გადაწყვეტილება №26501/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
24 თებერვალი 2026
№26501/2/2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---" (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.02.2026 და 13.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 20.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26501/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 სექტემბრის №20453 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.11.2025 წლის №007-290 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.12.2025 წლის №27848 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 119 540,34 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 62 558,00
დღგ - 15 788,00
საშემოსავლო გადასახადი - 46 770,00
ჯარიმა - 29 153,00
საურავი - 27 829,34
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში ექსელის ფორმატში წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მასალები არასრულყოფილია, კერძოდ, არ არის აღრიცხული თითოეული საქონლის ჩამოწერა, ბუღალტრული აღრიცხვა არ არის წარმოებული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად და არ არის დაცული საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები. შედეგად, გადასახადის გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. რადგან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის გამოწერილი არსებითი რაოდენობის საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრებოდა ფასნამატი, გამოყენებული იქნა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი, რაც გავრცელდა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი პროდუქციის თვითღირებულებაზე. მიღებული შემოსავლები განაწილდა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დეკლარირებულის პროპორციულად და დაიბეგრა დღგ-ით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი ახსნა-განმარტების, ცნობების, საბანკო ამონაწერის შესწავლის და შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის ანალიზის, აგრეთვე არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგად დადგინდა განკარგვადი თანხების ნაშთი, რაც დაკვალიფიცირდა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად უძრავი ნაშთის შესაბამის პერიოდებში და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №007-313 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.04.2025 წლის №6174 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 18.12.2025 წლის №25075/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 1.04.2025 წლის №6174 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 23 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შპს „---ს“ არ შეუმცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 28 ივლისის №007-184 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 ივლისის №007-184 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.09.2025 წლის №20453 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული საქონლის თვითღირებულების დადგენის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ, ურთიერთდამოკიდებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, ურთიერთშედარების აქტები და სხვა;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 18.09.2025 წლის №20453 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 20.10.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილი იქნა დამატებით გაშიფრული ინფორმაცია უახლოესი შეძენა/რეალიზაციის მითითებით. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 სექტემბრის №20453 ბრძანების აღსრულების მიზნით, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნულზე დაყრდნობით განხორციელდა შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, კერძოდ, გაიზარდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული პროდუქციის თვითღირებულება, რის შედეგადაც შემცირდა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ბრუნვები და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხების ნაშთები. შესაბამისად, გადაანგარიშების შედეგად შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით 3 დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 174 677 ლარით, მათ შორის, გადასახადი 116 228 ლარი და ჯარიმა 58 449 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 4.11.2025 წლის №007-290 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აუდიტის დეპარტამენტის 4.11.2025 წლის №007-290 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.12.2025 წლის №27848 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნულზე დაყრდნობით განხორციელდა შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. კერძოდ, გაიზარდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული პროდუქციის თვითღირებულება, რის შედეგადაც შემცირდა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ბრუნვები და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხების ნაშთები. შესაბამისად, გადაანგარიშებით შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურში გასაჩივრდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შედეგების გადაანგარიშების თაობაზე - შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 დეკემბრის №27848 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურში გასაჩივრდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, სადაც, მომჩივანი არ ეთანხმებოდა სალაროში არსებული ნაშთის დაბეგვრის პრინციპს, კერძოდ აუდიტორი