო ის რომ საბჭოს გადაწყვეტილებაში დეტალურად არ ქონდა დაკონკრეტებული, რომ წარდგენილ პოზიციებზე ემსჯელა. მართალია დოკუმენტაციის წარდგენისათვის შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით დადგენილი ვადა გაუშვა, მაგრამ აღნიშნული ვადა საბჭომ აღადგინა და მიიჩნევს, რომ თავდაპირველ საჩივარში დაფიქსირებულ საკითხებზე აუდიტორს უნდა ემსჯელა. გადაანგარიშების პროცესში წარადგინა არგუმენტები/პოზიციები/ინფორმაცია, მაგრამ საბოლოოდ აუდიტორმა იმ პოზიციით, რომ საბჭოს მსგავსი რამ არ დაუვალებიაო, არ გაითვალისწინა. აუდიტორის მიდგომას, რომ დოკუმენტური რეალიზაცია მთლიან რეალიზაციაში მცირეა და ამდენად არაარსებითი, არ ეთანხმება, რადგან გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში ჩანს საქონლის დასახელება, შესაბამისად გაყიდული საქონლის 70%. ითხოვა იმ ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის (რომელთა შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა) ფასნამატის გამოყენება, რომელთა ფასნამატები უფრო დაბალია, ვიდრე აუდიტორის მიერ გამოყენებული აუდირებული კომპანიის ფასნამატი, რომელი კომპანიაც მათი საქმიანობის ტერიტორიაზე არ მდებარეობს. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე წარადგინა მტკიცებულებები, სადავოდ ხდიდა ორ საკითხს, პირველი ფასნამატის თემას და მისთვის გაუგებარია რა უშლის ხელს მათ მიერ წარდგენილი, იმავე ბაზრობის ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიებზე შემოწმებით დადგენილი ფასნამატის გათვალისწინებას მისთვის გაუგებარია, ასევე უცნობია განიხილა თუ არა აუდიტორმა წარდგენილი ინფორმაცია, რადგან შესაბამისი არგუმენტები არ დაუფიქსირებია. აუდიტორის პოზიცია იყო, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით აღნიშნული არ დავალებია და ამიტომ არ განიხილა. რაც შეეხება მეორე საკითხს სალაროს ნაშთს, დავების განხილვის ყველა ეტაპზე წარადგენდა არგუმენტებს, აღნიშნული საკითხიც არ განიხილა აუდიტორმა იმის გამო, რომ საბჭოს კონკრეტულად ეს თემა არ მიუთითებია შესასწავლად. როცა გაუნაწილებელი მოგება აქვს კომპანიას, რომელიც 2017 წლამდე მოჰყვება, მინიმუმ მოგების გადასახადით უნდა დაბეგრილიყო, თუ გაუნაწილებელი მოგება 70 000 ლარამდეა, გამოვლენილი თანხა უნდა დაბეგრილიყო 5%-ით, უნდა განხილულიყო დივიდენდად და არა ხელფასად. ყავდა თუ არა დებიტორი/კრედიტორი აღნიშნულიც არ შესწავლილა, ფულადი სახსრების ანალიზი რომ გაკეთებულიყო გამოავლენდა, რომ კომპანიას ვალდებულება ქონდა დამფუძნებლის მიმართ და აუდიტორს, ზედმეტად გამოვლენილი თანხა არა ხელფასად, არამედ ვალის დაბრუნებად უნდა ჩაეთვალა, მაგრამ აღნიშნულზეც არ უმსჯელია, არ განუხილია თუმცა, ცხრილი წარდგენილი ქონდა, მოგება კომპანიას დივიდენდად შეეძლო გაეტანა და ამ ნაწილში დარიცხული თანხა 13 000 ლარით მცირდებოდა.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დამატებით რაც იქნა წარდგენილი მომჩივნის მიერ, ერთ-ერთი იყო დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის ცხრილი. დოკუმენტური რეალიზაცია მთლიანი რეალიზაციის 1%-ს შეადგენდა, აღნიშნული შემოწმების პროცესშიც იყო ცნობილი და ვინაიდან იყო მცირე და არაარსებითი, შემოწმების პროცესშიც არ მოხდა წარდგენილის გათვალისწინება. აღნიშნულის გარდა დამატებით, გადაანგარიშების პროცესში, არ წარდგენილა და ამდენად, წარდგენილის გათვალისწინება არ მოხდა. რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას, მის მიერ წარდგენილი კომპანიების ფასნამატის გავრცელების თაობაზე, ვერ დაეთანხმება, შემოწმებით, იმავე ტერიტორიაზე აუდირებული ფასნამატია გათვალისწინებული (აუდირებული ფასნამატების საშუალო). რაც შეეხება მის მიერ წარდგენილ კომპანიებზე ინფორმაციების განუხილველობის და მათი ფასნამატის გათვალისწინების თაობაზე არგუმენტს (ვინაიდან იმავე ბაზრობის ტერიტორიაზეა ახორციელებს საქმიანობას და დაბალია, ვიდრე აუდირებულის), რომელ კომპანიებზეც მიეწოდა ინფორმაცია განიხილა, ერთი იყო სიგარეტებით, ხოლო მეორე ქიმიური საშუალებებით ვაჭრობა, შეადარა და იგივე ფასნამატია რაც შემოწმებითაა გამოყენებული.

საბჭო აღნიშნავს, რომ საბჭოს 23.09.2022 წლის №17431/2/2022 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დაფიქსირებული გარემოებების, მხარეთა არგუმენტაციების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, რაც როგორც მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციით ირკვევა სათანადოდ არ არის აღსრულებული.

ამდენად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის/პოზიციების დამატებით (მათ შორის სალაროს ნაშთის და ზედმეტად გამოვლენილი თანხის დივიდენდად კვალიფიკაციის საკითხის) შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის/პოზიციების დამატებით (მათ შორის სალაროს ნაშთის და ზედმეტად გამოვლენილი თანხის დივიდენდად კვალიფიკაციის საკითხის) შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 23.09.2022 წლის №17431/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადასახადის გადამხდელს შეძენები უფიქსირდება მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე. როგორც საგადასახადო შემოწმების პროცესში გაირკვა, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა და არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უწყვეტ აღრიცხვას. გადასახადის გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით.

გადასახადის გადამხდელის პირველად დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დადგინდა ფულადი სახსრების ნაშთი. შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის თანახმად.

 

გადაწყვეტილება

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის/პოზიციების დამატებით (მათ შორის სალაროს ნაშთის და ზედმეტად გამოვლენილი თანხის დივიდენდად კვალიფიკაციის საკითხის) შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304