სალაროს ნაშთებს ბეგრავს არა პერიოდის ბოლოს, როდესაც რეალურად აღმოაჩინა სალაროში თანხის დანაკლისი, რასაც ითვალისწინებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ დანართი №9-ის მე-10 მუხლი. არამედ, თავისი შეხედულებისამებრ გარკვეული პერიოდებზე, როდესაც ივარაუდა, რომ სალაროში კომპანიას თანხები არ ექნებოდა, რამაც გამოიწვია დარიცხული თანხების გაზრდა საურავების ხარჯზე. მითუმეტეს, რომ შემმოწმებლის მიერ დარიცხულ თარიღებში კომპანიას ყოველთვის ჰქონდა თანხები ანგარიშზე ან/და სალაროში. ასევე კომპანიას ჰყავს დებიტორები, რომლებთანაც შედარების აქტები კომპანიის მიერ არ არის წარმოდგენილი. კომპანიის მიერ თანხების განკარგვა შემმოწმებელს შეუძლია განსაზღვროს არა ვარაუდების, არამედ კონკრეტული ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში. შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში მოხდეს დარიცხვის პერიოდის ცვლილება და დარიცხვა განხორციელდეს უშუალოდ შემოწმების პერიოდის ბოლოს, რასაც ითვალისწინებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ დანართი №9-ის მე-10 მუხლი. ამასთან ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა წარმოადგინოს შედარების აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 18.09.2025 წლის №20453 ბრძანებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული საქონლის თვითღირებულების დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. ურთიერთდამოკიდებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, ურთიერთშედარების აქტები და სხვა). თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 18.09.2025 წლის №20453 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 20.10.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილი იქნა დამატებით გაშიფრული ინფორმაცია უახლოესი შეძენა/რეალიზაციის მითითებით. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 სექტემბრის №20453 ბრძანების აღსრულების მიზნით, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნულზე დაყრდნობით განხორციელდა შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, კერძოდ, გაიზარდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული პროდუქციის თვითღირებულება, რის შედეგადაც შემცირდა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ბრუნვები და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხების ნაშთები. შესაბამისად, გადაანგარიშების შედეგად შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 174 677 ლარით, მათ შორის, გადასახადი 116 228 ლარი და ჯარიმა 58 449 ლარი. მომჩივანმა, როგორც წარმოდგენილ საჩივარში, ასევე საბჭოს სხდომაზე (5.02.2026 წელი) აღნიშნა, რომ არ ეთანხმებოდა სალაროში არსებული ნაშთის დაბეგვრის პრინციპს, კერძოდ აუდიტორი სალაროს ნაშთებს ბეგრავს არა პერიოდის ბოლოს, როდესაც რეალურად აღმოაჩინა სალაროში თანხის დანაკლისი, რასაც ითვალისწინებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ დანართი №9-ის მე-10 მუხლი. არამედ, თავისი შეხედულებისამებრ გარკვეული პერიოდებზე, როდესაც ივარაუდა, რომ სალაროში კომპანიას თანხები არ ექნებოდა, რამაც გამოიწვია დარიცხული თანხების გაზრდა საურავების ხარჯზე. მითუმეტეს, რომ შემმოწმებლის მიერ დარიცხულ თარიღებში კომპანიას ყოველთვის ჰქონდა თანხები ანგარიშზე ან/და სალაროში. ასევე კომპანიას ჰყავს დებიტორები, რომლებთანაც შედარების აქტები კომპანიის მიერ არ არის წარმოდგენილი. კომპანიის მიერ თანხების განკარგვა შემმოწმებელს შეუძლია განსაზღვროს არა ვარაუდების, არამედ კონკრეტული ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში. შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში მოხდეს დარიცხვის პერიოდის ცვლილება და დარიცხვა განხორციელდეს უშუალოდ შემოწმების პერიოდის ბოლოს, რასაც ითვალისწინებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ დანართი №9-ის მე-10 მუხლი.
„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 9) „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მე-10 მუხლის მიხედვით მოქმედი რედაქციით, არაგონივრული ნაშთის შემდგომი კვალიფიკაცია და დაბეგვრა ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, აღნიშნული თანხა კვალიფიცირდება როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 9) „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მე-10 მუხლზე, იზიარებს მომჩივნის პოზიციას და მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს არაგონივრული ნაშთის მიმართ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.12.2025 წლის №27848 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, საწარმოს არაგონივრული ნაშთის მიმართ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 18 სექტემბრის №20453 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის N20453 ბრძანების აღსრულების მიზნით, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნულზე დაყრდნობით განხორციელდა შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, კერძოდ, გაიზარდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული პროდუქციის თვითღირებულება, რის შედეგადაც შემცირდა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ბრუნვები და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხების ნაშთები. შესაბამისად, გადაანგარიშების შედეგად შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 174 677 ლარით, მათ შორის, გადასახადი 116 228 ლარი და ჯარიმა 58 449 ლარი.
გადაწყვეტილება:
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, საწარმოს არაგონივრული ნაშთის მიმართ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,ბ).